logo_geo
ლელა წურწუმიას მზადება ახალი ტრიუმფისთვის
- +

15 სექტემბერი. 2019. 01:22

 

ეს სახელი და გვარი თანამედროვე ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, თანაც უკვე ბევრი წელია და შესაბამისად მომღერლის კარიერაც ეტაპობრივად მზარდი, სტაბილური და წარმატებული იყო ყოველთვის.

 

4 ოქტომბერს, საკუთარი 50 წლის იუბილეს ლელა სპორტის სასახლეში გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს, - ასაკს არც არასოდეს მალავდა და არც მომავალში აპირებს დამალოს... მარტივი მიზეზია: - არ ეტყობა და იმიტომ.

 

მორიგი სოლო-კონცერტის მზადების პროცესში ახალი კლიპის გადაღებაც მოაწრო, მისი დახურული ჩვენების ორგანიზებაც ჟურნალისტებისთვის და შთაბეჭდილებების ადგილზე მოსმენაც.

 

ნესტან სინჯიკაშვილის რეჟისორობით შექმნილი ვიდეო-რგოლი, პირველივე შეხედვით ეფექტს შავ-თეთრი ფერებით ახდენს, მითუმეტეს კლასიკური ფერები მომღერლის კარიერაში, იმიჯის თვალსაზრისით ყოველთვის ფიგურურებდა, ჯერ კიდევ მაშინ როცა ლელა წურწუმია საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ 2001 წლის ცერემონიალზე ულამაზესი შავი კაბით გამოჩნდა და პირველი რეკორდიც მაშინ მოხსნა (5 „მეგა“ ერთ დაჯილდოებაზე, მათ შორის ერთ-ერთი „ყველაზე გემოვნებიანი სასცენო იმიჯის მომღერლის“ ნომინაციაში).

 

ლილიკო ნემსაძის მუსიკაზე შექმნილი სიმღერა „ლელასეულია“... მელანქოლიური, სიყვარულზე, სასიამოვნო მოსასმენი, ცოტა ნოსტალგიური და ცოტაც რომანტიული, გადაღებები ზღვისპირეთში მიმდინარეობდა და შესაბამისად ზღვა, ლელას ვიზუალური იმიჯი და ნონ-სტოპში ჩავლილი ვიდეო-კადრები ჯამში კლიპს ყურებადად აქცევს.

 

პრეზენტაციას ქართული ჟურნალისტიკის ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც პოლიტიკით გაჟღენთილ რეალობაში, უკვე არაპრიორიტეტულ და არაპოპულარულ ქართულ ხელოვნებასა და კულტურაზე მუშაობდნენ, მათ შორის ძველი გვარდიის ჟურნალისტებსაც მოვკარით თვალი, - ლალი ფაცია, ავთო ჩიტიძე, ბესო ჩუბინიძე და სხვანი, რომელთათვისაც ლელას შემოქმედება, ხელის გულივით გადაშლილი იყო ბოლო 20 წელი მინიმუმ.

 

კლიპის ორჯერ დიდ ეკრანზე ჩვენება, - ცოცხლად, ბენდთთან ერთად შესრულებული სიმღერა, აზრების გაცვლა-გამოცვლა, განხილვა, მოფერება და ახალი გამარჯვებისთის, 4 ოქტომბერს „სპორტის სასახლეში“ ლელა წურწუმიას კონცერტისთვის ყველას ერთად მზადება, განსაკუთრებით კი - მამულიჩასთვის, რომელსაც არც არასოდეს უყვარდა მაინცდამაინც კამერების წინ პოზირება და არც ახლა გამოუჩენია თავი ამ მხრივ, სამაგიეროდ მისი საქმე, უკვე 4 ოქტომბერს დაფასდება ლელას მორიგ, სოლო-კონცერტზე, რომელსაც დარწმუნებულნი ვართ ტრადიციულად ათასობით ადამიანი დაესწრება.

 

ტელეკომპანია „ვარსკვლავები“ კი, მალე წარმოგიდგენთ ლელა წურწუმიას ექსკლუზივს ბესო ჩუბინიძის გადაცემაში „ორმაგი სახე“ - წერტილიდან წერტილამდე....

 

ბესო ჩუბინიძე

 

 

 

წყარო: http://www.stars.ge/

 

 

 

 

big_banner
არქივი