logo_geo
თბილისი საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალ „თაობას“ მასპინძლობს
- +

25 სექტემბერი. 2020. 20:04

 

 

25-30 სექტემბერს თბილისი რიგით მე-3 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს - „თაობა“ მასპინძლობს, რომელიც წლეულს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მხოლოდ ქართველი მონაწილეებისთვის ჩატარდება.

ფესტივალის მონაწილე 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის გაიმართება 4 სრულმეტრაჟანი და 21 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჩვენება ეროვნული სასახლისა და ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე.

ფესტივალი კინოხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტებსაც აძლევს შესაძლებლობას დაესწრონ პროფესიულ დრამატურგიისა და რეჟისურის მასტერკლასებს პროექტის „თაობის აკადემია“ ფარგლებში ბოლნისის მუზეუმი.

ტრადიციულად, ფესტივალი წელსაც გამართავს თავისუფალ კინოჩვენებას ორბელიანის მოედანზე.

გარდა ამისა, 13 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველ კვირა დღეს, საღამოს 8 საათზე ორბელიანის მოედანი მცირემასშტაბიან კინოკლუბად გადაიქცევა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება ღია ცის ქვეშ იხილოს ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ფილმები.

კინოფესტივალის შესახებ:

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ 2018 წელს დაარსებული ახალგაზრდული კინოფესტივალი "თაობის" მიზანია ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება, მათთვის კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარების დახვეწა.

"თაობა" არის ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის (European Children's Film Association) ერთადერთი წევრი საქართველოდან, ევროპული კინოაკადემიის „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს“ ქართველი პარტნიორი და თანამშრომლობს ათობით საერთაშორისო კინოფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით.

წლევანდელი კინოფესტივალის პარტნიორები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, იტალიის საელჩო, ქარავანი,​არტარეა.

 

ახალგაზრდული კინოფესტოვალი ტარდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად.

 

 

 

 

big_banner
არქივი