logo_geo
რატომ დაწერა ნარდის მოყვარულმა იპოლიტე ხვიჩიამ ხელწერილი და რისი პირობა დადო მან
- +

24 იანვარი. 2020. 18:07

 

ბოლოხანს ჯანმრთელობა შერყეული  იპოლიტე ხვიჩია სახლიდან გასვლას ერიდებოდა. ბევრს კითხულობდა, წერდა მოგონებებს და, რაც მთავარია, თამაშობდა ნარდს. ვაი მისი ცოდვა, ვინც ხელში ჩაუვარდებოდა! მნიშვნელობა არ ჰქონდა, შინაური იყო თუ გარეული, კივილამდე იყო კენჭების ტკაცუნი. ბოლოს მაინც, რა დიდი მოთმინებაც უნდა ჰქონოდა მოწინააღმდეგეს, სახლში წასვლის დროც დაუდგებოდა. წასასვლელად წამომდგარი სტუმრის დანახვაზე ელდანაცემი იპოლიტე რას არ მოიმოქმედებდა, პარტნიორი რომ არ დაეკარგა.

 

ერთ-ერთი ასეთი მომთმენი და ნარდის დიდი მოყვარული გახლდათ ჟურნალისტი და პოეტი კირა კვეიძე, რომელთანაც იპოლიტე სულ ჩხუბობდა. ბოლოს ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ იპოლიტე გაკაპასებულ მოწინააღმდეგეს სახლში გააგდებდა. მეორე დღეს აწკრიალდებოდა ტელეფონი და წინა დღის თამაშის სატელეფონო გარჩევა იწყებოდა, საღამოს 9 საათზე კი ინიშნებოდა ახალი მატჩი.

 

ერთ-ერთი შეხლა-შემოხლის შედეგად შეიქმნა ასეთი ხელწერილი:

 

მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ, ძვირფასი პარტნიორების წინაშე დავიცვა (ნარდში) ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი:

 

  1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ (მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს).

 

  1. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: ჩათლახო, უპატრონო, კრეტინო, დეგენერატო, კიკა და ..

 

  1. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო ჩემს სასარგებლოდ სხვას პარტიის მითვისებაში.

 

  1. (მეოთხე მუხლის პირობა ხელწერილის სიძველის გამო განაკეცში არ იკითხება).

 

  1. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიით და არ დავამცირო წაგებული ნიჭიერი მოწინააღმდეგე.

 

  1. ვაღიარო ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირა და მარიკა ჭეშმარიტად დიდებული ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეები არიან და მათთან თამაში მგვრის სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი.

ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ, ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ.

რაზედაც ხელს ვაწერ, იპ.ხვიჩია 19.11.78 წელი

P.S. ახლა კი ვარ თანახმა, მარა თუ დავდექი ფეხზე, მოგიკითხავთ კარგებს! თქვენი იპო.

 

მასალა აღებულია „ფეისბუქის“ გვერდიდან - „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.“

 

 

 

big_banner
არქივი