logo_geo
აჭარულ ბორანოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

16 მარტი. 2019. 15:12

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება-განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული.

 

„მისი ისტორია საუკუნეების სიღრმეში იკარგება და კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება. მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება-განვითარება მესაქონლეობის წიაღში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის სახეობათა ნაირგვარობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, აჭარაში გვაქვს ბორანოს ძირითადი და რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.

 

ტრადიციული ფორმით, ბორანო – ესაა იაღში ჩალბობილი ყველი. ბორანო მაღალი კალორიულობით ხასიათდება და ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისეთი შრომა-საქმიანობის დროს, როგორიცაა: ჭალობა (ჭალის ცელვა), ყანობა (ყანის აღება), თივისა და შეშის მომარაგება, ნადირობა და ა.შ. ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები“, - ამბობენ სააგენტოში.

 

ბორანო აჭარაში სხვადასხვა სახელწოდებით დასტურდება. ცნობილია შემდეგი: ბორა, ბორაჲ, ბორაო, ბორანი, ბორანო, მოხრაკული. მათგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბორანი//ბორანო. თედო სახოკიასთან მას ბორა ეწოდება. ეს ტერმინი ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დღესაც შემონახულია. . იგი, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით მკვიდრ ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაში, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი