logo_geo
მერაბ ნინიძე: კონკურსში მოხვედრას არ ველოდი…
- +

18 აპრილი. 2017. 01:52



როგორც უკვე იცით, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.


კანის 70-ე ფესტივალის საკონკურსო სიაში, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, მთავარ სექციაში მოხვდა უნგრელი რეჟისორის - კორნელ მუნდრუცუს ფილმი „იუპიტერის მთვარე", სადაც მთავარ როლს სწორედ მერაბ ნინიძე თამაშობს.


„კონკურშში მოხვედრას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა კინოფანატიკოსი ბლოგერები უწინასწარმეტყველებდნენ და ამან რაღაც მოლოდინი გააჩინა, მით უმეტეს, რომ კორნელ მუნდრუცო უკვე წლებია კანის ფესტივალის ფავორიტი უნგრელი რეჟისორია და მის ფილმებს აქამდეც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. გადაღების პროცესი ნამდვილად არაამქვეყნიური ბუნების სტიქიასავით იყო. მუნდრუცუ ნამდვილად არის ის რეჟისორი, რომელიც თავიდან დაგბადებს როგორც მსახიობს", - უთხრა მერაბ ნინიძემ On.ge-ს.


კონკურში მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით შერჩეული თვრამეტი ფილმი მიიღებს. მათ შორის არის ჰანეკესა და იზაბელ იუპერის მორიგი ერთობლივი კინოსურათი HAPPY END და სოფია კოპოლას ახალი ფილმი, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი და კირსტენ დანსტი ასრულებენ. ამავე კატეგორიაში არიან ფრანსუა ოზონის და მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმები.


კანის კინოფესტივალზე ვანესა რედგრეივი მის სადებიუტო ფილმ Sea Sorrow-ს წარუდგენს მაყურებელს, ასევე შედგება კრისტენ სტიუარტის მოკლემეტრაჟიანი ფილმის Come Swim პრემიერაც.


ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი იქნება, რომელსაც რამდენჯერმე აქვს მიღებული ოქროს პალმის რტო, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის.


ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ოსკარის ნომინანტი იზაბელ იუპერი კი პროგრამა Women in Motion-ის წლევანდელი სახე გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ იუპერი ფესტივალს მნიშვნელოვანი მისიით დაესწრება - ის კანში ჩასულ ქალ კინოხელოვანებს კინოინდუსტრიაზე დაელაპარაკება.


კანის კინოფესტივალი წელს 17 მაისს დაიწყება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი