logo_geo
დავით აღმაშენებლის მონეტა საქართველოშია!
- +

13 სექტემბერი. 2019. 17:26

 

ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად წარმოგიდგენთ დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენას.

 

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ამ მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი - სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი - ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“.

 

გამოფენა იმართება საქართველოში „ბრიტანული სეზონის“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას 60-ზე მეტი ღონისძიებით. სეზონი ერთობლივად ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ. #UKGeorgia2019

 

აუდიტორია შეძლებს იხილოს დავით აღმაშენებლის მონეტა როგორც მუზეუმში, ასევე ინტერნეტ სივრცეში - სპეციალურად შექმნილ ახალ ციფრულ პლატფორმაზე: https://www.britishcouncil.ge/en/king-david.

 ვებგვერდზე გაეცნობით დავით აღმაშენებლის ეპოქას და იხილავთ მონეტას 3D ფორმატში.

 

გამოფენის პარალელურად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამებს, ლექციებსა და ვორქშოფების სერიას, რომლებიც დაკავშირებული იქნება დავით აღმაშენებლის მონეტებსა და მისი ეპოქის არტეფაქტებთან, ასევე, ბრიტანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან.

 

გამოფენის გახსნას დაესწრება ბრიტანეთის მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის მონეტების კურატორი პროფ. ვესტა კურტისი, რომელიც 16 სექტემბერს, 14:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წაიკითხავს ლექციას ძველი მონეტების საიდუმლოებების შესახებ. 

 

საქართველოში დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ავიახაზები.

 

„ბრიტანული სეზონი 2019“ დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ, სპონსორთა ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან „Georgia Capital“, „Bank of Georgia“, „BP Adjara Group“ და „Wissol“.

 

დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენას დამთვალიერებელი 17 სექტემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იხილავს!

 

 

 

big_banner
არქივი