logo_geo
ლევან გოგიჩაიშვილი: პეტრიაშვილი თანამდებობაზე მერაბიშვილის კუდი -მა როგორ მოიყვანა, ყველას გვახსოვს...
- +

29 აგვისტო. 2017. 21:09


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ რკინიგზის ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის ნორმალური დიალოგი უნდა გაიმართოს, რასაც ხელს პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი უშლის. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში გოგიჩაიშვილი  ირაკლი პეტრიაშვილის საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანის უფლება დაცული იყოს და ამის გარანტი ხელისუფლებაა. რკინიგზის ადმინისტრაციასა და იმ თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება მოხდეს, რომლებიც თავიანთ საკითხებს აყენებენ, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამისთვის საჭირო ნორმალური დიალოგია, რასაც ხელს პროფკავშირების ხელმძღვანელი უშლის. მისი მხრიდან ხაზგასმა პოლიტიკურ საკითხებზე ხდება და არა კონკრეტულ დარღვევებზე, სადაც შესაძლებელია ადამიანს განცდა გაუჩნდეს, რომ ვინმეს უფლება დაირღვა. იმის ნაცვლად, რომ პროფკავშირები კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე იყოს, პეტრიაშვილი ამ პროცესს საკუთარი, პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს. თავდაპირველად, პოლიტიკურ სისტემაზე საუბრობდა, 2016 წელს თუ რატომ წააგო არჩევნები", - ამბობს გოგიჩაიშვილი.


დეპუტატის თქმით, პროფკავშირების ხელმძღვანელი ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რაც ისტორიას არ ახსოვს. მათ შორისაა, რკინიგზის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომა.


„პეტრიაშვილი ამ პროცესს საკუთარი მიზნისთვის იყენებს, ეს კი არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. ეს ადამიანი ასეთი მეთოდებით პოლიტიკური დივიდენდის, ან კონკრეტული სარგებლის მიღებას ყოველთვის ცდილობდა. ის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილის  კუდი -მა როგორ მოიყვანა, ყველას გვახსოვს, რადგან ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ შევარდნებს, დელეგატებზე ზეწოლას და ა.შ. მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი არ არის, რომ ბრძოლის ასეთი მეთოდით, შანტაჟით რაღაც სარგებელი მიიღოს.  მას ეს მეთოდი არაერთხელ გამოუყენებია, რაც სწორი არ არის", - ამბობს დეპუტატი.


გოგიჩაიშვილის მოსაზრებით, პეტრიაშვილის მიერ რკინიგზის თანამშრომლების გამოყენება ხდება იმისთვის, რომ მისი კონკრეტული ინტერესები დაკმაყოფილებული იყოს.


„ეს ადამიანი სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკება, აქციის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრისთვის წერილს აგზავნინებს, სადაც პრობლემების გარდა, ყველაფერზე საუბრობს. მგონია, რომ ამ ყველაფერმა ცუდი სახე მიიღო და ამ პროცესებში ამ ადამიანის როლი ძალიან ცუდად ჩანს. იმის ნაცვლად, რომ დიალოგი გაიმართოს და ამ ადამიანების უფლებების დაცვა მოხდეს, პეტრიაშვილი ცდილობს, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. არ ვიცი, ეს რაში სჭირდება. საუბარია იმაზე, რომ მისი არჩევნებია და ცდილობს, თავის დელეგატებს ანახოს, რა მაგარია და მშრომელთა უფლებებს როგორ იცავს. ამ ყველაფრის მიღმა ამ ადამიანის გამოცდილებაც არსებობს, რომ რაღაცით ივაჭროს. მისი როლი ცუდია და ასეთი ინსტიტუტის ხელმძღვანელად ასეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ", - აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.


კითხვაზე - გაფიცულ თანამშრომლებთან რკინიგზის ადმინისტრაცია რატომ არ ცდილობს პირდაპირი დიალოგის წარმართვას და მათი მოთხოვნების მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებას, გოგიჩაიშვილი პასუხობს, რომ ადმინისტრაცია მზადაა, პირდაპირი დიალოგი გამართოს მათთან, ვინც ფიქრობს, რომ მისი უფლებები შელახულია.


„ამ პროცესის დაწყებას ხელს ეს ადამიანი უშლის. როცა დიალოგზე საუბრობ, მაშინ იმის სურვილი არ უნდა გიჩნდებოდეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ძალის გამოყენებით შეიჭრა და პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენო", - დასძინა გოგიჩაიშვილმა. 


 

big_banner
არქივი