logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-ს მეგობრობა და დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი წარმატებისათვის!
- +

31 ივლისი. 2017. 23:08

 

 

„ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან", - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისადმი მიძღვნილ სადილზე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სადღეგრძელოს წარმოთქმისას განაცხადა.


„ქართველი ერის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი სტუმრობის დრო - სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. დროის ამ მოკლე მონაკვეთში საქართველო სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან თანამედროვე, ევროპულ დემოკრატიად იქცა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა და დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი წარმატებისათვის. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ამერიკის მადლიერი ვართ, მისი დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო. საგარეო გამოწვევების, სამხედრო და კიბერსაშიშროების მიუხედავად, საქართველოს მონდომება, შეინარჩუნოს საშინაო და რეგიონული მშვიდობა, უცვლელია. აშშ საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ესაა პარტნიორი, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს", - განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, საქართველოს მიზანია, ხელახლა დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში.


„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა მიგვეღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, იქნებოდა ეს ევროკავშირთან შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ თუ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სთან.

 

ვიცე-პრეზიდენტო პენს, მოხარული ვარ, რომ თქვენ აპირებთ მიმართოთ ღირსეული პარტნიორის პროგრამის მონაწილეებს - ჩვენს მამაც ჯარისკაცებს. განსაკუთრებული კავშირები და არნახული თავგანწირვა ჩვენს სამხედრო ძალებს კიდევ უფრო აახლოებს - ისინი ამჟამად მხარდამხარ იბრძვიან ექსტრემიზმის წინააღმდეგ და ეს კავშირები უნდა შევინარჩუნოთ. ყოველდღიურად აღმაფრთოვანებს მათი სიმამაცე და თავგანწირვა, რაც ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და დაცულობის წინაპირობაა. ჩვენს შორის ნამდვილად ძმური კავშირია.

 

ამერიკა ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო და სწორედ ამიტომ ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად.

 

მე პირადადაც მინდა შევასრულო ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მე, ჯერ კიდევ როგორც სტუდენტმა, ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლისას მივიღე.

 

1990-იან წლებში ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლა თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. სწორედ ამ დროს მომეცა შესაძლებლობა, ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტში, როგორც მასკის სტიპენდიატს გამეგრძელებინა. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამა იყო.

 

ამ გამოცდილებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფინანსების სწავლასთან ერთად, ილინოისში გატარებულმა დრომ ამერიკისა და მისი ღირებულებების შესახებ ჩემი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. მახსოვს, ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი გულუხვობა და მეგობრული განწყობა. მათ პირველი დღიდან მიმიღეს საკუთარ ოჯახში და დღემდე ამ დიდი, ამერიკული ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. ამერიკული ოპტიმიზმის შესანიშნავი განცდა სამშობლოში დაბრუნებულს სახელმწიფო სამსახურში არაერთხელ დამხმარებია, რასაც იქ ყოფნის დროს ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს შეგრძნება ყოველდღიურად მეხმარება. ის განუწყვეტლივ მახსენებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინაღობა; რომ ის, რისიც გვწამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სულისკვეთება მახსენებს, რომ მეგობრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო უახლოეს მეგობრებზე მნიშვნელოვანი არაფერია", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ორმხრივ ურთიერთობებს უფრთხილდება.

 

„ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, საქართველო აკვირდებოდა თქვენს ვიზიტს ესტონეთში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სახელით აღნიშნეთ, რომ ამერიკა, პირველ რიგში, არ ნიშნავს მარტო მყოფ ამერიკას - ჩვენ, ქართველები ამ შთამბეჭდავ განცხადებას ვაფასებთ.

 

მეგობრებო, ვიცე-პრეზიდენტო პენს, ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.










 

big_banner
არქივი