logo_geo
თეა წულუკიანი: ჩვენ ისტორიული წელი გვქონდა სპორტის მრავალი მიმართულებით და ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი ლამაზი სიტყვა, ეს რეალობაა
- +

14 დეკემბერი. 2023. 00:05

"მე მინდა ჩვენს სპორტსმენებს ვუთხრა მადლობა სამაგალითო შედეგებისთვის. ჩვენ ისტორიული წელი გვქონდა მრავალი მიმართულებით და ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი ლამაზი სიტყვა, ეს რეალობაა," - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ჩვენმა საკალათბურთო ნაკრებმა პირველად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიაში. ხელბურთელთა ნაკრებმა იმდენად კარგად იმუშავა, რომ იანვარში პირველად მოგვეცემა შანსი ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდეთ. ასევე ქალმა მოჭადრაკეებმა 2015 წლის შემდეგ პირველად კვლავ მიპოვეს ოქროს მედლები. ქალბატონი მერი არაბიძე, ჩვენი მოჭადრაკე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში კვლავ გამორჩეულია მსოფლიო დონეზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა პასუხი გასცა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „სპორტსმენები თავისუფლები არ არიან“.

 

 

„მე არ მაქვს უფლება სპორტსმენების სახელით ვისაუბრო, მაგრამ როგორც სპორტის მინისტრი ვიტყვი, რომ მე ვთვლი, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება არის ქართული სპორტის შეურაცხყოფა. მესმის გინდოდეს პოლიტიკური დივიდენდების სახელოვანი სპორტსმენების ხარჯზე მიიღო, რასაც მეც კი არ ვკადრულობ, სპორტის მინისტრი ვარ და ვცდილობ არ ვიკადრო, სულმა არ წამძლიოს, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო ვინმეს მედალი და ვეცადო ისე გამოჩნდეს თითქოს მე მოვიპოვე ეს მედალი. სასაცილო იქნება. ვცდილობ სპორტს შევუქმნა ნეიტრალური და ღირსეული გარემო, რომ კიდევ უფრო მეტი შედეგი დადონ. ვცდილობ ეს ადამიანები არ გამოვიყენო საკუთარი პოლიტიკური რაღაცისთვის და პრეზიდენტმა ეს გადაწყვიტა. იქ თუ ვინმე ისეთი არ გამოცხადდა, ვისაც ის ელოდა, ამის გამო ამ ადამიანებს უსაყვედურო, რომ არ არიან თავისუფლები და თან ჩიტებს დააბრალო ეს ამბავი, ეს პირდაპირ ვიტყვი სამარცხვინოა და ქართული სპორტის შეურაცხყოფაა ჩემს თვალში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

big_banner
არქივი