logo_geo
ბელიავსკის სოლო კონცერტი თბილისის კონსერვატორიის როიალების განსაახლებლად
- +

14 თებერვალი. 2020. 01:17

 

 

28 თებერვალს, 19:00 საათზე  კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისელი მსმენელის წინაშე წარსდგება ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი, სერგეი ბელიავსკი. არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული მუსიკოსი თბილისში სოლო კონცერტით პირველად ჩამოდის. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის როიალების განახლებას.

 

კონცერტს წარმოადგენს "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი".

პროგრამაშია:

ლ. ვ. ბეთჰოვენი - სონატა ლა-ბემოლ მაჟორი, თხზ. 26

ს. პროკოფიევი - სონატა N6 ლა მაჟორი, თხზ. 82

ფ. შოპენი - სონატა ლა-ბემოლ მაჟორი, თხზ. 44

კ. დებიუსი - "ბერგამასკული სიუიტა", " სიხარულის კუნძული".

ფ. ლისტი - უნგრული რაფსოდია № 2

 

სერგეი ბელიავსკი აღიარებულია, როგორც გამორჩეული ტექნიკური შესაძლებლობების, ჩამოყალიბებული მუსიკალობის და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პიანისტი.

"მსოფლიოში ცნობილი ტექნიკური ბრწყინვალება"; "უნიკალური ინტერპრეტაცია"; "იგი ბზინავს, როგორც ბროლის შანდალი" - ასეთი ეპითეტებით ამკობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სერგეი ბელიავსკის. 5 წლის იყო, როდესაც ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. 10 წლის ასაკში შედგა მისი სოლო დებიუტი, ხოლო 11 წლის ასაკში პირველად დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მას შემდეგ დაიწყო სერგეი ბელიავსკის საკონცერტო ცხოვრება. 25 წლის ასაკში მას უკვე ჩატარებული ჰქონდა კონცერტები მსოფლიოს 28 ქვეყნის წამყვან საკონცერტო დარბაზებში.

სერგეი აქტიურ სოლო საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა; აგრეთვე, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, ისეთი დირიჟორების ხელმძღვანელობით, როგორებიც არიან: ა. რუდინი, ა. სლადკოვსკი, მ. რახლევსკი, ლ. ისაკაძე, პ. კოგანი, ვ. ფედოსეევი, ე. პორტალი, ი. ფრანცი.

 

2005 წლიდან დღემდე ბელიავსკის მოპოვებული აქვს პრიზები 30-ზე მეტ კონკურსსა და ფესტივალზე, მათ შორის: პირველი პრემია პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე “ჟურიეს ინ ცომპეტიტიონ” (ზალცბურგი, 2019), მესამე პრემია და ბრინჯაოს მედალი ჯინა ბახაუერის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (სოლტ-ლეიკ-სითი, აშშ. 2018);  გაიმარჯვა ფრედერიკ შოპენის სახელობის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (დეგუ, სამხრეთ კორეა), მიიღო მეორე პრემია და მაყურებლის პრიზი ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ბუდაპეშტი, უნგრეთი), მეორე პრემია და მაყურებლის პრიზი მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ბარსელონა, ესპანეთი), გრან პრი “ეMუსე”-ის მუსიკის კონკურსზე (ათენი, საბერძნეთი).

სერგეი ბელიავსკი არის მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული (პროფ. ელისო ვირსალაძის კლასი, 2016 წ.). 2016-2017 წწ. სწავლა განაგრძო თელ-ავივში, პროფ. არი ვარდის ხელმძღვანელობით. ამჟამად, იგი კალაიდოს მუსიკის სკოლაში (შვეიცარია) პროფ. ლევ ნატოჩენისთან აგრძელებს საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობის გაღრმავებას.

 

გამოცემული აქვს სამი CD, მათ შორის უკანასკნელი - შოპენის 24 ეტიუდი.

 

ბილეთები იყიდება ონლაინ ტკტ.გე-ზე და კონსერვატორიისა და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი