logo_geo
"თბილისობა 2020" მთლიანად გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება
- +

5 ოქტომბერი. 2019. 22:59

 

 

„თბილისობა 2019“-ის გალაკონცერტი დღეს, კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა და მისი რამდენიმე მელოდია შესრულდა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კონცერტის დაწყებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მომავალი წლის „თბილისობის“ დღეები მთლიანად კომპოზიტორის ხსოვნას მიეძღვნება.

ემოციურად რთულია, რადგან ჩვენ დღეს ბოლო გზაზე გავაცილეთ ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, ადამიანი, შემოქმედი, ჩვენი გია ყანჩელი. ძალიან მძიმეა, როცა ისმენ მის შემოქმედებას დღეს აქ და ის სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ არის", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისი გამორჩეული ქალაქია თავისი უნიკალური ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით და რაც მთავარია, სტუმართმოყვარე, თბილი ადამიანებით.

"ეს ქალაქი ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლის და სიცოცხლის ფასად, შრომითა და განათლებით, უკეთესი მომავლის იმედით, თავისუფლებისკენ სწრაფვის შეუჩერებელი სურვილით შემოგვინახეს. თბილისი თითოეული
ჩვენგანის ქალაქია. ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენი ვალია, შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ თაობებს უნიკალური ისტორიის მქონე, განვითარებული ქალაქი გადავცეთ, რითიც აუცილებლად იამაყებენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, თბილისი კიდევ უფრო მოწესრიგებული, გალამაზებული, განვითარებული, სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 84 წლის ასაკში, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი ბოლო პერიოდში, თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. კომპოზიტორი დღეს, 5 ოქტომბერს, მისი უკანასკნელი სურვილისა და ანდერძის შესაბამისად თბილისში, დიდუბის პანთეონში, დაკრძალეს.   

გია ყანჩელს საერთაშორისო აღიარება მოუტანა 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ - „ინ მემორია მიქელანჯელო“.

მას ეკუთვნის რეჟისორ რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“. გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

 

 

big_banner
არქივი