logo_geo
სტალინის ვაგონ-სალონს მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

13 იანვარი. 2020. 22:01

 

 

გორში, საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმში დაცულ მის პირად ვაგონ-სალონს, რომლითაც სტალინმა თეირანში, იალტასა და პოტსდამში იმოგზაურა, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ვაგონის ინტერიერს შეადგენს: ტამბური, დერეფანი, სამზარეულო რუსული ღუმელით, შემდეგ სამი ორ ადგილიანი კუპე, სააბაზანო ოთახი ტუალეტით, სტალინის კაბინეტ-საძინებელი და სალონი-სათათბირო. ვაგონის შიდა ხედი წითელი ხისგან არის მოპირკეთებული.

 

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, ვაგონი-სალონისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით, სააგენტოს სტალინის მუზეუმის დირექტორმა მიმართა.

 

2018 წელს, სტალინის მუზეუმი 160 000-ზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა. ყველაზე მეტი ვიზიტორი მუზეუმს ირანიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან ჰყავდა.

 

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს, გორში დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც ის მარქსისტული იდეების პროპაგანდისთვის გარიცხეს. ცენტრალური კომიტეტის მდივნად იოსებ ჯუღაშვილი 1922 წელს რამდენიმე გადასახლებისა და აქტიური ბოლშევიკური მოღვაწეობის შემდეგ აირჩიეს.

 

1935-38 წლებში სტალინის მიერ გატარებულ რეპრესიებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მის დამსახურებას მიაწერენ მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის არმიის დამარცხებას. მინიჭებული აქვს გენერალ სიმუსისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. ის მოსკოვში, კრემლის გალავათან არის დასაფლავებული.

 

 

big_banner
არქივი