logo_geo
კახა კალაძე იუნესკო-ს გადაწყვეტილებაზე: ნამდვილად არ ველოდით, ეს შესაძლებლობა თუ მოგვეცემოდა
- +

8 ოქტომბერი. 2019. 23:29

 


თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს, თბილისი, ერთი წლის განმავლობაში იქნება მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსის მფლობელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში საქართველოს 2 მლნ-ზე მეტი ტურისტი ეწვევა და ქართულ კულტურად კიდევ უფრო კარგად გაიცნობს მსოფლიო.

 

იუნესკო-ს მიერ თბილისის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელებასთან დაკავშირებით, კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა და განაცხადა, რომ იუნესკო-ს ეს გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო, იმდენად მაღალი იყო კონკურენცია. 

 

"ნამდვილად არ ველოდით, ამის შესაძლებლობა თუ მოგვეცემოდა, იმდენად მაღალი იყო კონკურენცია და ისეთი ქვეყნები და ქალაქები მონაწილეობდნენ აპლიკაციის შევსებისას, გვქონდა მოსაზრება, რომ ეს რთული იქნებოდა. წავედით ამ რისკზე. მინდა ყველას მივულოცო, ჩვენს მწერლებს, პოეტებს, ჩვენი კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი ღონისძიების გამართვა თბილისში, ასევე ტურისტული თვალსაზრისით. ამსტერდამში, როდესაც ასეთი ღონისძიება გაიმართა, დაახლოებით 2 მლნ ტურისტი იყო ჩასული. ჩვენ გვექნება ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა, გვაქვს შანსი, რომ თბილისი კიდევ გავაცნოთ მსოფლიოს. არასდროს არ უნდა დანებდე", - განაცხადა კახა კალაძემ.



იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება მან მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში 2019 წლის ივნისში გაიმართა. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის...?“

 

პროგრამა ფოკუსირებულია ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. როგორც იუნესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ფართომასშტაბიან აქტივობას. პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშად გადასაქცევად და საქართველოს პირველი გამომცემლობის აღსადგენად.

 

ღონისძიებების მთავარი მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.


2021 წელს, მსოფლიო წიგნის დედაქალაქის ფარგლებში ღონისძიებები წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ანუ 23 აპრილს დაიწყება. ქალაქები, რომლებიც იუნესკო-ს მიერ მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელდება, საკუთარ თავზე იღებენ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას და მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებების ორგანიზებას.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს. 2001 წელს ეს წოდება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს ხვდა წილად. 2019 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი შარჯა დასახელდა, 2020 წლის კი – მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური.

 

 

big_banner
არქივი