logo_geo
საკობიანოში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

24 აგვისტო. 2018. 17:20

 

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკობიანოში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვლის სააგენტო ავრცელებს.

 

„ეკლესია დარბაზულია (6,7×5,1 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი აღდგენის შედეგად გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. შეისრულთაღიანი და გარეთკენ შევიწროვებული ერთი სარკმელი ჩრდილოეთის კედელშია გაჭრილი, მეორე კი აღმოსავლეთის კედელში. ნალს მიახლოებული ღრმა აბსიდი მხრებითაა გამოყოფილი, ღერძზე გაჭრილი სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია, რომლებიც სწორკუთხა სამალავებთანაა დაკავშირებული. სარკმლის ძირში აგურის ტრაპეზია ამოყვანილი. აბსიდის კონქი შეისრულ თაღს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედელში შეისრული ღრმა შეღრმავებაა გაკეთებული, რომლის ჩრდილოეთ კედელში სამალავი იყო გაკეთებული (ამჟამად კვალი წაშლილია). ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ჩრდილოეთი კედლის აღმ. ნაწილში, საკურთხეველთან, მიდგმული იყო აგურით ნაშენი ემბაზი (ამჟამად აღარაა).ძველ ტაძარს აღმოსავლეთის კედელზე სარკმლის ზემოთ აგურით ორნამენტი იყო გამოყვანილი (ამჟამად აღარ იკითხება).ეკლესია აღდგენილია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. აღდგენის დროს ნახმარია ცემენტის ხსნარი, აღმოსავლეთ ფასადზე ორნამენტი მოშლილია, ინტერიერში ემბაზი აღებულია, დასავლეთი კედლის ჩრდ. ნაწილში გაკეთებული სამალავი აღარ იკითხება, იატაკად აგურია დაგებული, გაკეთებულია კანკელი. მთლიანად კედლები და კანკელი შელესილი და შეღებილია თეთრად“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი