logo_geo
მარნეულის მუნიციპალიტეტში არქეოლოგებმა სამარხი აღმოაჩინეს
- +

23 თებერვალი. 2019. 13:23

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, ადგილობრივი მოსახლის მახრიზა ნაბიევას კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას, ადრე შუა საუკუნეების ქვაყუთი აღმოაჩინეს.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებისა და შესწავლის საფუძველზე ახლად აღმოჩენილი ობიექტი, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიურ სამარხს წარმოადგენს და ის თანამედროვე მიწის ზედაპირიდან 92 სმ-ის სიღრმეშია განთავსებული.

 

სამარხში აღმოჩენილია ქრისტიანული წესით, გულაღმა ჩასვენებული ორი ზრდასრული ადამიანის ძვლები. თავისა და მენჯის ძვლის მიხედვით, სავარაუდოდ სამარხის სამხრეთ ნაწილში მამაკაცია დასვენებული, ხოლო ჩრდილოეთით კი ქალის ნეშტია. სამარხში აღმოჩენილია კიდევ ორი მიცვალებული, რომელთა ძვლები სამარხის ბოლოსკენაა მოთავსებული. მათგან ერთი, სავარაუდოდ, მოზარდი ადამიანის ძვლოვანი მასალის ნაშთებია. მეოთხე მიცვალებულის ძვლების ნაშთები კი  ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის და ის  სამარხის აღმოსავლეთ კუთხეში ესვენა.

 

სამარხში დროთა განმავლობაში ჩამდინარე გრუნტის წყლის გამო ძვლოვანი მასალა ცუდ მდგომარეობაშია.  გახსნის პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ სამარხის ფილები და კირხსნარი წყალს არ ატარებდა, ძვლოვანი მასალა სანახევროდ ჩაფლული იყო წყლის და ტალახის ნაზავში. საბოლოოდ, ძვლოვანი მასალა სამარხში დარჩა, მიწით ამოივსო და დაიხურა. სამარხი აბსოლუტურად უინვენტარო აღმოჩნდა.

 

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ტერიტორიის გულდასმით დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტრაქტორის მუშაობისას შემთხვევით განადგურდა კიდევ ერთი სამარხი (პირობითად სამარხი N2). ადგილზე ნაპოვნია სამარხის ქვები და მკვეთრად დაზიანებული ძვლოვანი ნაშთები.

 

სამარხის მიკვლევისას, მეპატრონემ მაშინვე შეწყვიტა სასოფლო- სამეურნეო სამუშაოები და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, ფაქტის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი