logo_geo
დუისის საყდრისთავის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

25 აგვისტო. 2018. 14:45

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. დუისში მდებარე, გვიან შუა საუკუნეების დუისის საყდრისთავის ეკლესიას , 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 

„ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას ჩრდილოეთის და სამხრეთის შემდგომდროინდელი მინაშენებით. ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვიშაქვით, რიყისა და შირიმის ქვით დუღაბზე. კუთხეებში და არქიტექტურული დეტალებისთვის გამოყენებულია შირიმი. ცენტრალური ეკლესია აზიდული პროპორციებისაა (7.5×5 მ), შესასვლელი ქონია ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. კართა ფორმაზე ლიტერატურაში მითითებულია რომ ნაოთხალიანი იყო და სწორკუთხა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ღერძზე გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდა მხრებითაა გამოყოფილი და სრულება კონქით, რომელიც მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვეშ ქვით ტრაპეზია ამოყვანილი. სამხრეთის მინაშენი ძირითად ტაძარზე ვიწრო და დასავლეთისკენ წაგრძელებულია. შესასვლელი სამხრეთიდან ქონია (ამჟამად აღარ იკითხება). აღმოსავლეთით დასრულებულია უმხრებო, ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ღერძზე დაბალი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. გადახურული ყოფილა კამარით. ჩრდილოეთის მინაშენი ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს. შესასვლელი ჩრდილოეთიდან ქონია. აღმოსავლეთით არასრული აბსიდია, რომელიც ჩრდილოეთის კედლიდან მხრითაა გამოყოფილი, სამხრეთით კი მთავარ ეკლესიას მართობულად ერთვის. აბსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მინაშენის კამარის საყრდენად ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე თაროსებრი შვერილია გამოყენებული. გადახურული ყოფილა ცალფერდა სახურავით, რომელიც მოგვიანებით აუწევიათ და მთავარი ეკლესიის გადახურვის გაგრძელებად უქცევიათ. ეკლესია მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. აბსიდაში იკითხება წმინდანთა სილუეტები. მოხატულობა ფერების მიხედვით გვიანი შუა საუკუნეების უნდა იყოს.

 

შემორჩენილია: ცენტრალური ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი კონქით და დასავლეთი კედელი. სამხრეთი და ჩრდილოეთის კედლები მხოლოდ ქვედა წყობითაა მოღწეული. ინტერიერი ამოვსებულია ნაშალი მასით. კედლები გარღვეულია. შელესილობა და მოხატულობა ფრაგმენტული. სამხრეთის მინაშენის მხოლოდ აბსიდა და კონქის ნაწილი. დანარჩენი კედლები მხოლოდ ქვედა წყობითაა მოღწეული. ამოვსებულია ნაშალი მასით. ჩრდილოეთის მინაშენის აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი კამარით. დასავლეთი ნაწილი დაფარულია ნაშალი ფენით.

 

ეკლესიას აქვს ძეგლისთვის მახასიათებელი შემდეგი ნიშნები: არქიტექტურული ფორმა, სარკმელთა და კართა მოყვანილობა, მხატვრობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი