logo_geo
მერაბ ნინიძე კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოლებს
- +

13 აპრილი. 2017. 19:53



კანის საიუბილეო 70-ე კინოფესტივალის საკონკურსო სია დღეს გახდა ცნობილი. მთავარ საკონკურსო სექციაში მოხვდა უნგრელი რეჟისორის - კორნელი მუნდრუცუს ფილმი „იუპიტერის მთვარე", სადაც მთავარ როლს მერაბ ნინიძე თამაშობს.


კონკურში მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით შერჩეული თვრამეტი ფილმი მიიღებს. მათ შორის არის ჰანეკესა და იზაბელ იუპერის მორიგი ერთობლივი კინოსურათი HAPPY END და სოფია კოპოლას ახალი ფილმი, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი და კირსტენ დანსტი ასრულებენ. ამავე კატეგორიაში არიან ფრანსუა ოზონის და მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმები.


ოსკაროსანი ფრანგი რეჟისორის მიშელ ჰაზანავიჩუსის ახალ ფილმში Redoubtable, რომელიც ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფრანგი კინორეჟისორის, ჟან-ლუკ გოდარის შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ლუი გარელი ასრულებს.


ფილმის სიუჟეტი გოდარის ცხოვრების იმ ეპიზოდს ეხება, როდესაც მას გადაღების დროს 17 წლის მსახიობი, ანა ვიაზემსკი შეუყვარდა, მოგვიანებით კი მისი მეუღლე გახდა.


ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი ასევე დეივიდ ლინჩის ტვინ პიქსის ახალი სეზონის ორ სერიასაც იხილავს, რომლის პრემიერაც ამერიკაში 21 მაისს შედგება.


კანის კინოფესტივალზე ვანესა რედგრეივი მის სადებიუტო ფილმ Sea Sorrow-ს წარუდგენს მაყურებელს, ასევე შედგება კრისტენ სტიუარტის მოკლემეტრაჟიანი ფილმის Come Swim პრემიერაც.


სხვა ჩვენებებსა და პრემიერებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ კანის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოთ.


ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ესპანელი მსახიობი, პედრო ალმოდოვარი იქნება, რომელსაც რამდენჯერმე აქვს მიღებული ოქროს პალმის რტო, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის.


ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ოსკარის ნომინანტი იზაბელ იუპერი კი პროგრამა Women in Motion-ის წლევანდელი სახე გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ იუპერი ფესტივალს მნიშვნელოვანი მისიით დაესწრება - ის კანში ჩასულ ქალ კინოხელოვანებს კინოინდუსტრიაზე დაელაპარაკება.

 

კანის კინოფესტივალი წელს 17 მაისს დაიწყება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი