logo_geo
ნატო ვაჩნაძის ძეგლი 14 იანვარს გაიხსნება
- +

9 იანვარი. 2017. 01:06



ქართული კინოს მშვენებად და ქართველი ქალის სილამაზის ეტალონად აღიარებული, ნატო ვაჩნაძის ძეგლი თბილისში, 14 იანვარს, ძველით-ახალი წლისთვის გაიხსნება.


ლეგენდარული ქართველი მსახიობისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივით დედაქალაქის მერიას, ნატო ვაჩნაძის შვილებმა ელდარ და გიორგი შენგელაიებმა მიმართეს. ძეგლის ავტორია მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე.


როგორც „სითი კვირას" ელდარ შენგელაიამ განუცხადა, ბრინჯაოში ჩამოსხმული ნატო ვაჩნაძის ქანდაკება, აღმაშენებლის გამზირზე ძველი კინოსტუდიის შენობის წინ უკვე დამონტაჟებულია. ადგილიც საგანგებოდ შეირჩა.

 

„მთელი თავისი ცხოვრება, პირველი ფილმიდან დაწყებული, ამ ქუჩაზე არსებული კინოსტუდიის ტერიტორიაზე აქვს გატარებული",- განაცხადა ელდარ შენგელაიამ.


​ძეგლის დადგმა თბილისის მერიამ 68 145 ლარით დააფინანსა.




როგორც "სითი კვირას" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ნატო ვაჩნაძის ძეგლის შექმნასთან დაკავშირებით http://tbilisi.gov.ge -ზე კონკურსი გამოცხადდა, სადაც 5 ნამუშევარი იყო წარდგენილი. ძეგლებისა და „მემორიალების საუკეთესო ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის წინადადებების შერჩევის კომისიამ" საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია. ნამუშევრების შერჩევის პროცესში ნატო ვაჩნაძის ოჯახის წევრებიც იყვნენ ჩართულნი. ძეგლი შეთანხმდა კულტურის სამინისტროსთან.


პირველი ქართველი კინომსახიობი, რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალზე, ვენეციის „ბიენალეზე" მოხვდა და მთელი თავისი მშვენებით წარსდგა, ლეგენდარული ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს, ვარშავაში დაიბადა. მის ძარღვებში დედის მხრიდან რუსული, პოლონური და იტალიური სისხლი ჩქეფდა. ნატოს მამა, გიორგი ანდრონიკაშვილი, რუსი ხელმწიფის სამსახურში მყოფი ოფიცერი იყო, რომელიც პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნებული ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. ამის შემდეგ ნატოს დედა, თავისი ოთხი შვილით საცხოვრებლად კახეთში გადავიდა, სადაც მსახიობი, ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მერაბ ვაჩნაძეს გაჰყვა ცოლად. ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ნატოს მერაბ ვაჩნაძისგან შვილი, თენგიზ ვაჩნაძე დარჩა. იგი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ საბედისწერო რეისზე, რომელმაც ნატო ვაჩნაძის სიცოცხლე შეიწირა, დედას ბილეთი მან აუღო:


„მე და ელდარი მოსკოვში ვსწავლობდით. დედა ჩამოვიდა, რომ მეუღლე მურმანსკში გაეცილებინა. თბილისში დაბრუნებას 15 ივლისისთვის აპირებდა, მაგრამ დარეკეს და სთხოვეს, საკუთარ დაბადების დღეს, 14 ივნისს, თბილისში ყოფილიყო. ბილეთის გადასაცვლელად დედამ მე გამგზავნა".

 

 

 

 

ნატო ვაჩნაძის საბედისწერო რეისამდე იყო დიდი სიყვარული და წარმატება კინოში. 19 წლის ნატო ვაჩნაძე პირველად ფილმ „მამის მკვლელში" გადაიღეს. შემდეგ იყო „არსენა ყაჩაღი", "სამი სიცოცხლე", "ვინ არის დამნაშავე?", "კრაზანა", "ნათელა", "გიული", "უკანასკნელი ჰვაროსნები", "აკაკის აკვანი", "ქაჯანა" და სხვა.


რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასთან ქორწინებაში ნატო ვაჩნაძემ  20 წელზე მეტი გაატარა. 1943 წელს, თბილისისკენ მომავალ რეჟისორსგულმა მანქანის საჭესთან უმტყუნა.


მეუღლის გარდაცვალებით მიღებული სტრესის გამო, მსახიობი კინოს დიდი ხნით ჩამოსცილდა და მთელი დრო შვილებს მიუძღვნა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მსახიობი კვლავ გამოჩნდა ეკრანზე და კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმ „აკაკის აკვანში", აკაკის ძიძის როლი შეასრულა.


ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, 49 წლის ასაკში, თავის დაბადების დღეს, ტრაგიკულად დაიღუპა. თვითმფრინავმა, რომლითაც მსახიობი სამშობლოში ბრუნდებოდა, კატასტროფა ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს განიცადა და მსახიობთან ერთად, ცამეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

მსახიობის ფერფლი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი