logo_geo
„აჭარული ხალხური სიმღერებისა“ და ალბომის „აჭარული ტრადიციული მუსიკის“ წარდგინება გაიმართა
- +

11 მაისი. 2017. 11:52


10 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში სანოტო კრებულის ,,აჭარული ხალხური სიმღერებისა" და ოთხდისკიანი ალბომის ,,აჭარული ტრადიციული მუსიკის" წარდგინება გაიმართა.


ორივე გამოცემა ერთი პროექტის - ფოლკლორის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში - განხორციელდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.


პროექტის მიზანია აჭარის რეგიონის მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია.


სანოტო კრებული ,,აჭარული ხალხური სიმღერები" შეადგინეს: ლევან ვეშაპიძემ და სოფო კოტრიკაძემ. კრებულს თან ერთვის წინათქმა და მიმოხილვა - ,,აჭარული ხალხური მუსიკა" ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნოტებს კი, ქართულთან ერთად, ინგლისური ტრანსკრიფცია. კრებულში შესულია 45 აჭარული ხალხური სიმღერა. პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია.


,,აჭარული ტრადიციული მუსიკის" ოთხდისკიან აუდიოალბომში შესულია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური შემოქმედების მიმართულებისა და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ფონდებში დაცული საექსპედიციო ჩანაწერები, ასევე ფოლკლორული ანსამბლების მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული აჭარული სიმღერის ნიმუშები. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად ქვეყნდება. აუდიოალბომს ერთვის თამაზ გაბისონიას ვრცელი გამოკვლევა ქართულ და ინგლისურ ენებზე, ფოტოსურათები, სიმღერების ჩამონათვალი და შემსრულებლები ხმათა მიხედვით.


პროექტის ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, შემდგენელი - მიხეილ ჯავახიშვილი, რედაქტორი - ნინო მახარაძე.


პირველი დისკი მოიცავს 22 სიმღერას, მეორე - 32, მესამე - 31, მეოთხე - 25.


პრეზენტაციას დაესწრნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, ქართული ფოლკლორის მოამაგენი და მესვეურები.


აუდიოალბომის ნიმუშებიდან სიმღერები შეასრულა ანსამბლმა ,,ბასიანმა". 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი