logo_geo
მაკა რაზმაძე - მერაბ კოსტავას პატარა მეგობარი, რომელსაც ძალიან უყვარხართ თქვენ, ადამიანები!
- +

20 აპრილი. 2017. 21:17


 

 

მის ცხოვრებაში, ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს. ხიბლიც და  ტკივილიც... ცხოვრებამ ლეგენდადქცეულ ადამიანებთან დააკავშირა, ყველაფერმა ერთად კი - ომებთან. მუდმივად ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და მისი ერთდერთი იარაღი კამერა იყო. ჩემი და ჩემ შემდგომი თაობის დიდი ნაწილისთვის, ის „ობიქეტივთან“  და დღეს, უკვე „იბერიასთან“ ასოცირდება, როგორც ამ მაუწყებლების ერთ-ერთი წამყვანი სახე, რეალურად კი, მისი კარიერა ბევრად ადრე, თბილისის ომის დროს დაიწყო, ომის დროს, რომელმაც ჯერ კიდევ პატარა გოგონას დაუტოვა მოუშუშებელი იარა და ოჯახი, რომლიც 18 წლის ძმის, გიორგის გარდაცვალებამ გაანადგურა.

 

„ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელი ქუჩაშიც არ გამოვდიოდი.  საერთოდ არ მეგონა, თუ ამის მერე ან გავიცინებდი, ან ვიცხოვრებდი... საერთოდ აღარაფერი აღარ მინდოდა. თუმცა მერე, წლების შემდეგ მივხვდი, რომ როდესაც ცოცხალი რჩები, ან მაშინვე უნდა გაჰყვე იმ ადამიანს და აღარც შენ დარჩე ცოცხალი, ან თუკი რჩები, მერე უკვე ცოცხლების კანონებით უნდა იცხოვრო და არავინ შეაწუხო შენი ტრაგედიით. და მეც განვაგრძე ცხოვრება...“- გვიყვება...

 

ომების პერიოდში, გმირობის მაგალითები თუკი ვინმემ აჩვენა, ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტები იყვნენ. თუკი „ომს არ აქვს არანაირი გამართლება და ყველა ის ადამიანი, ვინც იმ ომში წავიდა, იბრძოლა, დაიღუპა თუ ცოცხალი ჩამოვიდა - არ აქვს მნიშვნელობა...“ ვიღაცისთვის, არის გმირი, მაშინ ჩვენთვის მაკა რაზმაძეც გმირია.

 

„იყო ძლიერი, ეს დაახლოებით იგივეა, რომ იყო ქალი. თუკი ხალხისთვის ამის მტკიცება გიწევს, ესე იგი, არ ხარ ასეთი!“ - მარგარეტ ტეტჩერი.

 

 

ასეა, ვიღაცას სჭირდება მტკიცება, რომ არის ძლიერი, ვიღაცას სიძლიერეში კი მისი განვლილი გზა გვარწმუნებს. არც მაკა რაზმაძეს სჭირდება მის სიძლიერეში ვინმეს დარწმუნება... 

 

 

 

ბავშვობა, ოჯახი

თბილისში დავიბადე. ჩემი მშობლები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როცა მე გავჩნდი.  სტუდენტები იყვნენ, ორივემ მოსკოვში მიიღო განათლება. ბაბუაჩემი  მამის მხრიდან მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის პრორექტორი იყო და იქ ცხოვრობდა. მე ბებიამ გამზარდა - დედის დედამ, ასე  ვთქვათ - ბებიას გოგო ვარ. მამა სოლოლაკელი იყო, დედა - აღმაშენებელზე ცხოვრობდა. მერე, ორივე სოლოლაკში გადავიდნენ. სანამ მოსკოვში იყვნენ, მე ვცხოვრობდი აღმაშენებელზე - ბებიასთან. თუმცა, მათი ჩამოსვლის მერეც იქ დავრჩი, ვეღარ მოვშორდი ბებიას.


თბილისელები ვართ როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან. სოფელი არ გვაქვს, სამწუხაროდ, თუმცა, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი და ძალიან მინდოდა მქონოდა სოფელი.

 

 

საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღში სოლოლაკში დავდიოდი. დედაჩემი რუსულ ენას ასწავლიდა, თუმცა, მე მის ჯგუფში არ  ვიყავი. დიდხანს არც მივლია საბავშვო ბაღში, მაგრამ დღემდე მახსოვს ჩემი რამდენიმე ჯგუფელი.


მახსოვს ერთი საშინელი მომენტი ამ პერიოდიდან, რომელიც ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება...  ერთი პატარა ბიჭი იყო - ლევანი, რომელთანაც ვმეგობრობდი. არ უყვარდა ბორშჩი, არ ჭამდა. ერთხელაც, ერთ-ერთი პედაგოგი მივიდა მასთან და დასჯის მიზნით ბორშჩი ზემოდან გადაასხა. ჩვენ, ბავშვები ამას ვუყურებდით... მთლიანად ბორშჩით გაწუწული იყო ის პატარა ბიჭი და ამის შემყურე ბავშვები ვტიროდით, მაგრამ ვერ დავიცავით. ეს ამბავი დამამახსოვრდა როგორც საშინელება და აღარასდროს დამვიწყებია. მას შემდეგ   სულ მაქვს გონებაში, რომ ის, ვისაც ერევი, არასდროს არ უნდა დაჩაგრო. როცა ვხედავ, რომ ძლიერი სუსტს ჩაგრავს, ის ძლიერი მზიზღდება. ასეთ შემთხვევებში ის პატარა ბიჭი ლევანი მახსენდება, რომელიც ვერ დავიცავით ბავშვებმა - შუაში ჩავუხტები  ხოლმე და ვცდილობ, ახლა მაინც დავიცვა დაჩაგრული.

 

 

სკოლა

ცხოვრებაში ყველა ეტაპს აქვს თავისი ხიბლი და ძალიან მიყვარს ყველა მათგანი. სკოლა, როგორც ალბათ ყველა ბავშვისთვის, ჩემთვისაც იყო ერთ-ერთი  საყვარელი პერიოდი. 23-ე სკოლა დავამთავრე. ფრანგულს ვსწავლობდით გაძლიერებულად. ძლიერი და შეკრული ჯგუფი გვქონდა. ძალიან მიყვარს ჩემი კლასელები. დღემდე ვიკრიბებით ხოლმე და დღემდე გვაქვს  ურთიერთობა.

 

 

სტუდენტობა

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაინც თეატრალურზე ჩავაბარე. მამაჩემი არ მელაპარაკებოდა ამის გამო რამდენიმე წელი. ჩემს არჩეულ პროფესიას არ ცნობდა. მამას უნდოდა, დიპლომატი გამოვსულვიყავი. სხვათა შორის, ვნანობ, რომ არ დავუჯერე. ახლა უკვე მგონია, სწორი იქნებოდა,  ეს რომ გამეკეთებინა.


კინოს და თეატრის მსახიობი ვარ პროფესიით. ლილი იოსელიანმა მიმიღო. მისაღებ გამოცდაზე უმაღლესი ქულა, ხუთიანი მივიღე ყველანაირი „ჩაწყობების" გარეშე, რადგან ქალბატონ ლილისთან ჩაწყობა შეუძლებელი იყო და მთელი ცხოვრება საამაყოდ მაქვს ეს ფაქტი. მანამდე მე-9-10 კლასებში მიშა თუმანიშვილთან ვმუშაობდი კინომსახიობთა თეატრში. 5-6 ახალგაზრდა ვიყავით უშტატოები. ვეხმარებოდით რეკვიზიტში  და სცენაზეც ვიდექით ხოლმე.  ძალიან მოგვწონდა და ალბათ, ამან განაპირობა კიდეც ჩემი არჩევანი.


ინსტიტუტი რომ დავამთავრე, თემურ ჩხეიძემ წამიყვანა მარჯანიშვილის თეატრში... მერე არეულობები დაიწყო და წამოვედი თეატრიდან. ჩავები ეროვნულ მოძრაობაში.

 

 

ტელევიზია

მოულოდნელად მოვხვდი ტელევიზიაში, უცებ შემაგდეს პირდაპირ ეთერში. კომუნისტური წყობა იყო ჯერ და ტელევიზიის მაშინდელმა თავმჯდომარემ არჩილ გოგელიამ   უპრეცედენტო ალტერნატიული რედაქცია გააკეთა, სადაც ეროვნული მოძრაობის ამბები და მოვლენები უნდა გაშუქებულიყო. „კვირიაკე" ერქვა გადაცემას. ზუსტად მაშინ მერაბ კოსტავასთან გავიცანი არჩილ გოგელია. მან  მომკიდა ხელი და წამიყვანა ამ გადაცემის წამყვანად. მაშინ აფხაზეთიც ჩვენი იყო და აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყველგან ჩავდიოდით და  სიუჟეტებიც კეთდებოდა ამ გადაცემაში. ზვიად გამსახურდია სწორედ ჩემთან იყო სულ პირველად პირდაპირ ეთერში. სტუდიაში მოვიდა და შედგა მისი პირველი საეთერო ინტერვიუ. მაშინ, ჯერ,  ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო და საპრეზიდენტოდ ემზადებოდა.


მერე დაიწყო არეულობა, სამოქალაქო თუ რაც ერქვა - ის ომი თბილისის ქუჩებში. გახსენებაც არ მინდა, იმდენი ტკივილი მოიტანა იმ ომმა და იმ დღეებმა. ტყვიაც მომხვდა მაშინ ხერხემალში შუა რუსთაველზე, გადაღებულიცაა ეს კადრები. თამრიკო დეკანოსიძემ გადაიღო, ერთად ვიყავით ტყვიების წვიმაში.

მერე აფხაზეთის ომი იყო... ამ ომშიც წინა ხაზზე ვიყავი პირველი დღიდან. კამერა მეჭირა და ეს იყო ჩემი იარაღი, მე თვითონ ვიღებდი ყველაფერს, მერე ანძიდან თბილისში ვაგორებდი მასალას. მარტო მე არ ვიყავი ასეთ სიტუაციაში - თამრიკო დეკანოსიძე, ირინა გოგოსაშვილი, გოგა ჭყონია... ბევრი... ქართველი ჟურნალისტები წინა ხაზზე ვიდექით. შიში ხან იყო და ხან არა - კამერაში როცა იყურები, იმდენად არ გაქვს შიში. ვერ აღიქვამ, რომ შესაძლოა, შენც მოგხვდეს ტყვია - თითქოს კინოს უყურებ კამერით. რომ იღვიძებ დილით და გადიხარ - არ იცი, საღამოს დაბრუნდები  თუ არა შტაბში. ერთად ვყოფილვართ, გასულან პოზიციაზე და უკან აღარ დაბრუნებულან... გიორგი პოპიაშვილი, გულიკო გოდოლაძე, გრიშკა დოლგოპოლოვი, საშკა იოსელიანი, დათო ბოლქვაძე... დღეს აღარ არიან....  ომების პერიოდში, გმირობის მაგალითები თუკი ვინმემ აჩვენა, ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტებიც იყვნენ.

 

 

ძმა...

გიორგი 18 წლის იყო...მწვანეთვალება, მაღალი, სიმპათიური.... იმ დღეს, მისი დაბადების დღე იყო - 3 ივლისი. მე სოხუმში ვიყავი. დედაჩემმა დამირეკა შტაბში - გიორგი რაჭაში წავიდა ბიჭებთან ერთად და არ ჩანსო. გულმა ცუდი მიგრძნო. მაშინვე  დავბრუნდი თბილისში. ვეძებდით... მესამე დღეს სოხუმიდან დამირეკეს... ბრძოლის წინა ხაზიდან 30 მეტრის იქით უპოვიათ დაღუპული... ჯერ დაკრძალული არ იყო და საშკა იოსელიანმა ჩამომიტანა კადრები... - „გზაში ერთად მივდიოდით, არ  ვიცოდი, რომ შენი ძმა იყო, რომ შევხედე, გავიფიქრე - ეს რა ლამაზი ბავშვები არიანო". ჩემი ძმა და მისი მეგობრები იყვნენ... 17-18 წლის ბიჭები. -„გადაღება დავიწყე - ნახოს საქართველომ, რა ლამაზი ბიჭები არიან ჩვენი მეომრებიო. მთხოვეს - სახლში არ იციან და კადრში არ მოგვახვედროო". ამიტომაც ცოტა კადრები ჰქონდა და მომიტანა. სვეტიცხოველში შეუვლიათ, უწმინდესს ჯვრები დაურიგებია... ეს კადრებიღა დამრჩა...


ამ ტრაგედიის შემდეგ, ისევ წავედი... მაგრამ ომი მალე დამთავრდა. დაახლოებით ორ თვეში.


ჩვენი ოჯახი გიორგის ამბის მერე განადგურდა. მამაჩემი გადაჰყვა ამ ამბავს. აბსოლუტურად ჯანმრთელი, ორმეტრიანი კაცი რამდენიმე თვეში აღარ იყო... დეპრესიული სიკვდილი დაუდასტურდა. მთელი ოჯახი დავიშალეთ, გავნადგურდით. ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელი ქუჩაშიც არ გამოვდიოდი. საერთოდ არ მეგონა, თუ ამის მერე ან გავიცინებდი, ან ვიცხოვრებდი... საერთოდ აღარაფერი აღარ მინდოდა. თუმცა მერე, წლების შემდეგ მივხვდი, რომ როდესაც ცოცხალი რჩები, ან მაშინვე უნდა გაჰყვე იმ ადამიანს და აღარც შენ დარჩე ცოცხალი, ან თუკი რჩები, მერე უკვე ცოცხლების კანონებით უნდა იცხოვრო და არავინ შეაწუხო შენი ტრაგედიით. და მეც განვაგრძე ცხოვრება...


ომს არ აქვს არანაირი გამართლება, მაგრამ  ყველა ის ადამიანი, ვინც იმ ომში წავიდა, იბრძოლა, დაიღუპა, თუ ცოცხალი ჩამოვიდა - არ აქვს მნიშვნელობა... ჩემთვის არის გმირი. როდესაც მიდიხარ საკუთარი სამშობლოს დასაცავად, ხარ გმირი! და სრულიად შემთხვევითობაა, რომ ის ტყვია მოხვდა შენს გვერდზე მდგომს და არა შენ.  ამიტომ სადაც ვარ, იქ არასდროს არავის ვათქმევინებ  მეომრებზე და ვეტერანებზე თუნდაც გადაკრულ სიტყვას. მეომარზე ცუდის თქმა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც თავისი თვალით არ აქვს ნანახი, როგორ გმირობებს სჩადიოდნენ ჩვენი მეომრები - რადგან მაშინ თვითონ  ბუჩქებში იმალებოდნენ, ქვეყნიდან  გარბოდნენ... ასეთები დღეს რომ მეომარ ბიჭებზე იწყებენ ლაყბობას, არ შემიძლია, შევეგუო და ყოველთვის გავცემ სათანადო პასუხს.

 

 

მერაბ კოსტავა

ეს იყო და არის კაცი ლეგენდა.


ჩემზე ამბობდა  ხოლმე -  ეს ჩემი პატარა მეგობარიაო და გული დღემდე სიამაყით მევსება ამის გამო. სად აღარ დავყავდით ახალგაზრდები. ნახევარი საქართველო მასთან ერთად მაქვს შემოვლილი. მერაბი უმეტესად ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო ხოლმე. საოცარი ადამიანები იყვნენ... მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ასეთ საოცარ ადამიანს.


მერაბი იყო ადამიანი, რომელიც თითქოს არც იყო დედამიწაზე. სიკეთით დაფრინავდა ჰაერში. ასეთი კეთილი, ასეთი არამომხვეჭელი  ადამიანი, მე ცხოვრებაში აღარასდროს მინახავს. ის იყო ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი ენანებოდა სხვისთვის.


ერთხელ მეც იქ ვიყავი, როცა ძვირფასი ფეხსაცმელი მოუტანეს საჩუქრად და არ მიიღო. მე რად მინდა, აი, მე მაქვსო ჩემი, 13 მანეთი ღირს და მყოფნის, ეს ვინმე გაჭირვებულს აჩუქეთ, იმას უფრო სჭირდებაო.  


უყოყმანოდ და თავისუფალად შეეძლო, ყველაფერი დაეთმო სხვისთვის. მის სახლში ვის ეძინა, ვინ რჩებოდა, ვის რას ატანდა... ბევრი რამ ვისწავლე მისგან. მერაბისგან ვისწავლე ისიც, რომ ადამიანებს არასდროს არ უნდა გადაუხადო სამაგიერო. ვისწავლე, რომ გაბოროტებული და გამწარებული ადამიანი არის მის სამიზნეზე უფრო ცოდო... ის მტრებსაც კი, როგორც საწყალ ადამიანებს, ისე უყურებდა. „ჩვენ ვებრძვით სისტემას და არა ადამიანებს, რადგან ადამიანებიც ამ სისტემის მსხვერპლნი არიანო", - ხშირად უთქვამს.


ასეთი ადამიანი იყო მერაბი. გული მწყდება, რომ თამთა, მისი შვილი, რომელიც ჩემი მეგობარია, დღეს ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.  თამთა არ ცხოვრობს ნორმალურ პირობებში. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ვერ იმუშავებს, თორემ ამას არ ვიტყოდი. ამიტომაც მგონია, რომ მერაბ კოსტავას ერთადერთ შვილს, სახელმწიფოსგან მეტი ეკუთვნის, ვიდრე დღეს აქვს.


ერთ დეტალს გავუსვამ კიდევ ხაზს - თამთას მუზეუმზე სწყდებოდა გული... მერაბ  კოსტავას სახლი მუზეუმად, სახელმწიფო ორგანიზაციად გადაკეთდა და ამ მუზეუმში თამთას არ უშვებდნენ. დამირეკა, გულნატკენი იყო... ტიროდა. მას ქონება არ სჭირდება, მერაბისნაირია...  თამთას ყურადღება სჭირდება.

 

 

სიყვარული

პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს. არც მაქვს ისეთი მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება, რომ ამაზე საუბარი ღირდეს. ერთადერთხელ მიყვარდა,  ერთადერთი ადამიანი მყავდა და დღეს აღარ მყავს. არც მანამდე და არც მის შემდეგ არავინ არ მყოლია. ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება სულ... და მეტი არც არაფერი.  მე მგონია, რომ პირად ცხოვრებაზე იმან უნდა ისაუბროს, ვისაც უხარია. ვისაც აქვს მოსაყოლი, თუნდაც  10 შეყვარებული ჰყავდეთ გამოცვლილი, მერე რა?!  მე არ მყოლია, თორემ არ ვთვლი, რომ სხვას არ უნდა ჰყავდეს. მე რა მოვყვე? - რომ ერთადერთხელ მქონდა ურთიერთობა და ისიც ისე დასრულდა, რომ გახსენებაც არ მინდა? ეს რა მოსაყოლია? ყველა კარგად იყოს თავის გზაზე... არანაირი სამაგიერო და არანაირი ამბების გარკვევა. რაღაც არ იყო სწორად, არ იყო ჩემთვის მისაღები. ამიტომ უბრალოდ მოვტრიალდი, წამოვედი და მორჩა.


ჩემთვის ერთი იყო სიყვარული, მაგრამ ზოგადად ალბათ იმდენია,  რამდენჯერაც მოდის. ჩემი აზრით, სიყვარული ის კი არაა, როცა გაიცნობენ ისეთს, როგორიც არის და მერე ეძალავებიან ადამიანს, რომ შეცვალონ და გადააკეთონ ისე, როგორც მათ უნდათ. სიყვარული უფრო ისაა, როცა  ორივე ადამიანს თვითონ უჩნდება სურვილი,  ერთმანეთის გამო და ერთმანეთის გასაბედნიერებლად შეიცვალონ. როცა ამის სურვილი არ არის - ურთიერთობაც არაფერი არ არის ალბათ.

 

 

კრიტიკა

იმ დროში, რომელშიც მე ვიზრდებოდი, არ მახსოვს, რომ ვინმეს გაველანძღე, ჩემზე ცუდი ეთქვა, ეწყენინებინა... მერე  დიდ ასაკში როდესაც ამას წავაწყდი, შოკირებული ვიყავი. დღემდე მერევა ყველა ინტრიგა, იმიტომ რომ არ მაქვს ამის იმუნიტეტი, მოსიყვარულე გარემოში ძალიან ლაღად ვიცხოვრე, არ მყავდა ირგვლივ ჩასაფრებული გაბოროტებული ადამიანები. არ  ვიცი, მერე რა შეიცვალა ადამიანებში...

 

დღეს კრიტიკა ლანძღვაში ერევათ, თითქოს  ზღვარი წაიშალა.


როდესაც წლების წინ სოციალურ ქსელში დავრეგისტრირდი, პირველად შევეჯახე, რომ ვიღაც მლანძღავდა და ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. თავიდან, იმდენად შოკში ჩავვარდი, რომ გაუქმებაც მინდოდა. მერე, ნელ-ნელა მოვიგერიე იმით, რომ არავის არ დავუბრუნე ხურდა. ლანძღვაზე არავის ვუპასუხე ლანძღვით. ვესაუბრებოდი, ვუხსნიდი და ადრე მლანძღველებიდან ბევრი დამიმეგობრდა კიდეც.... შეჩვევით ვერასდროს შევეჩვევი, მაგრამ ახლა უკვე იმდენად იშვიათად მესმის ჩემს მიმართ აგრესია, რომ დიდად აღარ მოქმედებს.

 

 

კარიერა

ძალიან კარგი სამსახურები მქონდა. უნიჭიერეს, უმაგრეს ადამიანებთან ერთად მიმუშავია და დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა და ვმეგობრობ. არასდროს წამოვსულვარ სამსახურიდან ისე, რომ ვინმე მელანძღოს ან ველანძღე. თუმცა, იყო უმძიმესი დროც და პერიოდიც ჩემთვის. როცა ხელისუფლება შეიცვალა, ვინც წინა ხაზზე დავდიოდით - სოხუმში და ა.შ. - ანუ ე.წ. „ომის თაობა", ისე მოხდა, რომ მთლიანად ჩაგვხსნეს  ყველაფრიდან. არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ყველგან დაბლოკილები აღმოვჩნდით. არაერთი ჟურნალისტი გეტყვით ამას საკუთარ თავზეც. საღამოს რომ მეტყოდნენ - მოდით, მიგიღეთ  სამსახურშიო, მეორე დილით მეუბნებოდნენ, უი, შეგვეშალა,  მერე  დაგირეკავთო. დრო გავიდა და  გაირკვა, რომ არსებობდა სპეციალური სიები იმ ადამიანების, რომლებსაც არ უნდა ემუშავათ.  არსად აღარ ვჭაჭანებდი. ყველგან დაიბლოკა ჩემთვის გზა.


არ ვიცოდი, რა მექნა. ადამიანმა უნდა იმუშაო, თუნდაც იმიტომ, რომ რეალიზებული იყო და გქონდეს შემოსავალი თავის სარჩენად. სანამ შეგიძლია, უნდა აკეთო ადამიანმა რამე. ხურდას მოგცემენ? ხურდა უნდა აიღო და ხურდაზე იმუშავო...


რადგან პროფესიით მუშაობა არ გამოვიდა, სხვა გზები ვეძებე.


იმ პერიოდში მიმუშავია ვეტერანებში, „ინვალიდთა ლიგაში" - ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სამსახური, ჩვენ გავაკეთეთ პირველი პანდუსები დედაქალაქში, აქტიური ცხოვრებისკენ  მოვაბრუნეთ  არაერთი ტრავმირებული ადამიანი. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირებთან ერთად. გოგა კოხრეიძე, გია ძნელაძე, დათო მაისურაძე, ზურა ძიძიგური - თვითონ ეტლით მოსარგებლე ადამიანები როგორ ეხმარებოდნენ სხვებს.


იმ პერიოდის გამოცდილებიდან, ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ვერ პოულობენ სამსახურს. ეს არის უმძიმესი და ყველა უნდა ვეცადოთ, დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს და არა დავცინოთ მათ.


ახლა ტელეკომპანია „იბერიაში" ვმუშაობ  საუკეთესო და უძლიერეს გუნდთან ერთად და ჩემს მაგალითზე ვეტყვი იმათ, ვისაც დღეს  არ აქვს საშუალება, თავისი საყვარელი საქმე აკეთოს - ნუ გეშინიათ, არასდროს დანებდეთ და ბედი აუცილებლად დაგაჯილდოვებთ ამ შემართებისთვის. არასდროსაა გვიან თავიდან დაწყება - მე ეს უკვე ზუსტად ვიცი.

 

 

მაკა რაზმაძე და პოლიტიკა

რამდენჯერმე მქონია შემოთავაზება პოლიტიკაში წასვლაზე, მაგრამ უარი ვთქვი. არც მიფიქრია. უზენაესი საბჭოს არჩევნების წინ, როცა მერაბ კოსტავა უკვე დაღუპული იყო, ზვიდ გამსახურდია მოვიდა ჩემთან სახლში - ახლა ვიწყებთ სერიოზულ ბრძოლას და მინდა, შენც ჩემს გვერდზე იყოო. მერაბი ცოცხალი აღარ არის და რად მინდა პოლიტიკა-მეთქი... ძალიან  ტრავმირებული ვიყავი და თან ახალგაზრდა... არ მესმოდა, რატომ უნდა მდომოდა დეპუტატობა. მაშინ ასეთი მიდგომა იყო ჩვენს თაობაში- „განა მე იმისთვის ვიბრძოლე, რომ მერე რამე თანამდებობა, სიკეთე მივიღო?"  ეს მიუღებელი იყო ჩვენთვის და მეც უარი ვთქვი. მერეც იყო შემოთავაზებები სხვებისგან რამდენჯერმე - ისევ უარი. მომავალში რა იქნება არ  ვიცი, ვნახოთ...

 

 

ვინ არის მაკა რაზმაძე?

 ის ვარ, რასაც  მხედავთ. ზურგსუკან არ მაქვს რაღაცეები დატოვებული. არ მიყვარს მიჩქმალვით ცხოვრება. რაც არის, ყველაფერი ზედაპირზე მაქვს... მე ვარ უბრალოდ მაკა რაზმაძე, რომელსაც ძალიან უყვარხართ თქვენ, ადამიანებო!

 

 

 

მაკა რაზმაძე და ლილი იოსელიანი;

 

 

საშკა იოსელიანი,  ნინო ზაუტაშვილი  და  მაკა რაზმაძე; 

 

 

ინვალიდთა  ლიგის  პროგრამის  მონაწილეებთან  ერთად;

 

 

ზვიად გამსახურდია, თამთა კოსტავა, თამთას დედა - ლალი გიორგაძე მაკა რაზმაძე;

 

 

მაკა რაზმაძე  და  თამაზ ნადარეიშვილი - სოხუმი;

 

 

ირინა სარიშვილი ტერაქტის შემდეგ,  პირველი ინტერვიუ;

 

 

მაკა რაზმაძე  და  სერგი გვარჯალაძე;

 

 

მაკა რაზმაძე  და  გოგა კოხრეიძე;

 

 

გიორგი რაზმაძე,  მაკა რაზმაძის ძმა;

 

 

მაკა რაზმაძის დედა;

 

 

მაკა რაზმაძე და თამთა კოსტავა - მერაბ კოსტავას ერთადერთი შვილი; 

 

 

 მაკა  რაზმაძის  კლასი  და  კლასელების  შეკრება;

 

 

 

 

მაკა რაზმაძე  და  ინგა გრიგოლია:

 

 

მაკა რაზმაძე;

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი