logo_geo
„საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ – პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა
- +

13 ნოემბერი. 2018. 14:41

 

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნულმა არქივმა სტუდენტური სამეცნიერო პროექტის – „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ – მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა.

 

პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხის კვლევა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ, მომავალში კვლევის სფეროდ გაიხადონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში, რაც მათ დაეხმარება, ყველაზე ძვირფასი და საჭირო მასალა  – საარქივო პირველწყარო – საკუთარ ნაშრომებში გამოიყენონ.

 

კონკურსის მიზანია, სტუდენტებმა ისწავლონ: წყაროების მოძიება და დამუშავება; დოკუმენტების დედნებთან მუშაობა; მოძიებული და დამუშავებული მასალის მიხედვით საკვლევი თემის აწყობა; საკვლევი თემატიკის ანალიზი და დასკვნების გაკეთება.

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მოქმედ სტუდენტებს. მათ 2018 წლის 12 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს: კვლევის თემატიკა და მისი მნიშვნელობა, მასზე მუშაობის საჭიროება თუ აუცილებლობა; აპლიკანტის მიერ დაწერილი სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე.

 

პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩევა სამი კანდიდატი. ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში ისინი 2019 წლის 15 იანვარიდან 15 მარტამდე იმუშავებენ.

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული არქივის სტუდენტური სამეცნიერო პროექტი პირველად 2018 წლის დასაწყისში განხორციელდა. მასში მონაწილე სტუდენტების ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/2017-2018.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://archives.gov.ge/ge/2018-2019.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი