logo_geo
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსი გრძელდება
- +

8 აპრილი. 2017. 14:50




საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით, საქართველოში ტარდება საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსი.     მასში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის  200-ზე მეტი გუნდი - ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო, ფოლკლორის, სალოტბარო და სამგალობლო სკოლებიდან, ასევე  კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრებიდან, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებიდან. 


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: I - რეგიონული ტურები - 2-9  აპრილი  (თბილისსა და 10 რეგიონში) და II - ფინალური  ტური - 7-9 მაისი (თბილისში).


კონკურსის  მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერისა და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა. ასევე ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი.


კონკურსი მიმდინარეობს შემდეგ კატეგორიებში:

  • A - აკადემიური საგუნდო სიმღერა
  • B - ქართული ხალხური სიმღერა
  • C - ქართული გალობა


კონკურსის მეორე ტური  თბილისში 7 და 9  მაისს გაიმართება. მეორე ტურს A კატეგორიაში შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. ხოლო B და C  კატეგორიაში  ჟიური კომპლექტდება ფოლკლორის  სახელმწიფო ცენტრის  სპეციალისტებით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეულ კატეგორიაში, ქვეკატეგორიასა და ასაკობრივ ჯგუფში.


კონკურსის  გალა კონცერტი და გამარჯვებულთა  დაჯილდოება გაიმართება 2 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. გალა კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ოქროს მედალოსანი და გრანპრიორი კოლექტივები.


კონკურსის მხარდამჭერები არიან:  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება", თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო  სასწავლებელი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ფონდი „ქართული გალობა", საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.



 

 

 

big_banner
არქივი