logo_geo
ბრიუსელში ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ანსამბლ „დიდგორის“ სოლო კონცერტი წარმატებით გაიმართა
- +

19 ნოემბერი. 2023. 16:25

 

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ 18 ნოემბერს ბრიუსელში, სქარბექის საკრებულოში, ანსამბლ ,,დიდგორის“ სოლო კონცერტი გაიმართა.

 

საღამოზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და ტრადიციული საეკლესიო საგალობლები. კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

 

ფესტივალზე ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტები 11-იდან 18 ნოემბრის ჩათვლით იმართება, რომელთა ფარგლებშიც ფესტივალის სტუმრებს ანსამბლის წევრები ღირსეულად და მაღალი დონის საშემსრულებლო ხელოვნებით წარუდგენენ ქართული კულტურის უნიკალურ ნიმუშებს, ქართული ფოლკლორისა და საგალობლების მრავალფეროვნებას.

 

აღსანიშნავია, რომ კონცერტების გამართვის პარალელურად, ანსამბლმა „დიდგორმა“ ითანამშრომლა ფრანგ მუსიკოს ზოე პერესთან, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და სწავლობდა ქართულ მრავალხმინობას. მან ანსამბლთან ერთად ბელგიაში, ვალონიის მხარეში, საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის მუსიკალური გაკვეთილები გამართა. ასევე, ზოე პერე ბრიუსელში ქართული ფოლკლორის მასტერკლასებს მართავს ფართო საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ 18 ნოემბერს „დიდგორის“ კონცერტზე მის მასტერკლასში მონაწილე ჯგუფის წევრებმა ქართული ფოლკლორული სიმღერა შეასრულეს.

 

„ევროპალია-საქართველოს“ ფესტივალზე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დასწრებოდა ,,დიდგორისა“ და ,,დებ ჩამგელიანების“ ერთობლივ კონცერტს ბრიუსელში, რომელზეც ჭუნირის თანხლებით შესრულდა სვანურ მითებთან დაკავშირებული ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები.

 

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.

 

ევროპელ საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).

 

2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე:

 https://europalia.eu/en/europalia-georgia/europalia-georgia-programme

 

ხოლო კონცერტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 https://europalia.eu/en/europalia-georgia/events/didgori-ensemble.

 

 

big_banner
არქივი