logo_geo
„მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი”… – ირაკლი ჩარკვიანის 11 საუკეთესო ციტატა
- +

21 ნოემბერი. 2016. 12:27



1961 წლის 19 ნოემბერი „მეფე" - ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მომღერალს 55 წელი შეუსრულდებოდა.


გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი 2006 წლის ავტორომანიდან „მშვიდი ცურვა".


„ეს წიგნი საერთოდ არ ჰგავს წიგნს, მაგრამ საოცრად მგავს მე", - ასე ახასიათებდა „მეფე" საკუთარ ნამუშევარს.


***

ირაკლი ჩარკვიანი - „მშვიდი ცურვა":


„ძნელია მოუყარო თავი იმას, რასაც საკუთარი მე დაარქვი".

 

„რა არ დააბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს, სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე, განვითარების ის საფეხური, რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს, სხეულის წონას, შენ თავისუფლდები".


„რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო ახლოს ხარ სიკვდილთან და თუ არ მოკვდი, შეძლებ დიდხანს იყო ბედნიერი, შეგიძლია დაწვე წყალზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურო, მყუდრო და უსასრულო სიღრმის სარკეს, რომელშიც შენამდე მილიონები იყურებოდნენ და შენს მერეც ჩაიხედებიან".


„რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო..."


„მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი".


„მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი".

 

„ყველაზე ძნელია, დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ჰქვია".


„დიდი მასწავლებლებიც კი, მეტწილად არშემდგარი გმირებია, ვინც შიშის გამო ვერცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვერ გადადგა თავისი უმწეო ცხოვრების მანძილზე. ისინი გაჩერდნენ და გადაწყვიტეს, გაყიდონ დამარცხებებით დაგროვილი გამოცდილება, რომლის ფასი ერთი გროშიც არ არის. მოსწავლის მიზანია რაც შეიძლება მალე მიხვდეს, რომ სწავლა უნდა შეწყვიტოს, თუ სურს ხალხს თავი დაამახსოვროს, რამე მაინც შეცვალოს, არა და იჯდები ღრმად მოხუცი ლოტოსის პოზაში".


„მე ყოველთვის აქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და დაგავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს".


„ჯერ ისევ ბნელა. საძინებელში სამარხის სუნია".


„დღესდღეობით კი ვაგრძელებ იმ სანუკვარი დღისათვის, როცა ბოლოს და ბოლოს ვაღიარებ საკუთარ თავთან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქნება წმინდა, ვით განთიადი და მშვიდი, ვით შემოდგომა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რომელიც მარადიულობას უდის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება, რომელიც არს ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა განსხივოსნება სრულად არ ასახავს იმ სისრულეს, რომელიც მხოლოდ წამით გვეხება ხოლმე ჩვენ, მოკვდავთ, და მერე გვტოვებს იმ შიზოფრენიულ მორევში ხორცისა და ვნების, განცდისა და ვარდნის, სიმდაბლისა და მონობის. ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია".

 

 











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი