logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი - მოგზაური, რომელიც დასარჩენად ეძებს ოკეანის სანაპიროს და, რომელსაც ვერ მიაგნო...
- +

10 აპრილი. 2017. 02:13


 

აჭარის რევოლუცია ხომ გახსოვთ,  ჩოლოქზე ხიდის აფეთქება? - „მოამბის" გადამღები ჯგუფი ერთადერთი იყო, ვინც ამ მოვლენის  კამერით დაფიქსირება შეძლო და ეს კადრი სწორედ, მან და მისმა ოპერატორმა - შალვა სამხარაძემ გადაიღეს.

 

რევოლუციური ბუნების მოზარდი ტრადიციულ ჯახში გაიზარდა. საბჭოთა წყობილების ყველა სიმახინჯე  აპროტესტებდა და სულ იბრძოდა. სკოლაში, წესრიგის დამრღვევი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის შეკრებაც დაავალეს, მაგრამ გაიაზრა, რომ ეს იყო დასმენა და უარი თქვა, რის გამოც პიონერთა ხელმძღვანელმა სახალხოდ დაუხია წითელი ყელსახვევი. საბოლოოდ კი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სკოლის მეხუთე სართულის აივნიდან წითელი ყელსახვევი მოისროლა. დღეს ამაყია, რომ ბოლომდე გაიაზრ საბჭოთა წყობილების ყველა მანკიერება  და დამსმენად არ ჩამოყალიბდა.

 

მშობლებს კატეგორიულად არ მოსწონდათ მის მიერ არჩეული პროფესია, მაგრამ მაინც ჩააბარა. 25 წელია ჟურნალისტად მუშაობს - საკმაოდ წარმატებულადაც. გოგონა, რომელიც ისნიდან მარჯანიშვილამდე ფეხით არაერთხელ წასულ სასწავლებელში... გოგონა, რომელიც იმ პერიოდში იწყებდა კარიერას, როცა რთული დრო იყო, ყველას უჭირდა, მეტრო გვირაბებში ჩერდებოდა, გზის ფულს მეგობრები ერთმანეთს თხოვდნენ, ნათხოვარი ტანსაცმლით დადიოდნენ,  წითელი ნავთქურებით თბებოდნენ და „სიგუას ხაჭაპურებით" გაჰქონდათ  თავი -  დღეს   საკუთარი მედიაბიზნესის კეთებითაა დაკავებული.

 

ქეთი ხოსიტაშვილმა, საინფორმაციო სააგენტოკეთება ერთი პატარა ოთახიდან, 2 კომპიუტერით და სტაჟიორების დახმარებით დაიწყო. არსებობის 5 წლის მანძილზე ნელ-ნელა მასშტაბები გაზარდა.  „დღეს კვირა" უკვე მედიაჰოლდინგად ჩამოყალიბდა, აერთიანებს რამდენიმე მედიაპროდუქტსაქვს თავისი  ადგილი, იმიჯი, რეპუტაცია და სანდოობა, რაც ჩვენს პროფესიაში, ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია.ამბობს და არც ცრუობს!" 

 


 

ოჯახი და ბავშვობა

 

დავიბადე თბილისში, 1977 წლის 31 ოქტომბერს. ამბობენ, რომ ლამაზი და მშვიდი ბავშვი ვიყავი. ტრადიციული, ქართული ოჯახი მაქვს: დედა ქიმიკოსია, კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი იყო  და მერე მრავალი წელი - პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მამა  - წლების განმავლობაში სპირტსაცავი ბაზის დირექტორი იყო და უმეტესად ბიზნესის განხრით მუშაობდა.  მყავს 1 წლით უფროსი ძმა - დათო, რომელიც მუსიკოსია და 13 წლით უმცროსი და - ნინო, რომელიც ნაწილობრივ ჩემი გაზრდილია. შვილები რომ მეყოლა, მეგონა,  ბებია გავხდი, თითქოს  „დედობის" გამოცდილება უკვე მქონდა...


ჩემს აღზრდაში მნიშვნელოვანი როლი ბებიამ და ბაბუამ შეასრულეს. ბებია არისტოკრატი ქალი იყო, უცნაური სახელი ერქვა  - გენო.  დაუღალავი და ენერგიული -  ასე დამამახსოვრდა.  ისე არასოდეს გამოვიდოდა საძინებლიდან, თავის შეკერილ, ათასნაირ მაქმანებიან კაბაში თუ არ გამოეწყობოდა, ფერ-უმარილს და ტუჩის საცხს წაისვამდა,  თმას გადაივარცხნიდა საგულდაგულოდ... მისი ხაჭაპურები და ჩურჩხელები განთქმული იყო!  მოკლედ, კლასიკური გაგებით - ნამდვილი ბებია მყავდა.


ბაბუას რაც შეეხება, 31-ე ქარხანაში წარმოების დირექტორი იყო წლების განმავლობაში. დამამახსოვრდა - სახლის შემოსასვლელში ჩამწკრივებული მისი ცილინდრები, ფერადი ჰალსტუხების მთელი ნაკრები, რომლებიც ერთხელ ონავარმა ბავშვმა დავუჭერი და თოჯინის კაბები შევკერე, ასევე მათემატიკის ოჯახური გაკვეთილები, რომელიც მთელი სიმკაცრით წარიმართებოდა და საიდანაც თავის დაღწევა არცთუ მარტივი იყო, მაგრამ - სასარგებლო.


სახლი, სადაც ერთად ვცხოვრობდით,  შიშკინის ტილოებით - ტყის დათვებით, ფანჯრის რაფაზე იის და პატარძალას ქოთნებით, რაფასთან მერცხლის ბუდეებით, ძველებური შავი პიანინოთი და „კუკუშკა" საათით - ნამდვილად ჯადოსნური იყო.
გვქონდა პატარ-პატარა ტრადიციები. როდესაც ერთად ვსადილობდით, ბაბუას, როგორც წესი, თავისი ადგილი ჰქონდა სუფრასთან, ბებიას - თავისი, დედას, მამას და ჩვენც - ასე... იმ სუფრის სუნიც კი  დღემდე მახსოვს!


ერთად დავდიოდით დასასვენებლად, შაბათობით ან დღესასწაულებზე ეკლესიაში, ვღებავდით სააღდგომო კვერცხებს და ასე შემდეგ.


მშობლები მანებივრებდნენ (ახლაც ასეა).  დედა, რომელმაც მთელი ცხოვრება ჩვენი - შვილების ცხოვრებით იცხოვრა, დღედაღამ ჩვენს განათლებასა და აღზრდაზე იყო ორიენტირებული და მუდამ გვასწავლიდა ადამიანების სიყვარულს, არასოდეს გვაკარგვინებდა მთავარს - თავისუფლებას! 


განსაკუთრებული სიყვარული მქონდა და მაქვს ჩემი ძმის - დათიკოსადმი. ისიც ბავშვობიდან (როგორც ბიძაჩემი) უკრავდა აკუსტიკურ გიტარაზე, მთელი ბავშვობა სახლში გამების და კლასიკური ნაწარმოებების ხმა მესმოდა. მერე ოჯახურად დავდიოდით კლასიკური მუსიკის საღამოებზე, ჯადოსნურ დარბაზებში, სადაც  საოცარი მელოდიები ისმოდა და ცამდე  ამაყი ვიყავი, როდესაც კონცერტებზე ჩემს ვირტუოზ ძმას ოვაციებით და ტაშით ხვდებოდნენ.


ამ ყველაფერს რატომ ვყვები ახლა - სწორედ ამ ტრადიციაზე გავიზარდეთ მეც და ჩემი დედმამიშვილებიც და ცხოვრებაში თუკი რამ ძვირფასი გაგვაჩნია, ალბათ, სწორედ ოჯახი და ეს ადრეული ისტორიებია, რამაც ჩემი და ჩემი და-ძმის პიროვნულ ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა. სამწუხაროდ, ეს ოჯახური წესები და ტრადიციები თანამედროვე დროში უმეტესად დავკარგეთ, რაც გულდასაწყვეტია. ამიტომ სულ ვცდილობ, ასეთი „ოჯახის ისტორია" ჩემს შვილებსაც  შევუქმნა, თუმცა, მარტო რამდენად ვახერხებ ამას, არ ვიცი... ალბათ,  როცა  ჩემი შვილები გაიზრდებიან, ისინი მოყვებიან, რამდენად შევძელი, მათთვის ნამდვილი  ოჯახი მიმეცა.



ეზო და სახლი

 

უწინ, ჩემს ქუჩას 5 დეკემბრის ქუჩა ერქვა (დღევანდელი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა), იქვე წმინდა ბარბარეს ულამაზესი ეკლესიაა.


ტუფის სახლი, სადაც დავიბადე, გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს, მას დახურული ეზო - მთელი ჩემი ბავშვობის სიმდიდრე აქვს.  სამამულო ომის დროს აშენებული სახლის ეზოში 3-4 ბომბსაფარი ნაგებობაც იყო, რომელიც ჩვენი - ეზოს ბავშვების საიდუმლო შტაბებს წარმოადგენდა და იმ დროის მთავარი საიდუმლო, „სტრატეგიული" ობიექტები იყო. ეზო ინტერნაციონალური მქონდა - ერთ სივრცეში ვიზრდებოდით აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი თუ ოსი ეროვნების ბავშვები. რას აღარ ჩავდიოდით -  ვაწყობდით ეზოს სპექტაკლებს, გვქონდა ათასი თამაშობა და შაბათობა. მოკლედ, ეს ნამდვილად ბედნიერი და ნამდვილი ბავშვობა იყო!



ბავშვობის ინტერესები და სკოლა

 

ბაღის წლები, სამწუხაროდ, ბუნდოვნად მახსოვს, სამაგიეროდ არასოდეს დამავიწყდება სკოლა, რომლის განსაკუთრებული სიყვარულიც არასოდეს მქონია. მართალია, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ თავიდანვე რევოლუციური ბუნების მოზარდი ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდი იყო  და  განათლების  სისტემასაც ბევრი სიმახინჯე ჰქონდა, რასაც თავიდანვე ვერ შევეგუე.


ერთი ისტორია დამამახსოვრდა, როდესაც სკოლაში რაზმის საბჭოს თავმჯდომარედ და ყაირათიანთა წევრად ამირჩიეს, დამავალეს, სკოლაში სია მეწარმოებინა, სადაც წესრიგის დამრღვევი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას შევკრებდი და მას პიონერთა საბჭოს წარვუდგენდი. პატარა ვიყავი და გავიაზრე, რომ ეს იყო დასმენა და უარი ვთქვი, რის გამოც პიონერთა ხელმძღვანელმა სახალხოდ დამიხია წითელი ყელსახვევი. ეს დიდ შეურაცხყოფად მივიღე, მაგრამ უკან არ დავიხიე. მერე ეს სიტუაცია ჩემმა სამართლიანმა ბაბუამ გამოასწორა, გვარიანად შეუკურთხა სკოლის „კომუნისტურ ელიტას", მე კი  ჩემს პატარა მაგალითზე მთელი არსით საბოლოოდ გავიაზრე საბჭოთა წყობილების ყველა სიმახინჯე  და ბოლომდე ამაყი ვიყავი, რომ დამსმენად არ ჩამოვყალიბდი. სხვათა შორის, როცა საბჭოთა სისტემა შეიცვალა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სკოლის მეხუთე სართულის აივნიდან წითელი ყელსახვევი მოვისროლე - დღესაც თვალნათლივ მახსოვს შთამბეჭდავი კადრი - შენობის სხვადასხვა სართულებიდან მოსწავლეების მიერ გადმოყრილი ალისფერი ნაჭრები, მიწა წითლად რომ დაფარეს.



სტუდენტობის წლები

 

ჯერ იყო „პლეხანოვი" და დაუვიწყარი  ლიცეუმი, სადაც საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასიდან მოვხვდი. ჟურნალისტიკის სპეციალობას ვეუფლებოდით. ეს მართლაც დასამახსოვრებელი წლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მშობლებს კატეგორიულად არ მოსწონდათ ჩემი არჩეული პროფესია, მე-18 სკოლა-ლიცეუმში მაინც ჩავაბარე.  არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა - გია მურღულია, თამუნა მეიფარიანი, თეონა გოგოლაშვილი, თამარ შაიშმელაშვილი... ისინი სულ სხვა რაღაცას გვასწავლიდნენ, იმას, რასაც ჩვეულებრივ სასწავლო დაწესებულებებში ვერ ნახავდი - თავისუფალ აზროვნებას. შემეძლო, „შუშანიკის წამება", რომელიც რატომღაც მაშინდელი მოზარდებისთვის ნამდვილი წამება იყო (დღეს სხვაგვარად ვფიქრობ), ჩვენებურად შეგვეფასებინა, გაგვეკრიტიკებინა კიდეც, ოღონდ დასაბუთებულად...


ურთიერთობებიც ფანტასტიკური გვქონდა - ერთ ოჯახად შეკრული კლასი, თავისი „კლასიკური" შატალოებით და ათასი ბავშვური თავგადასავლით... სწორედ ლიცეუმის პუბლიცისტიკის პედაგოგის - თამარ შაიშმელაშვილის წყალობით, პირველად, 15 წლის ასაკში მოვხვდი გაზეთ „თბილისის" რედაქციაში... თავისუფალ თემებს კარგად ვწერდი, თამარმაც მირჩია, სტაჟირება მის რედაქციაში გამევლო და მეც - ზებედნიერი დავთანხმდი.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სტატია 1993 წელს,  1 ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გავაშუქე - როდესაც ჩემი ინფორმაცია ბეჭდური გამოცემის ფურცლებზე დავინახე, თავი სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა! ეს ემოცია დღემდე დაუვიწყარია!


მაშინ რთული დრო იყო, ყველას უჭირდა... ეს იყო 1993 წელი - მეტროს მატარებელი რომ გვირაბებში ჩერდებოდა, გზის ფულს რომ ვთხოვდით მეგობრები ერთმანეთს, ნათხოვარი ტანსაცმლით დავდიოდით,  წითელი ნავთქურებით ვთბებოდით და „სიგუას ხაჭაპურებით" გაგვქონდა თავი...


ისნიდან მარჯანიშვილამდე ფეხით არაერთხელ წავსულვარ სასწავლებელში, მერე -რედაქციაში და ასე მთელ ქალაქს ვუვლიდი წრეებს. არ გვქონდა განათლების სრულყოფილად მიღების შესაძლებლობაც.  მახსოვს,  ხშირად შეროზიას ქუჩაზე  სამკითხველო დარბაზს ვსტუმრობდი, რომ ძველი პრესიდან ამომეკითხა საქართველოს უახლესი ისტორია, მეტი გამეგო, ვთქვათ, ეროვნული მოძრაობის თუ იმდროინდელი პოლიტიკური პროცესების შესახებ.


სად იყო მაშინ ან კომპიუტერი, ან მობილური ტელეფონები, ან ის ტექნიკური შესაძლებლობები, რაც დღეს, თანამედროვე დროში გვაქვს - სამაგიეროდ გვქონდა ნამდვილი და ჯანმრთელი ადამიანური ურთიერთობები!


ლიცეუმში 3 წელი ვისწავლე და როდესაც „გეპეიში" ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება  უკვე მქონდა - ფაქტობრივად, სტუდენტობა არ მიგრძვნია, იმიტომ რომ დაუღალავად და  ბევრგან ვმუშაობდი.



კარიერა და პროფესიული წლები

 

ყველა სამსახურს ალბათ ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ 25 წელია, რაც მედიაში ვარ - გამოვყოფ ზოგიერთს. გაზეთებიდან ჩემი უსაყვარლესი -  „7 დღე",  რომელმაც განსაკუთრებულად შემაყვარა პროფესია, ალაგ-ალაგ ვწერდი „დილის გაზეთში",  „ახალ ეპოქაში"... მერე იყო ტელევიზიები: თავდაპირველად „ევრიკა", ტელეკომპანია „იბერია", სადაც თითქმის 5 წელიწადი ვიმუშავე, მოგვიანებით „საზოგადოებრივი მაუწყებელი", „მოამბის" რედაქცია, შსს-ს პრეს-სამსახური... ვიყავი გადაცემა „პატრულის" მთავარი პროდიუსერი, აჭარის ტელევიზიაში - სამხატვრო ხელმძღვანელი და არხის მთავარი პროდიუსერი, და,  კიდევ ბევრი...


ძირითადად, ვაშუქებდი სამართალს და კონფლიქტებს, წლების განმავლობაში, ფაქტობრივად,  ვცხოვრობდი პანკისის და კოდორის ხეობებში, ვაშუქებდი ცხინვალის მოვლენებს... ეს წლები, ათასი ისტორიით და თავგადასავლით, არასოდეს დამავიწყდება.
და ბოლოს, მივხვდი, დრო იყო, ჩემი საკუთარი მედიაბიზნესის შექმნაზე მეფიქრა. ასეც მოვიქეცი. საინფორმაციო სააგენტოს შექმნა  ერთი პატარა ოთახიდან, 2 კომპიუტერით და სტაჟიორების დახმარებით დავიწყე და არსებობის 5 წლის მანძილზე ნელ-ნელა გავზარდე. დღეს „კვირა" უკვე მედიაჰოლდინგად ჩამოყალიბდა, აერთიანებს რამდენიმე მედიაპროდუქტს,  აქვს თავისი  ადგილი, იმიჯი, რეპუტაცია და სანდოობა, რაც ჩვენს პროფესიაში, ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. 



პროფესიული თავგადასავლები და განსაკუთრებული კადრი

 

ასეთი ბევრი იყო, მაგრამ თუ განსაკუთრებულ კადრზე ვისაუბრებთ, გავიხსენებ  აჭარის რევოლუციას, მაშინ მე პირველი არხის ჟურნალისტი ვიყავი და ამ მოვლენებს ადგილიდან აქტიურად ვაშუქებდი.  ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა, ალბათ გახსოვთ,  ჩოლოქზე ხიდის აფეთქება - „მოამბის" გადამღები ჯგუფი ერთადერთი იყო, ვინც ამ მოვლენის  კამერით დაფიქსირება შეძლო და ეს კადრი სწორედ მე და ჩემმა ოპერატორმა - შალვა სამხარაძემ გადავიღეთ.


პროფესიული თავგადასავლებიდან გავიხსენებ 2003 წელსაც და აზერბაიჯანის მოვლენებს, როდესაც იქაური ოპოზიციური ლიდერის, ისა გამბარის თაოსნობით ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ სერიოზული გამოსვლები დაიწყო. ამ მოვლენებს ბაქოში ვაშუქებდი,  და როდესაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა და მომიტინგეები დაარბია (მაშინ  აქციის არაერთი მონაწილე დაიღუპა), მე ეპიცენტრში მოვხვდი. დავინახე, ერთ-ერთ ჟურნალისტს  როგორ უმოწყალოდ სცემდა აზერბაიჯანელი სპეცრაზმელი,  წინ გადავუდექი და გამოვიყვანე. ალბათ, რაკი ქალი ვიყავი,  ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ხელი არ მახლეს. ეს ჟურნალისტი ემინ ჰუსეინოვი აღმოჩნდა, რომელიც საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. როდესაც გამოჯანმრთელდა, მან უკვე თბილისში მომძებნა და დღესაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მოგვიანებით,  აზერბაიჯანის ამ მოვლენების შესახებ „BBC"-მ ფილმიც მოამზადა, რამდენიმე კადრში მეც მოვხვდი, სადაც ჩანს,  თუ როგორ გამომყავს ემინი სამშვიდობოზე...


პანკისშიც და კოდორშიც  არაერთხელ აღმოვჩენილვარ  საშიშ სიტუაციაში... მახსოვს, ერთხელ, როდესაც ხეობა რუსული საფრენი აპარატებიდან დაბომბეს, ქართველმა სამართალდამცველებმა ჩამოვარდნილი ჭურვების გადასაღებად არ შეგვიშვეს ჟურნალისტები და მე და ჩემი ორი ოპერატორი ცხენებით გადავიპარეთ.  ტყეში შემთხვევით ცხენიდან გადმოვვარდი და ტოტმა ყელი გადამიჭრა, თუმცა, ადგილამდე მაინც მივედი და ჩამოვარდნილი ჭურვები გადავიღე.


მქონია შემთხვევებიც, როდესაც ჩეჩენ „ბოევიკებთან" ერთად პანკისში საიდუმლო თავშესაფრებში მიცხოვრია, სადაც მთელი  შეიარაღება ჰქონდათ გადამალული, კამერაც წაურთმევიათ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი ჩემთვის საინტერესო მასალების  მოგროვებას.


არაერთხელ წავუყვანივარ დაზვერვას თუ უშიშროებას დაკითხვებზეც, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა ამ წლებს ვიხსენებ, მაინც შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე გასმული წითელი ხაზები არასდროს გადამიკვეთავს - ბევრჯერ ექსკლუზიურ  მასალაზე უარიც მითქვამს, თუკი მივხვდებოდი, რომ ის ჩემი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებდა.


მაშინ სხვა დრო და სხვანაირი ჟურნალისტიკა იყო - მასალებს რედაქციის ოთახებიდან არ ვაკეთებდით.



პროფესიული კურიოზები

 

საერთოდ, ჩემი მეგობრები ხშირად ამბობენ, რომ პიარ რიშარი ვარ ცნობილი ფილმებიდან, ოღონდ - ქალი. შესაბამისად, თავგადასავლები ჩემს ცხოვრებაში მრავლად იყო.  ახლა რაც მახსენდება, ერთ პროფესიულ კურიოზს გავიხსენებ: მახსოვს, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მას პირველი ვიზიტი ჰქონდა და საფრანგეთში ჟაკ შირაკს ხვდებოდა. ვიზიტს ქართველი ჟურნალისტები ვაშუქებდით.  ჩვენთან ერთად პარიზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია და მიშელ პლატინიც იყვნენ.


ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ლევილს ვეწვიეთ, სადაც სააკაშვილი ადგილობრივ დიასპორას შეხვდა და ცნობილი ქართველების  საფლავები მოვინახულეთ. ამ დროს ჩემთვის მოულოდნელად, პირველი არხის რედაქციიდან დამირეკეს და დაუგეგმავად სატელეფონო ჩართვა მთხოვეს, მოუმზადებელი და ცოტა დაბნეული ვიყავი და ჩართვაში  რამდენჯერმე ვთქვი: ჩვენ ახლა ვიმყოფებით მერაბ ჟორდანიას საფლავთან... ჩვენთან ერთად იმყოფება ნოე ჟორდანია... ეს, რა თქმა უნდა, მექანიკური შეცდომა იყო, რომელიც ალბათ ყველა ჟურნალისტს მოსვლია ან შეიძლება დაემართოს და ეს შემთხვევა მაშინ მეც მეპატია.



ქეთი ხოსიტაშვილი და შემოქმედება

 

თუკი რამეზე ცხოვრებაში გული მწყდება, არის ის, რომ შემოქმედებით ცხოვრებას მოვწყდი.   სპექტაკლებზე, კინოში, ლიტერატურულ საღამოებზე სიარულს ჯერ კიდევ ვახერხებ, მაგრამ ბოლო წლებში წერისთვის დრო აღარ მრჩება - არადა, ეს ჩემთვის ყოველთვის  მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, რაც ცხოვრებისეულ მუხტს მაძლევდა და მასაზრდოებდა.
2007 წელს  გამოვეცი ლექსების კრებული, მქონდა არაერთი შემოქმედებითი საღამო,  თუმცა, ეს ყველაფერი მქონდა - დიდი ხანია მზად მაქვს ახალი წიგნის მასალა, რომელიც დატვირთული გრაფიკის გამო გამომცემლობამდე ვერ მივიტანე.  ძალიან მინდა,  თავი პროზაში მოვსინჯო.  ვგრძნობ, რომ ბევრი უთქმელი, გულში შენახული ამბავი მაქვს, რომელიც ჯერ ჩემიდან გარეთ ვერ გამოვიტანე.


 თუკი ოცნებებზე ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ჩემი ოცნება, სხვა დანარჩენი, რაც ჩემს ცხოვრებაშია, მხოლოდ სურვილებია, რომლებიც უბრალოდ შეიძლება მოიფიქრო, დაგეგმო და განახორციელო. 


სხვათა შორის, 5 წლიდან ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს, ვქარგავდი, ვქსოვდი (ქსოვის სამწლიანი კურსებიც კი დავამთავრე), მოკლედ, ხელოვნებისკენ მქონდა მიდრეკილება.


საერთოდ, მგონია, რომ  ორი კატეგორიის ადამიანები არსებობენ: პირველი -  ისინი, ვინც „რაც გამომივა" - ამ პრინციპით ცხოვრობენ და მეორე - ვინც ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში. მე - მეორე ვარ.


წიგნზე მუშაობის ოცნება იქით იყოს და, რა თქმა უნდა,  მინდა, ჩემი ბიზნესი კიდევ უფრო განვავითარო, მაქვს გეგმებიც, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ. ალბათ,  სიბერეშიც კი ვიცი,  რა  მინდა ვაკეთო. საკუთარი თავის და შესაძლებლობების მჯერა,  სამყაროც მეხმარება რაღაცებში და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი  იმაზე კარგად იქნება, ვიდრე მე წარმომიდგენია.



პირველი სიყვარული და ზოგადად სიყვარული, დამოკიდებულებები

 

მთელი ცხოვრება მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ურთიერთობამ განსაკუთრებული კვალი დატოვა. არცერთი მათგანი არ მახსენდება ცუდად - მიმაჩნია, რომ ყველა ურთიერთობამ შეიძლება დაგიტოვოს რაღაც - ეს იქნება ძლიერი ემოცია, შთაბეჭდილებები, თავგადასავლები, ან თუნდაც მწარე გამოცდილება, რაც ადამიანებს ასევე გვზრდის.


ზოგადად, ყველა ადამიანი ჩემთვის ამოუწურავია და ყველა ურთიერთობა რაღაცას მასწავლის. ის დაბრკოლებები და პრობლემებიც მიყვარს, რაც არაერთხელ გვეღობება ცხოვრებაში, რადგან  სწორედ ისინი გვაძლევენ სტიმულს, გავხდეთ ძლიერები, გვაძლევს ბრძოლის მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას.


ჩემთვის სიყვარული ერთი დიდი ოკეანეა, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს გადაცურავ და ვერც გაიცნობ. ალბათ, უმჯობესია, დატკბე მისი მშვენიერებით და სადამდეც ეს შესაძლებელია,  შეიგრძნო და ისიამოვნო მისით.  შეიძლება, ვიღაც ერთ ნაპირს ეჩვევა, ის უყვარდება, მიეჯაჭვება მას, მაგრამ მე ხასიათით მაძიებელი ვარ. სულ ვეძებ ახალ კუნძულებს,  სივრცეებს, რომლებიც შეიძლება წინანდელზე  უფრო მეტად მომაჯადოებელი იყოს,  დაუსრულებლად ვმოგზაურობ ამ ოკეანეში და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე კიდევ მოვასწრებ ახალი  სანაპიროების დაპყრობას და აღმოჩენას.


ალბათ, ჩემი ოჯახიც ერთი ასეთი კუნძული იყო, რომელსაც ოდესღაც ვსტუმრობდი.... 
რაც უფრო ვიზრდებით ადამიანები, მით უფრო დახუნძლულები ვართ ამ ცხოვრებისეული გამოცდილებით, შთაბეჭდილებებით და უფრო და უფრო რთულდება, იპოვო ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს შენს გაოცებას, მოგცემს განსხვავებულ ემოციას და უბრალოდ ეყვარები. მოგინდება, დარჩე მასთან სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივად მაინც.



შვილები

 

ჩემი ოჯახი ჩემი ულამაზესი, ოქროსქოჩრიანი ელე და ლუკაა.  ელე  ახლა 8 წლის არის და 4 წლიდან ხელოვნებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს. ხატავს, მუშაობს თექაზე, ქანდაკებაზე,  იუმორის საოცარი გრძნობა და დაუოკებელი სურვილი აქვს, გამათხოვოს.


ლუკა 6 წლის არის და დარწმუნებულია, რომ პროფესიონალი მოცურავე გამოვა, ოქროს მედალსაც მიიღებს და გოგოების გულსაც დაიპყრობს. უზომოდ თბილი და მოსიყვარულეა.
ელე ხშირად  მსაყვედურობს რთული გრაფიკის გამო და დარწმუნებულია, იმავე წესით არასოდეს იცხოვრებს.  ამბობს, რომ როცა გაიზრდება, ათი შვილი ეყოლება, მხოლოდ ერთი მამისგან და მე თუ არ გავთხოვდები, ის მაინც მოძებნის ისეთ ქმარს, ვინც მას კარიერაში მიეხმარება და რაც მთავარია,  თვითონ იმუშავებს, იქნება წარმატებული ადამიანი. არ ვიცი, ვინ ასწავლა, სად მოისმინა, მაგრამ ელე დარწმუნებულია, რომ ოჯახში კაცი „მთავარია" და ის უნდა შრომობდეს ბევრს, დედამ კი შვილებს მეტი დრო დაუთმოს.
არ გამოდის მთლად ისე, ელეს რომ უნდა, მაგრამ  ვიცი, რომ ჩემი შვილებისთვის დღეს მაქსიმუმს ვაკეთებ. მარტივი არ არის, მარტომ გაზარდო 2 შვილი, მისცე სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.


ვიცი, რომ ბევრი მშობელი დღეს  დიასახლისია,  დილიდან საღამომდე უვლის შვილებს, დაკავებულია სახლის საქმეებით, ფიზიკურად შრომობს, მაგრამ შვილებთან კონტაქტი არ აქვს. მე ეს შემთხვევა არ ვარ.  იმ მცირე დროშიც კი, როცა სახლში ვარ,  შვილებს მაქსიმალურად ბევრს ველაპარაკები და როცა მათთან ვარ,  ჩემთვის არ არსებობს არც სამსახური და არც სასწრაფო ზარი ტელეფონზე... მე ბოლომდე მათი და მათთან ვარ! ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


ახლახან ახალი სახლი შევიძინე და ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად გადავედი, უზომოდ ბედნიერები არიან. თუმცა,
რომ არა დედაჩემი, ბავშვებს მარტო ვერ გავზრდიდი. მიუხედავად იმისა, რომ  ახლა ცალკე ვცხოვრობთ, დედა თავიდან ბოლომდე, დილიდან საღამომდე მათი აღზრდის პროცესით არის დაკავებული. საერთოდაც მგონია, რომ დედაჩემი გმირია -  ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში  გვერდში მიდგას და  სიცოცხლეზე მეტად მიყვარს!



ლამაზი ქალი

 

ყველაზე ლამაზი ქალი,  გამოძინებული ქალია,  -  გაგიგიათ ალბათ ნახევრად ხუმრობით ნათქვამი  ეს ციტატა და აბსოლუტურად ვეთანხმები.  უფრო სერიოზულად კი,  ადამიანებს, არც მამაკაცს და არც ქალს - გარეგნობით არ ვაფასებ, თუმცა, ვთვლი, რომ  ყველა ადამიანი თავის თავს უნდა უვლიდეს, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.


საერთოდ,  საკუთარი თავის სიყვარული, ყველა შემთხვევაში, მთავარია. ხშირად  ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, ათას მიზეზს პოულობენ, ოღონდ საკუთარ თავთან მარტო არ დარჩნენ, არ იცნობენ მას, არ უყვართ, პატივს არ სცემენ და მერე გარესამყაროსგან  განსხვავებულ დამოკიდებულებას მოითხოვენ.


ბანალურია, მაგრამ ასეა: თუ შენი თავი არ გიყვარს, სხვასაც ვერ მოსთხოვ, უყვარდე. ეს ასეა!
ყველა ადამიანი ლამაზია, ვინც  საკუთარ გარეგნობაზე და შინაგან სამყაროზე  ერთნაირად ზრუნავს და რაც მთავარია, კარგად გამოძინებაც გამოსდის.



რა აკლიათ დღეს ადამიანებს?

 

ადამიანებს დღეს სიყვარული აკლიათ. ეს ზუსტად საკუთარი თავის „არსიყვარულიდან" მოდის და კიდევ ერთი მთავარი რამ,  რაც ადამიანურ ურთიერთობებს ხშირად აფუჭებს:  ხშირად ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან... აი, ვთქვათ, ეწყინათ, გაბრაზდნენ, დაეჭვდნენ რამეზე - აგროვებენ და აგროვებენ გულში სათქმელს და ერთხელაც ამ დიდ შავ ბურთად ქცეულ ბრაზს ერთიანად ამოანთხევენ. მაშინ, ხშირად უკვე შეუძლებელია სიტუაციის განმუხტვა, ურთიერთობების შენარჩუნება, რაღაც ტყდება, ზიანდება, ფუჭდება და მისი გადარჩენა ძნელია.



ეტაპი, რომელზე საუბარსაც თავს არიდებთ?

 

ასეთი არ არსებობს. მთელი ცხოვრება იმდენად გახსნილი ვარ, ჩემი არაფერი იმალება და არც   რაიმე მაქვს დასამალი. საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერი სახეზე  მეტყობა - სიხარულიც, მწუხარებაც... ძალიან მიყვარს ჩემი წარსული  თავისი მარტივი და რთული ეტაპებით და სულ ვცდილობ,  არც წარსულით და არც მომავლით არ ვიცხოვრო. ასეთ დროს დღევანდელი დღე გვეპარება,  ხელიდან გვისხლტება, რომლის დაჭერასაც ხშირად ვერ ვახერხებთ... არადა, მთავარი ბედნიერება ხომ ის არის, რომ ახლა, ამ წუთას,  აქ და ასე ვართ, შეგვიძლია ვისუნთქოთ, ყველა წუთს მოვეფეროთ და ბოლომდე შევიგრძნოთ სამყაროს მშვენიერება, რომელსაც რატომღაც ბევრი ადამიანი ვერც კი ამჩნევს.



ვინ არის ქეთი ხოსიტაშვილი დღეს?

 

ქეთი ხოსიტაშვილი ორი ანგელოზი შვილის დედაა, ჟურნალისტია, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი პროფესია, რომელიც ოცნებობს წერაზე, არასოდეს იცის, მეორე დღეს სად იქნება  და მისი არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს... ვერ იტანს გრაფიკებს და განრიგებს,  ხშირად გარბის კომფორტის ზონიდან, სულ შეყვარებულია, ხანდახან მოგზაურობს, მაგრამ  ოკეანის იმ სანაპიროს, სადაც დიდხანს მოუნდება დარჩენა, ჯერჯერობით ვერ მიაგნო...


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი