logo_geo
ფესტივალ „Art-გენის“ რეგიონული ტურნე იმერეთში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გრძელდება
- +

27 ივნისი. 2018. 11:01

 

ფესტივალი „Art-გენი 2018“ დასავლეთ საქართველოში მოგზაურობას აგრძელებს. რეგიონული ტურნეს ფარგლებში ფესტივალი ამჯერად უკვე იმერეთს ესტუმრება.

 

„Art-გენი“ 17:00 საათიდან წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სახლ-მუზეუმში საინტერესო გამოფენებით გაიხსნება. მოეწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ  და ლელო-ბურთის თამაში. ასევე გაიმართება ფოლკლორული კონცერტი რეგიონული ანსამბლების მონაწილეობით. დღის ბოლოს კი დასკვნით კონცერტს ჯგუფი „Reggaeon“ გამართავს.

 

„Art-გენი 2018“-მა სტარტი 21 ივნისს მაღალმთიანი აჭარიდან აიღო. 24 ივნისს კი გურიას სტუმრობდა. ფესტივალი წელს საქართველოს 4 რეგიონში 9 დღის განმავლობაში იმოგზაურებს. რეგიონული ტურნე 29 ივნისს ლეჩხუმში, ცაგერის მწვანე ამფითეატრში დასრულდება.

 

„Art-გენი 2018“-ის თბილისის ტური 8-15 ივლისს ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება. 8 ივლისს თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ გახსნის. 15 ივლისს კი ნიაზ დიასამიძის და „33-ა“-ს კონცერტით დაიხურება. წელს პირველად „Art-გენზე“ ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. „Art-გენის“ მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების“, რობი კუხიანიძის, ჯგუფ „ფრანის“ და ჯგუფ „ReGGaeon“-ს კონცერტები. ასევე უკვე მეორედ „Art-გენის“ სცენა დაეთმობა ჯგუფ „Asea Sool“-ს.

 

15 წლის მანძილზე ფესტივალმა „Art-გენმა“ არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს.

 

ამ დროის განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით „Art-გენს“ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობაში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

 

 

 

 

                                                      პროგრამა

27 ივნისი - იმერეთი, წყალტუბო, სოფ. ჩუნეში - ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი.

 ✔️17:00 საათიდან - ხალხური რეწვის გამოფენები

➡️ქართული საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნების“ საჩვენებელი წარმოდგენა  ➡️ფოლკლორი - რეგიონული ანსამბლები

 დასკვნითი კონცერტი: ჯგუფი „REGGAEON”

 

 

big_banner
არქივი