logo_geo
„ქართველები ბრწყინავდნენ“ - გერმანული მედია „ბერლინალეზე“
- +

20 თებერვალი. 2017. 22:59


 

,,ქართველები ბრწყინავდნენ" - აღტაცებულ სტატიას უძღვნის გაზეთი ,,ბერლინელ ცაიტუნგ"-ი 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალში ქართული ფილმების მონაწილეობას", - იუწყება რადიო „თბილისის" სპეციალური კორესპონდენტი ბერლინიდან.

 

,,პატრიარქები მღერიან"- ამ სათაურით ვრცელი წერილი სოლიდური გერმანული გამოცემის დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა.


გამოცემაში განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება ქართულ სიმღერაზე, რომელიც სტატიის ავტორის თქმით, ყველა ფილმშია და მას უმეტესად მამაკაცები ასრულებენ.


სიმღერას დიდი დატვირთვა აქვს, დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ჭიათურელი მაღაროელების მძიმე ხვედრზე მოგვითხრობს, მუშები მეგობრის ცოლს სიმღერით თხოვენ, არ დატოვოს ოჯახი.


„ქართველები საოცარი ხალხია, ისინი მღერიან როცა უხარიათ, მღერიან მაშინაც, როცა სტკივათ...ქართულმა ფილმებმა დაამშვენეს ,,ბერლინალე", - წერს გამოცემა.


ოქროს და ვერცხლის დათვები უკვე განაწილდა. ბერლინის 67-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენუედის ფილმმა ,,სხეული და სული" მიიღო.


ფილმი მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ხანშიშესული ადამიანების ურთიერთობაზეა, თანადგომის და თანაგრძნობის აუცილებლობაზე.


ფესტივალის დევიზიც ეს იყო -  შევცვალოთ, უფრო თბილი, მზიანი, ადამიანური გავხადოთ სამყარო.


ჟიურის დიდი პრიზი, ვერცხლის დათვი ჩილელი კინემატოგრაფისტების ნამუშევარს, ფილმ ,,ფელიჩიტე"-ს ერგო.


,,ბერლინალე-67"-ის საუკეთესო რეჟისორად ფინელი აკი კუროსმიაკი აღიარეს ფილმისთვის ,,იმედის მეორე მხარე".


ფესტივალი მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნიშნით გამოირჩეოდა-დედამიწა დამძიმდა, მსოფლიო უნდა შეიცვალოს.


ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სექციაში ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟისორების ფილმებიც რეზო გიგინეიშვილის ფილმის ,,მძევლები", ევროპული პრემიერა (ფილმი, ე.წ. ,,თვიმფრინავის ბიჭების" ისტორიაზეა). ნანა ექვთიმიშვილის ფილმი ,,ბედნიერი ოჯახი" ( ფილმი თანამედროვე ქალის მაგალითზე თაობათა შორის დამოკიდებულებას ასახავს). ორი დოკუმენტური ფილმი "მზის ქალაქი" და ანიმაცია "ლილე".


ბერლინალეს ისტორიის მანძილზე არაერთი ქართული ფილმი აჩვენეს, ერთ-ერთი მთავარი პრიზი ვერცხლის დათვი 1986 წელს გიორგი შენელაიას "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" ერგო, 1993 წელს კი იგივე პრიზი რეჟისორ თემურ ბაბლუანის ფილმს "უძინართა მზეს"გადასცეს.


"ბერლინალეზე" სხვადასხვა წლებში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის "გრძელი ნათელი ღამეები", თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლები " , გიორგი ოვაშვილის "გაღმა ნაპირი" და ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები" აჩვენეს.


ფესტივალი 9 თებერვალს დაიწყო და დღეს 19 თებერვალს დასრულდა.


წყარო www.heretifm.com

 

 

 

big_banner
არქივი