logo_geo
პედრო ალმოდოვარი: რატომ არ იყო კომედიის ადგილი ჩემს ახალ ფილმში...
- +

19 მარტი. 2017. 20:23


 

პედრო ალმოდოვარის ფილმები უმეტესად ფერებისა და ხარხარის ანარქიაა, მაგრამ თავის მეოცე მხატვრულ ფილმში სახელგანთქმულმა ესპანელმა რეჟისორმა უფრო ზომიერებას მიმართა. იმდენად, რომ გადაღებების დროს მოულოდნელად, ბუნებრივად წარმოქმნილი ხუმრობები და იუმორიც კი ამოჭრა ფილმიდან.


„ხულიეტა" არის ამბავი დედაზე, მის ქალიშვილსა და დანაშაულის გრძნობაზე, რომელიც არც ერთს არ აძლევს მოსვენებას. ფილმი გადაღებულია სამი პატარა მოთხრობის მიხედვით, რომლის ავტორიც ნობელიანტი მწერალი ქალი ელის მანროა.


„ხულიეტა" თავდაპირველად დაიგეგმა როგორც ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი, სადაც მთავარი როლი მერილ სტრიპს უნდა ეთამაშა, მაგრამ მოგვიანებით რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ფილმი აუცილებლად მის სამშობლოში უნდა გადაღებულიყო.


მტკივნეული საკითხი


ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ინტერვიუს დროს ალმოდოვარი ესპანურად საუბრობს და შიგადაშიგ თავის თარჯიმანს აწყვეტინებს იმაში დასარწმუნებლად, რომ მის ნათქვამს ზედმიწევნით სწორად გადმოგვცემს.


ჩაის სვამს და თან პატარა ჩანახატებს აკეთებს, ხატავს დიაგრამას, რომ კარგად აგვიხსნას საკვანძო სცენის სტრუქტურა.


მაინც რატომ აქვს „ხულიეტას" ასეთი სერიოზული ელფერი?


„ეს ტონი, რომელიც ძალიან განსხვავებულია ჩემი წინა ფილმების ხასიათისგან, უფრო მეტად შთაგონებულია იმ მასალისგან, რაზეც ვმუშაობდი",- ამბობს ალმოდოვარი.

 

„მინდოდა, ასეთ მტკივნეულ საკითხთან ძალიან ახლოს მივსულიყავი... ძალიან მტკიცედ გადავწყვიტე ამის გაკეთება და მართლაც გამიჭირდა, რომ იუმორი არ ყოფილიყო ფილმში. მეშინოდა, მთავარი სათქმელი არ დაეჩრდილა."


„ნამდვილად იყო კომიკური სიტუაციები გადაღებების დროს, მაგრამ ფაქტიურად გვერდზე გავწიე".


„მინოდა რაღაც უფრო მძლავრი და შიშველი, რომ დავრწმუნებულიყავი - მთავარი სათქმელი მაყურებლამდე მივიდოდა".


ფერებიც ძალიან ზომიერია, ფილმის ემოციურ განწყობებს ზუსტად რომ პასუხობდეს, თუმცა რამდენიმე გადახვევა აქაც არის.

 

„ფილმის პირქუში ესთეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ერთგვარი საფუძველი შეიძლება გახდეს მომავალი კინემატოგრაფიული ძიებებისთვის", - ამბობს ალმოდოვარი. „მაგრამ ბაროკოს ელემენტი ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის იქნება - ამას ვერაფერს ვშველი. მაგალითად, კედლის ფონი. მართლა მომწონს როგორცაა გადაღებული, მაგრამ მაქსიმალურად ვაკონტროლებდი ამას. ამ ჩემს პირქუშობას, რა თქმა უნდა, წითელი ფერიც გამოხატავს."



დანაშაულის გრძნობა


როცა ვკითხე, რატომ მიიპყრო მანროს ნაწარმოებმა მისი ყურადღება, მიპასუხა: „მე ნამდვილად გავაიგივე თავი მოთხრობების ქალ პერსონაჟებთან. გასაგებია, რომ ისინი ქალები არიან, მაგრამ ამას გარდა, ეს მშობლებისა და შვილების ურთიერთობების, ოჯახების, ქორწინების ისტორიებია - ამბები, რომელიც მართლა მაინტერესებს."


მაგრამ, რეჟისორი მიხვდა რომ მისთვის ყველაზე საინტერესო საკვანძო ელემენტი მანროს ნაწარმოებში არ იყო: „დანაშაულის გრძნობა ალის მანროს მოთხრობებში არ გვხვდება. ეს მე დავამატე, მოვარგე ჩემს საკუთარ კულტურას, ესპანურ კულტურას."


ალმოდოვარმა ამას წინათ თქვა, რომ მისი აზრით ჰოლივუდი „ამცირებს, ჩრდილში აქცევს ასაკში შესულ ქალს". ეს განაცხადი, შეიძლება, კარგად ხსნის მის გადაწყვეტილებას, რომ ფილმში 55 წლის ხულიეტა ემა სუარესს ათამაშა, ხოლო გმირის ახალგაზრდობა სხვა მსახიობს - ადრიანა უგარტეს.


ქალის ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორე გადასვლა ძალიან აკურატული, დახვეწილი ხერხითაა ნაჩვენები - როგორ იხსნის ხულიეტა პირსახოცს (რა თქმა უნდა, წითელს) თავიდან და როგორ შემოდის კადრში მისი ქალიშვილი ანტია, რომელიც დედას თმას უშრობს.


„მე არ ვარ მომხრე, რომ ერთმა მსახიობმა განასახიეროს თავისი გმირი სხვადასხვა ასაკში", -ამბობს რეჟისორი.


„არ ვენდობი ამ დაბერების ეფექტის მქონე გრიმს. თითქმის შეუძლებელია, რომ ახალგაზრდა, 25 წლის ქალს 50 წლის ქალის გარეგნობა და გამომეტყველება ჰქონდეს. აქ ნაოჭები არაფერ შუაშია, ეს არის რაღაც უფრო ღრმა - დროის დინება გამოხატული როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად."


ალმოდოვარი ამბობს, რომ მოთხრობებში რამდენიმე ცენტრალური ეპიზოდია, რომლის ეკრანზე გადმოტანა აუცილებელი იყო. ამ კონკრეტული სცენების ეკრანიზაციის უფლებაც კი ითხოვა. მაგალითად, ერთ-ერთი სცენა მატარებელში ვითარდება, სადაც ხულიეტა ხვდება ორ კაცს, რომლებმაც (როგორც მერე აღმოჩნდება) ძალიან განსხვავებული როლი უნდა ითამაშონ მის ცხოვრებაში.


 „რაღაც წარმოუდგენლანდ მგზნებარე ხდება მათ შორის", - ამბობს ის, „ქალი, მატარებელი... და ეს ძალიან კინემატოგრაფიულია".


სუსტი  დედა


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის ის ფაქტი, რომ მანროს მოთხრობებში ქალებს ცენტრალური ადგილი უკავიათ.


 „ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ დედის და ქალიშვილის ურთიერთობები მაჯადოვებს", -ამბობს რეჟისორი. „ასევე დედმამიშვილების ურთიერთობაც - მოკლედ, ოჯახური ურთიერთობები. ბევრი ფილმი გადამიღია დედების შესახებ და ამ ფილმებში ყოველთვის ქალები იყვნენ მთავარ როლში, მაგრამ ხულიეტას არაფერი აქვს საერთო იმ დედებთან, რომლებიც ჩემს წინა ფილმებში (მაგალითად, „მაღალი ქუსლები", „დაბრუნება" ან „ჩემი საიდუმლოს ყვავილი") არიან.

 

„ხულიეტა" ძალიან საინტერესოა ჩემთვის, როგორც მწერლისთვის. ის ემოციურად სუსტი დედაა. ის არ არის ძლიერი, სხვა ჩემი ქალი პერსონაჟებისგან განსხვავებით - მას დანაშაულის გრძნობა სტანჯავს.

 

დანაშაული მორალური დაავადებაა ხულიეტასთვის და ეს მორალური დაავადება მის ქალიშვილსაც აინფიცირებს."


ალმოდოვარს მიღებული აქვს „ოსკარი" და ოთხი „ბაფტა", ასევე ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო და ნომინაცია. British Film Institute, კი, მთელ სეზონს უძღვნის რეჟისორს. მაგრამ მის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ალმოდოვარი გაჩერებას არ აპირებს და საუბარში როგორც აღმოჩნდა, უკვე რამდენიმე პროექტზეც ფიქრობს: „უკვე ასეულობით ფილმია დედა-შვილის ურთერთობების შესახებ, მაგრამ მე კვლავ გავაგრძელებ ამ თემაზე ფილმების გადაღებას."

 

 

წყარო: cineyema.wordpress.com 

 

 

 

 

big_banner
არქივი