logo_geo
ეროვნულ არქივში გამოფენა „ივანე დვალის ფოტომატიანე“ გაიხსნა
- +

6 მაისი. 2019. 17:46

 

 

ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოხელოვან ივანე დვალის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

 

ექსპოზიციაზე 1970-იან წლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაღებული 100-მდე ფოტოა წარმოდგენილი. ფოტომასალების ნეგატივები ეროვნული არქივშია დაცული და ისინი „საქინფორმის“ კოლექციის ნაწილია.

 

„საქინფორმი“ საბჭოთა პერიოდში ცნობილ პროფესიონალთა გაერთიანებას წარმოადგენდა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებაში.

 

ამიერკავკასიის სატელეფონო სააგენტო მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის ხელშეწყობით საქართველოში 1846 წელს დაარსდა. 1972 წლიდან, საქინფორმის ფოტოგანყოფილებამ შემოიკრიბა ყველა პროფესიონალი ფოტოგრაფი, შექმნა საუკეთესო არქივი.

 

ივანე დვალის ნამუშევრებში აისახა საბჭოთა საქართველოს სინამდვილე. იდეოლოგიური ვალდებულებების მიუხედავად, მან იმდროინდელ ცხოვრებასა და ყოფასთან, ყოველდღიურობის ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული მაღალმხატვრული და რეალისტური ფოტომემკვიდრეობა შექმნა.

 

წელს ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ალექსანდრე როინაშვილის პრიზს სწორედ ივანე დვალს მიაკუთვნებენ, „როგორც საქინფორმის ერთ-ერთ ბრწყინვალე ფოტოგრაფს, კონსტრუქტივისტული ფოტოგრაფიისა და ინდუსტრიული თემატიკის საუკეთესო ავტორს“.

 

ექსპოზიცია სახელწოდებით „ივანე დვალის ფოტომატიანე“ საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 10 მაისამდე დარჩება.

 

 

big_banner
არქივი