logo_geo
სახვითი ხელოვნების მუზეუმი „წუნა და წრუწუნას“ მხატვრის გამოფენას მასპინძლობს
- +

5 მარტი. 2019. 02:14

 

სახვითი ხელოვნების მუზეუმი ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღს - დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული, ასევე ანიმაციური ფილმებისთვის შექმნილი ნახატების სერიები.

 

ცნობილი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, ანიმაციური ფილმების მხატვარი და ილუსტრატორი ანა შალიკაშვილი 1919 წელს დაიბადა. მის ხელწერაზე გავლენა იქონია დავით კაკაბაძესთან და ვალერიან სიდამონ-ერისთავთან სწავლის პერიოდმა. 1950-იან წლებში ის მოგზაურობდა ქალი მხატვრების საექსპედიციო ჯგუფთან ერთად, რომელიც ელენე ახვლედიანმა დააარსა. მის ხელოვნებაში ეთნოგრაფიული მუხტი სწორედ ამ ექსპედიციების დროს მიღებული გამოცდილებიდან აისახა.

 

ანა შალიკაშვილმა კინოსტუდია „ქართულ ფილმში’’ მუშაობის პერიოდში, როგორც მხატვარ-მულტიპლიკატორმა შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნამუშევრები, როგორებიცაა „ქილა ერბო“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“ და სხვა ცნობილი ანიმაციური ფილმები.

 

მიხეილ ჭიაურელთან თანამშრომლობის პერიოდში მხატვარმა ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ანა შალიკაშვილის ეკუთვნის საბავშვო წიგნების ილუსტრაციები და ჟურნალ „პიონერისთვის“ დახატული შავ-თეთრი ნახატების სერია.

 

მხატვარი 2004 წელს გარდაიცვალა.

 

სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნება 5 მარტს 19:00 საათზე და 15 მარტამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი