logo_geo
კახა კალაძე : თბილისი უნდა ვაქციოთ ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად
- +

26 აგვისტო. 2017. 20:22



ჩვენ თბილისი უნდა ვაქციოთ ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისელები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, აუცილებლად მივლენ არჩევნებზე და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.


„თქვენი პოზიცია, თქვენი ჩართულობა გადამწყვეტია, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია საკუთარი წვლილი შევიტანოთ სიცოცხლით სავსე ქალაქის წინასვლაში", - განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, დღეიდან მისი საარჩევნო შტაბი გახსნილია, იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში და ამ ოფისის კარი მუდმივად ღია იქნება თითოეული თბილისელისთვის.


„ასევე მინდა გითხრათ, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა რაიონში უკვე ფუნქციონირებს ჩვენი საარჩევნო შტაბი, დანიშნულია ხელმძღვანელები და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ საარჩევნო კამპანია", - განაცხადა კალაძემ.


„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, უახლოეს მომავალში ხედვებს და კონკრეტულ მიმართულებებს წარმოადგენს, რომელიც ნაწილი იქნება მისი საარჩევნო პროგრამის.


„ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს მუშაობა", - განაცხადა კალაძემ.


 

big_banner
არქივი