logo_geo
მამუკა მდინარაძე „ნაციონალებს“: ადრე, ცოტა პიარში არა გიშავდათ, აქაც რატომ მოისუსტეთ, არ ვიცი
- +

27 სექტემბერი. 2017. 02:17


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა. მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის შეფასება, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა არის უარყოფითი, სიმართლეს არ შეესაბამება.


„როდესაც საუბარია ტყუილზე, მინდა, „ნაციონალურ მოძრაობას" შევახსენო, რომ მთელი ცხოვრება, მათ შორის, როდესაც მმართველობაში იყავით, ქვეყანას ტყუილებით მართავდით. ადრე, ცოტა პიარში არა გიშავდათ მხოლოდ და აქაც რატომ მოისუსტეთ, არ ვიცი. დღეს, რატომ თვლით, რომ ბიძინა ივანიშვილის „მესიჯ-ბოქსში" ხსენება ყოველ მესამე სიტყვაში ხალხს აღიზიანებს, თან თქვენი პირიდან ნათქვამი, ამას ნამდვილად ვერ ვხვდები. მინდა გითხათ, სინამდვილეში რა არის ტყუილი: ტყუილია ის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის უარყოფითი. თქვენ გარდა, მე მგონი, არავის შეუძლია და თქვენთან შემოკრებილ ანტიდასავლურ ძალებს, რომ მათთან ერთად დამსხდარიყავით და პოზიციებში გაერთიანებულიყავით, ოღონდ კი, პროგრესული კონსტიტუციისთვის რამე დარტყმა და ჩრდილი მიგეყენებინათ. თქვენ შეძელით ის, რომ წაგეკითხათ ვენეციის დასკვნა, რომელიც გამოქვეყნებულია და იმაზე გეთქვათ, რომ ეს არის უარყოფითი დასკვნა. ეს კი ტყუილია. თქვენ ასევე შეძელით, რომ დღეს, მთავარ საკითხად დაგეყენებინათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდესაც ეს ეწერა და 2024 წლის ხსენებაც არ იყო კონსტიტუციაში, მაშინ დატოვეთ საკონსტიტუციო კომისია . ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, რომელსაც ეწეოდით მთელი წლების განმავლობაში, რომელსაც აგრძელებთ დღესაც ოპოზიციაში. ამით გინდათ, რომ საზოგადოებაზე მანიპულირება მოახდინოთ, რაც არასდროს გამოგივათ, იმიტომ რომ ერთ მხარეს არის მმართველი გუნდი, ხალხი, რაც გამოჩნდა საყოველთაო-სახალხო განხილვისას, ვენეციის კომისია, ყველა ობიექტური დამკვირვებელი და მეორე მხარეს ხართ თქვენ, იმ ანტიდასავლურ ძალებთან ერთად, რომლებსაც უნდათ, რაიმე დარტყმა მიაყენონ პროგრესულ კონსტიტუციას, ევროპულ კონსტიტუციას, მათ შორის ეროვნულ ინტერესებზე მყარად მორგებულს, სხვა მეტი არაფერი გაინტერესებთ", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისივე თქმით, მმართველი გუნდი მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას შეუწყობს ხელს.


„საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, აუცილებლად მიიღებს ამ კონსტიტუციას, ყველა ცვლილებას აუცილებლად შეიტანს მასში, რაც საჭიროა და რაც ხალხთან, ვენეციის კომისიის ექსპერტებთან კონსენსუსის შედეგად შეიძლება დადგეს. ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც მომავალს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. იცხოვრებთ ტყუილებში და ქართველი ხალხი იცხოვრებს რეალობაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი ჰქვია. ამას გპირდებით, მთელი პასუხისმგებლობით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


 

big_banner
არქივი