logo_geo
დავით ოქიტაშვილი: ჯგუფ „სახეს“ არ აქვს შესაბამისი ისტორია, რომ მათი ვარსკვლავი გახსნილიყო
- +

15 მაისი. 2017. 16:57



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ქართველი ხელოვანებისთვის ვარსკვლავის მინიჭებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების საკითხს განიხილავენ.


აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ჯგუფ „სახეს" ვარსკვლავი გაუხსნეს.


კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, განაცხადა, რომ „სახეს" ვარსკვლავი კანონდარღვევით გაუხსნეს.

 

„2000 წლიდან 2017 წლამდე ჩვენ გავხსენით არაერთი ვარსკვლავი, არც ერთ მათგანთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ ჰქონია, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჯგუფ „სახესთვის" ვარსკვლავის გახსნას უკავშირდება, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ ჯგუფს არ აქვს ის ისტორია შექმნილი, რომ მისი ვარსკვლავი გახსნილიყო. ზოგადად, როდესაც იხსნება ვარსკვლავი, ეს იქნება კონკრეტული პირი, რაიმე ჯგუფი, მათ უნდა ჰქონდეთ ისტორია. ჩვენ ყოველთვის საზოგადოებასთან შეთანხმებით ვხსნიდით ვარსკვლავს და სწორედ საზოგადოების კარნახით ვანიჭებდით ხელოვანებს ვარსკვლავის ტიტულს", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.


იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც კულტურის პალატის პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ და იმედოვნებენ, რომ მსგავს სკანდალს სამომავლოდ ადგილი აღარ ექნება.


კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, უნდა მოხდეს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ვარსკვლავის გახსნის რეგულაციებთან დაკავშირებით იმუშავებს.კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ კომისიის მუშაობა ეფექტური იქნება.


 

 

 

big_banner
არქივი