logo_geo
მიხეილ გიორგაძე: იგეგმება თეატრებისთვის დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება
- +

13 აპრილი. 2017. 13:38



კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავად თეატრის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი ექნებათ.


მისი თქმით, ძალიან მაღალი ხარისხის ჩართულობით, ძალიან მაღალი საჯაროობით, საერთო კონსენსუსის შედეგად, იგეგმება დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება თეატრებისთვის.


მე ვფიქრობ, ჩემი გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად, თეატრის მმართველებმა და სამხატვრო ხელმძღვანელებმა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ", - განაცხადა გიორგაძემ.


მისი თქმით, მესამე წელია საქართველო არის შემოქმედებითი ევროპის წევრი, იმ პროგრამის, რომელიც სწორედ კულტურის და მედიის მხარდასაჭერად ევროკავშირმა შეიმუშავა.


საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის პირველი და ერთადერთია, რომელიც შეურთდა ამ პროგრამას. მესამე წელია, ერთი გამონაკლისის, მარჯანიშვილის თეატრის გარდა, არათუ დაფინანსება არ მიუღია არც ერთ თეატრს, არც კი უცდიათ, რომ გარკვეულიყვნენ ამ პროგრამის შესაძლებლობებში, მოეძიათ პარტნიორები, შესაბამისი პროექტით შესულიყვნენ ამ პროგრამაში და დაფინანსება მიეღოთ. ამის გარდა, არსებობს ევროკავშირის კულტურის და შემოქმედებითობის პროგრამა, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში და არაერთი პროექტი ფინანსდება, მაგრამ ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული - სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს და ამბობენ, რა ვქნათ, ყურადღება არ ექცევა თეატრს, კულტურა პრიორიტეტი არ არისო და .. თავად ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გევქნება.

საბიუჯეტო დაფინანსება თეატრებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ წლიდან წლამდე უსაზღვროდ, ულიმიტოდ საბიუჯეტო ასიგნებები გაიზრდება და ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები უნდა ვისხდეთ და არაფერი ვაკეთოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ თეატრი და მოვიზიდოთ მეტი მაყურებელი",- განაცხადა გიორგაძემ.




 

big_banner
არქივი