logo_geo
ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
- +

30 ნოემბერი. 2016. 23:15


 

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, UNESCO -ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე  „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მთავრობათაშორისმა კომიტეტმა  მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს. ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად წარედგინა 2015 წელს და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის (მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული) ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში. 


ნომინაციის წარდგენის დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საგანგებოდ შექმნილი თემატური გამოფენების ორგანიზებით, აქტიურად მუშაობდნენ თემის პოპულარიზაციისა და შესაბამის ქვეყნებთან ნომინაციის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით. 


„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.


კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში და UNESCO-ში მუდმივი წარმომადგენელი ეკატერინე სირაძე-დელონე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი  და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და შესაბამისი ექსპერტები.  


 

big_banner
არქივი