logo_geo
ციცინო გაბიტაშვილი - მარტოხელა დედის მონოლოგი...
- +

9 დეკემბერი. 2016. 21:42


 

„რეპორტიორის" პრესკლუბში უმრავლესობის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია იმართებოდა. პრესკონფერენციის მიწურულს, კითხვა გაჟღერდა: რამდენად იყო შესაძლებელი,  მარტოხელა დედებისათვის შეღავათის დაწესებაზე საკანომდებლო ინიციატივით გამოსულიყვნენ? ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ  ტერმინი „მარტოხელა დედა" არც ფორმით და არც შინაარსობრივად არ მოსწონს და არც მის პათოსს იზიარებს.

 

პრესკონფერენციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე დაიწყო საუბარი, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი და მათთვის გარკვეული შეღავათებიც დაწესდა.

 

მოგვიანებით, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთ-ერთი საკითხის განხილვისას, მარტოხელა მშობლების საკითხს შეეხნენ. ზაქარია ქუცნაშვილი წამოდგა, ერთ-ერთი ჟურნალისტისკენ მიუთითა დამსწრე საზოგადეობას და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღება მისი დამსახურება იყო.

 

ეს ჟურნალიტი, ციცინო გაბიტაშვილია. მარტოხელა დედა - ასე იცნობს მას პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა უმრავლესობა, სწორედ იმიტომ, რომ თითქმის ყველა ბრიფინგზე აღნიშნულ თემას აჟღერებდა. როგორც აღმოჩნდა,  არცთუ უშედეგოდ.

 

15 წელი ჟურნალისტად მუშაობდა.  მის მიერ გაჟღერებული ყველა კითხვა შეულამაზებელი და პირდაპირი იყო, გულიდან წამოსული... იგრძნობოდა, რომ შეკითხვები, რომლებსაც პოლიტიკოსებს უსვამდა, მართლა სტკიოდა და აწუხებდა. ის ბევრი რამით გამორჩეული ჟურნალისტი იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი ახლოს გაცნობა.

 

ცნობისთვის, ციცინო გაბიტაშვილი, დღეს, „ქართული ოცნების" პრესსამსახურში მუშაობს. ის, მანამდე ჩავწერეთ, ვიდრე ჟურნალისტიკიდან პოლიტიკური პარტიის პრესცენტრში გადაინაცვლებდა.

 

 

ოჯახი

 

დავიბადე 1979 წლის 27 სექტემბერს გურჯაანის რაიონის ისტორიულ სოფელში -  ვეჯინში.  ვეჯინშივე დავამთავრე ივანე ბერიტაშვილის სახელობის საშუალო სკოლა, რის შემდეგაც ჩამოვედი თბილისში და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. თბილისში ცხოვრობს ჩემი ერთადერთი ძმაც. სოფელში ახლა მხოლოდ მამა შემორჩა. დედა გასულ წელს გარდაიცვალა.


დედის სიკვდილმა სამუდამო ტკივილი დამიტოვა. ყოველთვის ვამბობდი - რომ ჩემი სიმდიდრე - ჩემი მშობლები არიან-მეთქი. ამ მხრივ გავღარიბდი. დღეს გადავაწყდი ერთ ფოტოს, სადაც დედა და მამა ერთად არიან აღბეჭდილი. ჩემთვის გავიფიქრე, იმ დროს ვნატრობდი, ჩემს ცხოვრებაში  საუკეთესო წლები როდის დადგებოდა. აი, წლების შემდეგ ხვდები, რომ სწორედ ის პერიოდი იყო საუკეთესო.




ბავშვობა

 

როგორც მეუბნებიან, მსუქანი ბავშვი ვიყავი - კი არ დადიოდი, დაგორავდიო. იმასაც აღნიშნავენ - ძალიან ლამაზი ბავშვი იყავიო. ერთხელ, მეზობლის ბავშვს აკვნიდან მოვუპარივარ და სახლში წავუყვანივარ.


მახსენდება ისიც, რომ ბაღიდან დაბრუნებულს გამუდმებით მეკითხებდონენ - რა ჭამეო.  ვპასუხობდი - სუპი, მაკარონი, სუპი, მაკარონი...


ბავშვობასთან დაკავშირებით, ასევე, მახსენდება სოფლის კლუბი და ინდური ფილმების ბუმი. ბავშვობაში ამოჩემებული მქონდა - რომ გავიზრდები, გერმანიაში უნდა წავიდე-მეთქი. ჩემს ახლობლებს ვპირდებოდი, რომ კაბებს და საჩუქრებს გამოვუგზავნიდი.



სკოლა

 

სიმართლე გითხრათ, სკოლაში სიარული დიდად არ მიყვარდა, თუმცაღა, კარგი მოსწავლე ვიყავი. კლასში გამომარჩევდნენ თავისუფალი აზროვნებით. დედაჩემს ვეხვეწებოდი, გაკვეთილები ჩაიბარე-მეთქი, მაგრამ იცოდა, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი და ამ სურვილს ხშირად არ მისრულებდა. არასდროს გამოვკლებივარ კლასელებს შატალოებში, მაგრამ ყველაფერს ზომიერების ფარგლებში ვაკეთებდი.


მახსოვს, ერთხელ სკოლის დირექტორი გადააყენეს. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ის დირექტორი. მისი მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება რაიონულ ცენტრში აქციით გავაპროტესტეთ. აქციას სათავეში მე ვედექი. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ის დირექტორი მაინც არ დააბრუნეს.


მიყვარდა ველოსიპედით სეირნობა, თუმცა, ხშირად ვეცემოდი და მუხლები სულ დაგლეჯილი მქონდა. ახლაც მეტყობა ნაიარევები. ბიჭებთან თამაში დიდად არ მიყვარდა, თუმცაღა იყო პერიოდი, ჩემი ძმა კარში რომ მაყენებდა. ხან ვიგებდით, ხან ვაგებდით. ისევე, როგორც ცხოვრებაში - ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ.



სტუდენტობა

 

ეკრანზე გამოჩენილი დიქტორები მხიბლავდნენ. თავიდან ამის გამო გადავწყვიტე ჟურნალისტობა. გარკვეული პერიოდი მამას ჩემი არჩევანი არ მოსწონდა, თუმცა, საბოლოოდ მაინც დამეთანხმა. თავადვე შემირჩია ადგილი, სადაც უნდა მესწავლა. ეს იყო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი, რომელიც არაერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა თუ ოპერატორმა დაამთავრა.


მინდოდა, ტელეჟურნალისტი ვყოფილიყავი, თუმცა ხანდახან საქმე ისე  არ მიდის, როგორც გვინდა. როდესაც დავამთავრე, დეკანმა შემოგვთავაზა, პრაქტიკა ახალგახსნილ საინფრომაციო სააგენტო „მედია ნიუსში" გაგვევლო. ჯგუფიდან რამდენიმე წავედით. მათ შორის იყო ნინო ცხადაძე, რომელიც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მუშაობს.


პირველად, ერთ-ერთი გახმაურებელი  სასამართლო პროცესის გასაშუქებლად გაგვიშვეს. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა კასაცია, სააპელაციო სარჩელი და მსგავსი ტერმინები. კონსულტაციები გაგვიწია ნინოს პაპამ, რომელიც თავის დროზე ცნობილი მოსამართლე იყო. ფურცელზე ჩამოვწერთ, რა რას ნიშნავდა.


ადგილზეც შესანიშნავი გუნდი დაგვხვდა. ეს იყო პროფესიონალთა გუნდი. არც მათ დაზარებიათ, ჩვენთვის ბევრი რამ ესწავლებინათ.


ამ პროფესიის არჩევით, ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე. სწორედ ჩემი პროფესიის დამსახურებით არაერთი ისტორიული მოვლენის მომსწრე და თვითმხილველი გავხდი. მხიბლავს, დილით სახლიდან რომ გადიხარ და დღის განმავლობაში არ იცი, სად აღმოჩნდები.


უბრალოდ, გული მწყდება, რომ საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტთა მუშაობა ჯეროვნად არ ფასდება. არადა,  ტელევიზიებისა თუ რადიოების ხერხემალი სწორედ საინფორმაციო სააგენტოებია. ტელევიზიების ჟურნალისტები ელოდებიან, მათ ჩართვებამდე სააგენტოებზე როდის დაიდება ინფორმაციები, რათა მათ უფრო გაუადვილდეთ ჩართვები.


ერთი პერიოდი ვაპირებდი კიდეც, სააგენტოების პოპულარიზაციისათვის რაიმე აქტივობა წამომეწყო. როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ სააგენოტოების მუშაობა ჯეროვნად არ ფასდება, ვგულისხმობ თუნდაც დაჯილდოებებს. არ მახსენდება  „ოქროს ფრთით" რომელიმე სააგენტოს თუნდაც ერთი ჟურნალისტი მაინც დაჯილდოებულიყო. ძირითადი აქცენტი ისევ და ისევ ტელევიზიებსა და რადიოებზე გადააქვთ. გარდა ამისა, სხვადასხვა თოქ-შოუებში ისევ ერთმანეთს იწვევენ, არც იქ მინახავს სააგენტოების ჟურნალისტები. არადა, სააგენტოებსაც ჰყავთ ლამაზი გოგონები, სიმპათიური ბიჭები. მათაც აქვთ საინტერესო ისტორიები, რომლებიც შეიძლება საზოგადოებისათვის საინტერესო იყოს.


მახსენდება ერთი ასეთი პროექტიც - მასმოდა. ისიც მახსენდება, როგორი აღტყინებით ემზადებოდნენ ჩვენი კოლეგები პოდიუმზე გასასვლელად. არც იქ იწვევდნენ სააგენტოებს. არ მინდა, ვინმემ ისე ჩათვალოს, რომ საკუთარ თავზე ვაპელირებ. ნამდვილად არა. უბრალოდ, ასეთი დიფერენცირება გულს მტკენს. თუკი მომავალში მაინც მოხდება ამ ყველაფრის გამოსწორება, ნამდვილად ბედნიერი ვიქნები.


საბედნიეროდ, არასდროს გავმხდარვარ ჟურნალისტური ინტრიგების მსხვერპლი. მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. პირიქით, სადაც კი მიმუშავია, ყველგან ძალიან თბილი გუნდი დამხვდა. ზოგადად, ურთიერთობებში გახსნილი ვარ, მაგრამ არ მიყვარს ინტრიგები, ჭორაობა, ზედმეტი საუბრები და ა.შ. ყოველთვის ვცდილობ, თავადვე არ გადავდგა ინტრიგებისკენ ნაბიჯი. მირჩევნია, სუფთა ვიყო.   



კარიერა

 

სტუდენტობის პერიოდში გაზეთში დავიწყე მუშაობა. „სოციალური მაცნე" - ასე ერქვა გაზეთს. პირველი ჰონორარი ძალიან ცოტა იყო. იმ თანხით პატარა ფუმფულა სათამაშო ლეკვი ვიყიდე. სულ ორი სტატიის დაწერა მოვასწარი, გაზეთი დაიხურა. ჩემი კარიერა ძირითადად საინფორმაციო სააგენტოებს უკავშირდება. ჯერ იყო „მედია ნიუსი", შემდეგ კი „კავკას პრესი". ვაშუქებდი მთავრობის კანცელარიასა და პარლამენტში მიმდინარე ამბებს.


 

ერთი ჟურნალისტური თავგადასავალი

 

2004 წლის 30 ოქტომბერს პარლამენტში დაგემილი იყო „კონსერვატორების" პრესკონფერენცია. მაშინ, „კონსერვატორებში" ზვიად ძიძიგურთან ერთად კობა დავითაშვილი და კახა კუკავა იყვნენ.

პრესკონფერენცია დანიშნულ დროს არ დაიწყო. ბევრად დაგვიანდა. ჟურნალისტები და ოპერატორები ჩვენებურად ვერთობოდით. მიშა ფეიქრიშვილი მიკროფონთან იჯდა და ტელეფონში ჩაწერილ მელოდიებს ისმენდა. ცეკვა „ქართული" იყო ჩართული. ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. ახალი წელი ახლოვდებოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცეკვა დავიწყე. ამ დროს ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი შემოვიდნენ. გამოვიცეკვე. ჩვენდა გასაოცრად, ორივე ამყვა. ეს კადრები ახლაც ინახება. სანამ სამსახურში მივედი, ყველა საინფორმაციომ აჩვენა. უფროსმა მითხრა, მე მგონია, ჟურნალისტი სამუშაოდ მყავს გაშვებული, ეს კი თურმე ერთობაო.


მახსენდება კიდევ ერთი ისტორია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვისათვის თანხები დააწესა. მაჟორიტარ დეპუტატებს მთავრობის ეს ინიციატივა არ მოეწონათ, ვინაიდან, როგორც კულუარებში საუბრობდენენ, ეს დეპუტატები ჰექტრობით ნაკვეთებს ფლობდნენ. აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დანიშნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მოვიდა. დეპუტატები კითხვებს სვამდნენ. ყველა კითხვაში სიტყვა გლეხზე აპელირებდნენ, არადა, მათ საკუთარი საზრუნავი უფრო ჰქონდათ. კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ სურმანიძეს სიტყვით გამოსვლა ვთხოვე. მითხრა, ჟურნალისტები ბოლოსო. ვუპასუხე, რომ არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც გამომსვლელი, ისე ჩავეწერე სიაში.


მოკლედ, მიკროფონთან დავდექი და დავიწყე: თქვენ ახსენებთ სიტყვას „გლეხი". აი, სულ არ მოვერიდები იმის თქმას, რომ გლეხის შვილი ვარ. ნაკვეთები სოფელში ჩვენც გვაქვს. თქვენ აქ მილიონებზე ლაპარაკობთ, სოფლად კი ხალხს პურის ფული ენატრება. წამობრძანდით, ერთი კვირა კახელი გლეხის ცხოვრებით იცხოვრეთ, გაიარეთ ხუთი კილომეტრი ფეხით, დაბარეთ, გათოხეთ, მერე ისევ გამოიარეთ ხუთი კილომეტრი ფეხით და ვნახოთ, ერთი კვირის თავზე რა განცხადებებს გააკეთებთ-მეთქი. დეპუტატებმა ტაში დამიკრეს. იმის შემდეგ სულ ხელაწევით მესალმებოდნენ. ახლა ამ ისტორიაზე მეცინება.



შექება და კრიტიკა

 

ზომიერი კრიტიკაც და შექებაც მისაღებია. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად შექება უფრო გვსიამოვნებს, მაგრამ განვითარებისთვის კრიტიკაც მნიშვნელოვანია. ვცდილობ, ორივე შემთხვევაში თავი ღირსეულად დავიჭირო. არ მიყვარს, როდესაც კრიტიკის თუ წაგების გამო ადამიანი, მით უფრო ქალი, სახეს კარგავს. ძლიერი, განათლებული, ერუდირებული მაშინ ხარ, როდესაც დამარცხებიდანაც თავაწეული გამოხვალ.



რას ნანობთ?

 

ამ ბოლო პერიოდში ერთ რამეს განსაკუთრებით ვნანობ. პატარას მამა გამორჩეულად მიყვარდა. მან ჩემი თითქმის ყველა საიდუმლო იცოდა. ერთხელ ნათესავთან ვისვენებდი. როცა სახლში  დავბრუნდი, პირველი დედა შემომეგება - მე გვერდი ავუქციე და მამისკენ გავიწიე. დედას მერე მივუბრუნდი. ახლა რომ ვაცნობიერებ, რამდენად ცუდად მოვიქეცი, ძალიან ვბრაზდები საკუთარ თავზე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედამ თითქმის ჩემს ხელში დალია სული.  



რაზე გწყდებათ გული?

 

გული შეიძლება ბევრ რამეზე მწყდებოდეს, მაგრამ ყველაფერს გონებით ვაფასებ. ეს ცხოვრება შეფარდებითია. შეიძლება, დიახაც მინდოდა ტელეჟურნალისტობა, კიდევ ბევრი რამ, მაგრამ როდესაც ჩემი თანატოლების სოფლის ცხოვრებას ვუყურებ, იმას, თუ რამდენს ენატრება სამსახური, ღმერთს მადლობას ვეუბნები იმისთვის, ვინც ვარ და როგორც ვარ.  


ვთვლი, რომ  რეალიზებული ადამიანი ვარ. მაქვს ძალიან კარგი სამსახური. მეზრდება ორი სიმპათიური ბიჭი.


 

რა აკლიათ დღეს ადამიანებს?

 

ერთმანეთის მიმართ სიყვარული და გაგება. ხან ისეთ უმნიშვნელო საკითხზე ჩხუბობენ, კამათობენ, მიკვირს. აი, ჩემი სიმშვიდეც უკვირთ და აღიზიანებთ.  

 


 

big_banner
არქივი