logo_geo
ახმეტის სოფელ მაღრაანში მდებარე ხოკერაანთ ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

9 სექტემბერი. 2018. 16:35

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღრაანში მდებარე XV-XVI საუკუნის სასახლე - ხოკერაანთ ნასახლარს, 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 

„სასახლე ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე, კარ-სარკმელთა თაღების გამოსაყვანად გამოყენებულია აგური. ორსართულიანია, გამართულია დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე. შედგება ერთ ხაზზე განლაგებული სამი სხვადასხვა ზომის დარბაზის (ყველაზე დიდია აღმოსავლეთის, ყველაზე პატარა შუა დარბაზი), მცირე საკუჭნაოსა და მინაშენისგან. ჩრდილოეთიდან შემჯდარია მიწის ფერდში. წინა ფასადი სამხრეთით აქვს. სამივე დარბაზი ერთმანეთთან შიდა გასასვლელითაა დაკავშირებული. ამავე დროს, განაპირა დარბაზებს საკუთარი შესასვლელებიც აქვთ: დასავლეთის დარბაზს სამხრეთ და დასავლეთ კედელში, ხოლო აღმოსავლეთის დარბაზს - სამხრეთის კედელში. კარი ყველა ერთნაირია: გარედან თაღოვანი, ინტერიერიდან ხის ძელით დასრულებული. თაღები ქვითაა გადაყვანილი. მხოლოდ აღმოსავლეთ დარბაზის სამხრეთის კარია აგურით შეისრული და ამავე დროს თაღის ფეხიდან ზედა ნაწილამდე ჩასმულია დადაბლებულ არეში, რომელიც ხერხულა ფრიზით სრულდება. კარის ასეთი გადაწყვეტა და სხვა კარებისგან გამორჩევა გადაკეთების დროინდელი იყოს (მაშინ როცა, სწორედ ამ დარბაზს წინ მინაშენი გაუკეთეს). სამივე დარბაზის პირველი სართული მხოლოდ კარებითაა გახსნილი. კედლებში სწორკუთხა ან პირამიდული დაბოლოების ნიშებია გამართული. დასავლეთის დარბაზის ჩრდილოეთ კედელში თაროვანი გასასვლელის ნაშთია შემორჩენილი. აქედან ამ ოთახზე ჩრდილოეთიდან გაკეთებულ საკუჭნაოში უნდა გასულიყვნენ. დარბაზების მეორე სართული მაღალი თაღოვანი სარკმლებითაა განათებული. თითოეულ ოთახში სამხრეთის მხარეს სამ-სამი, ხოლო განაპირა დარბაზების აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში ორ-ორი სარკმელია. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების იყო.

 

აღმოსავლეთის დარბაზს სამხრეთიდან შემდგომ პერიოდში გაკეთებული მინაშენი აქვს. მინაშენს დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში თაღოვანი შესასვლელი აქვს, სამხრეთის მხარეს კი სამი ფართო თაღოვანი სარკმელი ჰქონია. ამ მინაშენის დასავლეთ კედელზე გარედან ვიწრო, საფეხუროვანი მინაშენია. ალბათ ის მეორე სართულზე ამავალი კიბე უნდა ყოფილიყო.

 

სასახლე ერთ-ერთი დიდი საერო ნაგებობაა, რომელიც ისტორიას შედარებით უკეთ შემორჩა საქართველოში. ის ამ მხარის ფეოდალის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, რომელიც დაკავშირებული იყო მისგან 100 მეტრში მდგარ ღვთაების საეკლესიო კომპლექსთან“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი