logo_geo
როგორ მოხვდნენ ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთ ფილმში და რატომ ალაპარაკდა მათ რომანზე იტალიური პრესა?
- +

25 იანვარი. 2021. 11:46

 

 

ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ორნელა მუტი კინოში ლეგენდარულ ქართველ მსახიობთან ოთარ კობერიძესთან ერთადაა გადაღებული.

 

ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთმანეთს 1979 წელს გადაღებულ იტალიურ-საბჭოთა ფილმში „სიცოცხლე მშვენიერია“ შეხვდნენ.  როგორც ცნობილი გახდა, მათ არა მხოლოდ ერთად იმუშავეს ფილმზე, დამეგობრდნენ კიდეც. ორნელა გადასაღებ მოედანზე ოთარ კობერიძეს თავისი ცხოვრების დრამატულ დეტალებს უამბობდა, რაც პაპარაცებმა დააფიქსირეს და პრესაში ფოტოებთან ერთად სტატიებიც გაავრცელეს მათ შესახებ.

 

70-იან წლებში ორნელა მუტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ყოველი დეტალი მისი ცხოვრებიდან ხალხის განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა, სწორედ ამით ისარგებლეს ჟურნალისტებმა.

 

ოთარ კობერიძე წლების შემდეგ ასე იგონებდა ამ ფაქტს, როცა ის იტალიურმა პრესამ „ორნელა მუტის სიყვარულად“ მონათლა:

 

„ორნელა მუტის, რუსულ-იტალიური ფილმის „სიცოცხლე მშვენიერიას“ გადაღებებისას შევხვდი, იმ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე, ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო, როგორ აწამებდა ქმარი, არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხას ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფული შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. თანავუგრძნე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ იტალიელ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე..

 

მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა,  „ოთარ, ნახე, რა გამოაქვეყნეს „ჭორიკნებმა“? და მაგიდაზე ჟურნალი გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი, მე კი ვკოცნიდი.. იქვე დაემონტაჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა: „ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით“, - იხსენებდა ოთარ კობერიძე.

 

სწორედ ასე მოხვდა იტალიური ყვითელი პრესის ფურცლებზე ოთარ კობერიძე იმ პერიოდის მეგავარსკვლავის ორნელა მუტის გვერდით. 70-იან წლებში მასზე ხუმრობდნენ: მეოცე საუკუნის ყველა ულამაზესმა ქალმა მასში განიცადა რეინკარნაცია და იმიტომაა ორნელა ასეთი ლამაზიო.

 

მასალა მოპოვებულია სოციალურ ქსელის გვერდიდან: „დიდი ქართველები“

 

 

big_banner
არქივი