logo_geo
ვენის „ალბერტინას“ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები 400 ათასზე მეტმა ვიზიტორმა ნახა
- +

1 თებერვალი. 2019. 14:27

 

„ვენის „ალბერტინას“ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები 400 ათასზე მეტმა ვიზიტორმა ნახა“, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს „ალბერტინას“ მუზეუმმა მიაწოდა.

 

როგორც პირველ არხს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ვერულაშვილმა განუცხადა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე წარმოდგენილი იყო ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“ პარიზის ზდანევიჩის ფონდიდან. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა – „ფიროსმანის პორტრეტი“.

 

ვენაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს მიეძღვნა. პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, სახელწოდებით „ფიროსმანის მაგიდა“ (Table Of Pirosmani), რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნებოდა.

 

ფიროსმანის ტილოების ექსპოზიციას „ალბერტინას“ მუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე მასპინძლობდა.

 

ამასთან, როგორც პირველ არხს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განუცხადა, ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს პირველად ვენის „ალბერტინას“ მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი