logo_geo
თბილისის უძველეს სტამბაში დაბეჭდილი უნიკალური წიგნები პირველად გამოიფინა უცხოეთში
- +

10 ოქტომბერი. 2019. 20:15

 

საქართველო - რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ფოტო და წიგნების გამოფენა „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობის ამსახველი ფოტოები და ქართლის მეფის, ვახტანგ VI -ის დროინდელ თბილისის სტამბაში დაბეჭდილი 17 უნიკალური წიგნი.



ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ხსენებულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნების სრული კოლექცია საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოიფინა. ვახტანგ VI - ის სტამბა თბილისში, 1709 წელს დაარსდა და 1722 წლამდე მოქმედებდა.

 

გამოფენა რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებული. მიწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ლივიუ კონსტანტინესკუმ, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ და სხვა სტუმრებმა. გამომსვლელებმა ქართულ-რუმინული მეგობრული ურთიერთობების სამსაუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრეს.

 

თავის გამოსვლაში, სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა და გამოთქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში, ორი ქვეყნის ურთიერთობებმა სტრატეგიულ დონეს მიაღწიოს. 

 

როგორც "რეპორტიორს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, გამოფენის გახსნას ასამდე ვიზიტორი ესწრებოდა, მათ შორის, რუმინეთის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

გამოფენა ვიზიტორებისთვის ღია იქნება 24 ოქტომბრის ჩათვლით.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი