logo_geo
„შინდისის“ მორიგი აღიარება „ოსკარის“ წინ - დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს
- +

15 ნოემბერი. 2019. 15:32

 

„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებისთვის იბრძვიან.

 

„შინდისის“ შემოქმედებითი ჯგუფი „ოსკარზე“ მიემგზავრება.

 

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი 2008 წლის ომის შესახებ გვიამბობს. 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადის 20-ეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული. ბრძოლამ დაახლოებით 1 საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 22 მებრძოლიდან 17 ადგილზევე დაიღუპა.

 

შინდისის გმირებს შორის იყო მიშა დვალიშვილი. სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა ფილმი იდეის ავტორმა. ფილმი არა მხოლოდ ჯარისკაცების, სოფლის მაცხოვრებლების გმირობაზეც გვიამბობს. ისინი არ შეუშინდნენ რუსეთის არმიას, სოფელში დარჩნენ და თავგანწირვით იბრძოდნენ ჯარისკაცების გადასარჩენად.

 

27 დღეში გადაღებულ ფილმში თითოეული მათგანიც მოხვდა, ისევე როგორც  ქვეყნისთვის მებრძოლი 22 ჯარისკაცი.

 

ამჟამად „შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს-ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიაშია ჩართული.

 

ვულოცავთ ფილმის მთელ გადამღებ ჯგუფს მორიგ საერთაშორისო აღიარებას!

 

 

 

 

 

big_banner
არქივი