logo_geo
„უმადური უნდა ვიყო, მიხეილ გიორგაძეზე რაიმე აუგი რომ წამომცდეს“ - რა ვითარებაა რეგიონულ თეატრებში
- +

10 აპრილი. 2017. 17:58



2015-2016 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ. მათ შორისაა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ახალციხის მესხეთის დრამატული თეატრი, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და მრავალი სხვა.


რამდენიმე შენობაში სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ თეატრებში და როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, „ქართული აზრი" ოზურგეთის თეატრის, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრისა და სხვა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს დაუკავშირდა.


მათთან საუბრისას გაირკვა, რომ თეატრის შენობები სავალალო მდგომარეობაში იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მაგალითად, თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მადლობელია მიხეილ გიორგაძის და სწორედ მისი დამსახურებაა, დღეს თეატრში სარემონტო სამუშაოები რომ მიმდინარეობს.


„თეატრში ფასადის, გათბობის, საგრიმიოროს, ცხელი წყლის პრობლემები იყო. შარშან თანხა დემონტაჟზე გამოიყო, რვა თვის წინ კი ტენდერი გამოცხადდა, სამინისტრომ მოგვცა 1 270 000 ლარი. ტენდერის ეკონომიიდან მინისტრმა დარჩენილი თანხაც მოგვცა და კიდევ გამოვაცხადეთ ტენდერი, უკვე საგრიმიოროების რემონტისთვის.

 

„ქართუ ჯგუფის" დახმარებით თეატრი საფუძვლიანად რემონტდება. მე ნამდვილად მადლობელი ვარ მიხეილ გიორგაძის, რადგან, თუკი რამე კეთდება თეატრში, ყველაფერი მისი დამსახურებაა. 1981 წლის შემდეგ მსგავსი საფუძვლიანი რემონტი არ ჩატარებულა. გათბობა არ გვქონდა, დიდ სცენას ვერ ვიყენებით, ახლა კი ყველაფერი იქნება, არც ერთი თეთრი არ დანანებიათ. მიხეილ გიორგაძის დამსახურებით გაიხსნება თეატრი, თავს ჰყვება თელავის თეატრს.

 

მე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად 2012 წელს მოვედი, 6 თვე წინა მთავრობასთან თანამშრომლობა მომიწია, ნიკა რურუა იყო მაშინ მინისტრი და ბიუჯეტი 160 000 ლარს შეადგენდა, ხოლო გიორგაძის ხელმოწერით, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითაც, მაშინ ღარიბაშვილის, ახლა კი კვირიკაშვილის თანხმობით, სახელფასო ფონდი გაიზარდა. უმადური უნდა ვიყო, რომ გიორგაძეზე რაიმე აუგი წამომცდეს. თავს გვყვება ადამიანი", - აცხადებს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი.


„1976 წელს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალციხის მესხეთის დრამატულ თეატრს, საფუძვლიანი რემონტი კი მას შემდეგ არ ყოფილა. 2015 წელს დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც 3 ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპად სცენის გადახურვის სამუშაოები დაიწყო, მთლიან შენობაზე გამოიცვალა ფანჯრები, ჭერი და იატაკი. პირველი ეტაპი საკმაოდ კარგად დასრულდა. ჩვენ მთლიანად კულტურის სამინისტროს ბალანსზე ვართ, შენობისა და ზოგადად, თეატრის არსებობა კულტურის სამინისტროზეა დამოკიდებული", - აცხადებს ახალციხის მესხეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნაზი (ლია) სულუაშვილი.


„კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის თანადაფინანსებით, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილტაცია დაიწყო იანვრის თვეში და დაახლოებით 4 თვე გაგრძელდება. შეიცვალა თეატრის ფიცარნაგი, რამდენიმე შტანგეტის დემონტაჟი მოხდა და კიდევ სხვა სამუშაოები განხორციელდა. კულტურის სამინისტრომ გამოყო 125 000, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ - 50 000 ლარი.

 

თეატრს სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ სჭირდება, ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობდა ახლა, მაყურებელთა დარბაზი გასაკეთებელია, იატაკი დალპა და სკამებს ვეღარ იჭერს, მოკლედ, თეატრის დარბაზი სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა კულტურის სამინისტროს პროგრამაში აღნიშნულია, რომ თეატრის სრული რეაბილიტაცია მოხდეს. პროექტი შედგენილია, ის, რაც ჩატარდა, მხოლოდ პირველი ეტაპია, დარჩენილია კიდევ 2 ეტაპი და ესეც ეტაპობრივად მოგვარდება", - განაცხადა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ.


როგორც ჩვენთან საუბრისას ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ქორიძე აცხადებს, თეატრი თავის ძველ შენობაში ბრუნდება, რომლის რეაბილიტაციის პროცესიც ნულიდან დაიწყო.


ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და ორ-ნახევარ წელში დასრულდება.

 

„სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყო, თუმცა ყინვების გამო გვქონდა შეფერხება, ახლა პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მაისის ბოლოს სარემონტო სამუშაოები დასრულდება. მეორე ეტაპზე უკვე განათების, ფარდებისა და სკამების მონტაჟი მოხდება, ანუ სექტემბრისთვის ახალი თეატრი გვექნება. კულტურის სამინისტროს დაფინანსება 2 ეტაპადაა გაყოფილი, პირველი ეტაპისთვის, ანუ შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი იყო 302 000 ლარი, ხოლო განათების, აპარატურის შესაძენად და დასამონტაჟებლად გამოიყო 100 000. მთლიანად შენობის რეაბილიტაცია საკუთარ თავზე კულტურის სამინისტრომ აიღო.

 

როდესაც რაბათის ციხეს რესტავრაცია ჩაუტარდა, თეატრი რაბათის ტერიტორიაზე გადაიტანეს, ძველი შენობა კი, რომელშიც მანამდე თოჯინების სახელმწიფო თეატრი იყო, გაიყიდა, საბოლოო ჯამში, შენობა ისევ დაუბრუნეს თეატრს, თუმცა უკვე გამოშიგნული და დანგრეული გახლდათ, ხოლო რაბათში არსებული ფართი საკმაოდ მცირე იყო, დაახლოებით 100 კვ/მ. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე ძველი შენობის რეაბილიტაცია ნულიდან დაიწყო", - აცხადებს ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ქორიძე.

 

„თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია. ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2 კვირაში უნდა დასრულდეს. პროექტი დააფინანსა კულტურის სამინისტრომ და ადგილობრივმა მერიამ. მთლიანი შენობის რეაბილიტაცია კი თავის თავზე „ქართუ ჯგუფმა" აიღო", - განაცხადა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ.


 „ოზურგეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში, ახლაც მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 2,5 წელიწადში დასრულდება. შენობა ძალიან დიდია და დაზიანებულია, საერთოდ გადარჩენილები ვართ, თავზე რომ არ დაგვენგრა. შარშანვე დამთავრდა შენობის დემონტაჟი და ახლა მიდის ფუნდამენტის გამაგრება, კეთდება თერმოიზოლაცია, სარდაფი წყლით, ლამითა და აგურებით იყო სავსე. ძალიან სერიზული სამუშაოები მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ძალიან ინტენსიურად მუშაობს თეატრის მცირე დარბაზი, თუმცა გადავდივართ გურიანთაში, სადაც პირველი სპექტაკლი აპრილის ბოლოს გვექნება, ასევე, კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით გვაქვს დაწყებული პროექტი და საქართველოს მასშტაბით გასტროლებია დაგეგმილი.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულიად ფონდი „ქართუ" აფინანსებს. პროექტის ღირებულება ნამდვილად არ ვიცი, ყველა პრობლემა იქნა გათვალისწინებული, ამაში კულტურის სამინისტრო დაგვეხმარა", - აღნიშნა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ.


ამ ეტაპისთვის, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, ანჩისხატის ტაძარში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, გელათის სამონასტრო კომპლექსში და კიდევ მრავალ სხვა შენობაში მიმდინარეობს.


 


 

big_banner
არქივი