გაზაფხულზე „Black Sea Arena“-ზე, სავარაუდოდ, მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. მას საქართველოში „ბრავო რექორდსი“ და „ალტერ ვიჟენი“ ჩამოიყვანენ, რომლებიც მუსიკოსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
არსებული ინფორმაციით, მომღერალი საქართველოში „Check in Georgia“-ს ფარგლებში ჩამოვა.
ეკონომიკის სამინისტროში imedinews-ს მომღერალთან მოლაპარაკებების წარმოება დაუდასტურეს, თუმცა, აცხადებენ რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასულ წელს Facebook-ზე გამოკითხვა ჩაატარა „რომელი ვარსკვლავის კონცერტს დაესწრებოდით „Black Sea Arena“-ზე?“ მოქალაქეებს ხმის მიცემა შეეძლოთ შემდეგი შემსრულებლებისთვის: მერაია ქერი, უილ სმითი, „Earth“, „Wind and Fire“, შადე, კაილი მინოუგი, სტინგი, „Depeche Mode“, „მობი“, ლაიონელ რიჩი, „ბლექ აიდ ფისი“, „ფროდიჯი“, „50 Cent“ და ჯესი ჯეი.