logo_geo
განმარტებები აუდიტის დასკვნაზე, ანუ რაშია უდანაშაულო კოტე შარაშენიძე!
- +

16 ოქტომბერი. 2017. 19:14

წინასაარჩევნო ვითარება რეგიონებშიც იძაბება და  გამონაკლისი არც გურიაა.

ოზურგეთში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე.

შარაშენიძე ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2012-2014 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, რომელიც წინასაარჩევნოდ პარტიიდან გარიცხეს. შარაშენიძის პარტიიდან გარიცხვის მიზეზად სახელდება მოსახლების შეცდომაში შეყვანა. შეხვედრებზე დადიოდა და ამბობდა, რომ ქართული ოცნების კანდიდატი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, _ აღნიშნეს პარტიაში. ისიც უნდა აღინიშნოს,რომ მმართველ გუნდს ამ ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები  არ აქვს. ასევე, მედიასაშულებების მხრიდან გავრცელდა შარაშენიძის გამგებლობის პერიოდში ჩატარებული აუდიტის დასკვნის დეტალები და იქვე აღნიშნავენ, რომ კონტროლის პალატა ედავება შარაშენიძეს. თუმცა, კონტროლის პალატის დავასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, ხოლო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ოზურგეთის გამგეობის ფინანსური განყოფილების უფროსი (2012-2013 წლებში) ალექსანდრე ბერიძე აკეთებს შეფასებებს. გთავაზობთ აუდიტის დეტალებს შეფასებებით.

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

მუნიციპალიტეტი გაბერილ თანხებს უხდიდა  შ.პ.ს - ებს და მათი მომსახურება საბაზრო ფასზე გაცილებით მაღალი თანხა უჯდებოდა. ასევე, დასკვნაში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სახელმწიფოს კუთვნილი ავტო-გრეიდერის კერძო კომპანიაზე საკუთრებაში გადაცემა და შემდგომ მისთვის სამუშაოების დაკვეთა ადრინდელზე უფრო ძვირადაც კი.

 

განმარტება #1:

გრეიდერი გადაეცა არა კერძო კომპანიას, არამედ გამგეობის მიერ დაფუძნებულ შ.პ.ს „ტექნოსერვისს“. დასკვნაში არ წერია, რომ სამუშაოები გაძვირდა, არამედ მომსახურეობის გაწევა ხდებოდა საბაზრო ფასით.

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

კითხვები ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით, უფასო სასადილოებთან მიმართებით ბენეფიციარების უკმაყოფილება და შემდგომში ამ მიმართულებით ნაშთის სახით 41 000 ლარის მორჩენა და სხვა.

   აუდიტის დასკვნის მიხედვით, დახარჯული თანხების შესაბამისობა ვერ დგინდება, არ არსებობს ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

   2012-2013 წლები კი ის პერიოდია, როდესაც მოქმედი ხელისუფლება ახალმოსულია ქვეყნის სათავეში. კონსტანტინე შარაშენიძე კი ოზურგეთის   გამგებელის თანამდებობაზე 2012 წლის დეკემბრიდან საქმიანობდა. ბუნებრივია, ასეთ დროს, ანუ მაშინ, როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კანონის შესაძლო დარღვევასთან გვაქვს საქმე, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დგება დღის წესრიგში.

   მეტი კონკრეტულობისთვის, საილუსტრაციოდ მოვიყვანთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არსებული ხარვეზებს, რომელიც 2012-2013 წლების პერიოდს უკავშირდება. მაგალითისთვის, 2013 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის სახსრებით შეიძინა ავტო-გრეიდერი, რომელიც რაიონის ბიუჯეტს 145 000 ლარი დაუჯდა, შემდგომში კი 145 000 ლარიანი გრეიდერი შ.პ.ს „ტექნოსერვისს“ გადაულოცა. აღსანიშნავია, რომ ავტო-გრეიდერის შეძენამდე, იმ სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც საჭიროებდა ავტო-გრეიდერის მომსახურებას, ხელშეკრულების საფუძველზე, საბაზრო ღირებულებით ასრულებდნენ სხვადასხვა შემსრულებლები, შეძენის შემდგომ კი შ.პ.ს „ტექნოსერვისი“, როგორც მეწარმე იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტს მომსახურებას უწევდა ასევე საბაზრო ღირებულებით, რიგ შემთხვევაში კი მანამდე გაწეულ ხარჯებზე უფრო ძვირად.

     ოზურგეთის ბიუჯეტს არანაირი შეღავათი ამ ტექნიკის მომსახურებით არ მიუღია, სოლიდური თანხა კი დაიხარჯა. ეს ფაქტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

 

განმარტება #2:

დიახ - შ.პ.ს „ტექნოსერვისი“ მუნიციპალიტეტს მომსახურებას უწევდა საბაზრო ღირებულებით!!! და ბევრად სწრაფად, ვიდრე დაქირავებულ პირს შეუძლია მომსახურების მოწოდება, რადგან პროცედურების დაცვითი ხელშეკრულების დადებას სჭირდება მინიმუმ 5 დღე, ხოლო ეს ვადა კრიტიკულია, თუ სტიქიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე. ცნობისთვის: 2013 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღინიშნა 7 სტიქიური მოვლენის შემთხვევა...

  

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

2012-2013 წლებში საკრებულოს სხდომების ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯის 342 100 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტმა აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა. „2012-2013 წლებში გაწეულია 342 100 ლარის ხარჯი, მუნიციპალიტეტმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“ - პირდაპირ  წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჯგუფის დასკვნაში, რომელმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა შეისწავლა.

 

განმარტება #3:

საკრებულოს ხარჯების დაგეგმვა და ათვისება არ შედიოდა გამგეობის კომპეტენციაში, შესაბამისად, გამგეობა და გამგებელი არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ხარჯებზე.

     

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

      შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს ემთხვევა მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამის 171 000 ლარით შემცირება. 2012 წლის 372 300 ათასი ლარის ნაცვლად, 2013-ში 170 900 ათას ლარამდე შემცირდა.

 

განმარტება #4:

 

 2012 წლის ბიუჯეტში, მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა განცალკევებულ ხარჯად გაწერილი არ ყოფილა, აღნიშნული პროგრამა ფინანსდებოდა სხვა დახმარებების მუხლით, სადაც ასევე თავმოყრილი იყო სხვა პროგრამებიც, მათ შორის - მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა, უფასო სასადილო, ლტოლვილთა დახმარება და სხვა. რომელთა ჯამური რაოდენობა 2012 წელს შეადგენდა 372 300 ლარს. 2013 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამები გაიყო და მათი ჯამური თანხა იყო არა 170 900 ლარი, არამედ  430 500 ლარი. საერთო ჯამში, სოციალურ პროგრამებში 2013 წელს 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 371 000 ლარით.

  

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

2013 წელს, უფასო სასადილოს მომსახურების 5 პრეტენდენტს უარი ეთქვა ბენეფიციარად აღრიცხვაზე პროგრამის დაფინანსების უკმარისობის გამო და ამ დროს, ოზურგეთის ბიუჯეტს სოციალური პროგრამებიდან ნაშთის სახით 41 300 ლარი მორჩა

   ინფორმაციისთვის: 1 ბენეფიციარზე გათვალისწინებულია დღიურად 1.68 ლარი.

 

განმარტება #5:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არც ერთი თეთრი არ მორჩენია, აღნიშნული თანხა იყო გარდამავალი ნაშთი, მათზე ვალდებულებები იყო აღებული 2013 წელს საგარანტიო წერილების სახით, 31 დეკემბრამდე არ იყო მოწოდებული ვალდებულების შესრულების დოკუმენტაცია და შესაბამისად, ეს თანხა აღინიშნა როგორც 2013 წლის ვალდებულება და ანაზღაურდა 2014 საბიუჯეტო წელს.

 

 

აუდიტის დასკვნის თანახმად, დიდი რაოდენობით გადარიცხულა თანხები ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებზე. ანუ,

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

2012 წელს, კომპანია „მარჯინს“ გადაურიცხეს 820 000 ლარი.

 

განმარტება #6:

არ არის  კონსტანტინე შარაშენიძის პერიოდი!

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

2012 წელს, კომპანია „ნიუვეივის“ გადაურიცხეს 555 700 ლარი.

 

განმარტება #7:

არ არის  კონსტანტინე შარაშენიძის პერიოდი!

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

2012 წელს, შ.პ.ს „სამკუთხედს“ გადაურიცხეს 142 000 ლარი.

 

განმარტება #8:

არ არის  კონსტანტინე შარაშენიძის პერიოდი!

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

2012 წელს, შ.პ.ს „ე.ე.ე“-ს გადაურიცხეს 248 000 ათასი ლარი.

 

განმარტება #9:

არ არის  კონსტანტინე შარაშენიძის პერიოდი!

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

2013 წელს, როცა მერობის დღევანდელი დამოუკიდებელი  კანდიდატი - კონსტანტინე შარაშენიძე მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდა, შ.პ.ს „ბათვანს“ გადაერიცხა 112 000 ლარი, ასევე 2013 წელს შ.პ.ს „სამშენებლო კომპანია გოლდს“ გადაერიცხა 52 000 ლარი. ამ ტრანზაქციების ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები კი, ამავე დასკვნის თანახმად, არ არსებობს.

 

განმარტება #10:

ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის აუცილებელი, თუ ღირებულების დადასტურება ხდება სხვა ალტერნატიული დოკუმენტის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ალტერნატიული დოკუმენტია  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენის შესახებ. აღნიშნული დასკვნა ერთვის 2013-2014 წლებში ანაზღაურებულ ყველა ხელშეკრულებას, რაც მითითებულია დასკვნაში N13 შენიშვნის სახით 24-ე გვერდზე.

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

რამდენადაც ირკვევა, 2012-2013 წლებში ასობით ათასი ლარია ზედმეტად გადახდილი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალებში. მაგალითად: 30 ლარიანი ღორღი შარაშენიძეს 48 ლარად შეუძენია...

 

განმარტება #11:

ღორღი შეძენილია 2012 წელს, არ არის  კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდი!

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

3 ლარიანი ქვიშა-ხრეშოვანი ნაზავი, თითო კუბური მეტრი, 27,37 ლარად არის ნაყიდი.

 

განმარტება #12:

ქვიშა-ხრეშოვანი ნაზავი შეძენილია 2012 წელს, არ არის  კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდი!

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

ამას მოჰყვება 12 ლარიანი ასფალტის 16 ლარად დაგება, 1000 ლარიანი ბიტუმის 1500 ლარად შეძენა.

 

განმარტება #13:

აღნიშნული თანხები ამოღებულია არა ერთ პირთან მოლაპარაკებით დადებული ხელშეკრულებებიდან, არამედ სატენდერო მასალებიდან. აუდიტი მიკერძოებულია, აღნიშნული შეფასებით მან გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას.

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

15 ლარიანი მეტალო-კრამიტის 21 ლარად ყიდვა

 

განმარტება #14:

მეტალო-კრამიტი შეძენილია 2012 წელს, არ არის  კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდი!

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

15 ლარიანი შიფერის 20 ლარად ყიდვა

 

განმარტება #15:

აღნიშნული შიფერი შეძენილია სტიქიური მოვლენების დროს გადახდილი სახურავების სარეაბილიტაციოდ, 2013 წლის მარტში. ამ პერიოდში სტიქიური მოვლენები აღინიშნა მთელი საქართველოს მასშტაბით, გაძლიერდა შიფერის შესყიდვა და ბაზარზე შეიქმნა დეფიციტი, რამაც გამოიწვია ღირებულების გაზრდა.

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

აუდიტის დასკვნაში გამარტივებული წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებზეცაა საუბარი. ასე მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 220 000 ლარის ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. შემდეგ, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტში ჩაწერილი პირობები შეიცვალა და მშენებელს საქმე გაუმარტივა-საჭიდაო დარბაზის ლითონის კონსტრუქციით შემოსვის ნაცვლას, ძველი კონსტრუქცია შეაკეთეს და კედლებზე ქვიშა-ცემენტით შელესვის ნაცვლად თაბაშირ-მუყაო გააკრეს. თაბაშირ-მუყაო ობიექტის ჩაბარების დროს უკვე დამტვრეული იყო, ხოლო სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა, დააზიანა შენობაში დამონტაჟებული „ამსტრონგის ჭერი“

 

განმარტება #16:

აღნიშნული სამუშაო შესრულდა 2012 წელს, არ არის  კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდი!

 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების კიდევ უფრო მეტად გაგრძელება შეიძლება, თუმცა ეს არგუმენტაციაც საკმარისია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიმართ, მათ შორის კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდის მიმართ, სერიოზული ეჭვები და მოსაზრებები გაჩნდეს. იყო თუ არა ეს კორუფცია? დაიხარჯა თუ არა ბიუჯეტის თანხები კონკრეტული პირებისადმი მიზანმიმართულად? იყო თუ არა შარაშენიძის პარტიიდან გაძევება პოლიტიკური ფასი სწორედ ასეთი ფაქტების გამო. აღნიშნული ფაქტები არის თუ არა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან, მათ შორის, 2013-ში შარაშენიძის მხრიდან საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა?

 

   ფაქტი ჯიუტია - აუდიტის დასკვნის თანახმად, ამ წლებში, მთელ რიგ შემთხვევებში, გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს.


განმარტება #17:

 

აბსოლუტურად ყველა ხარჯზე არსებობს სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნა, ამაზე წონადი დოკუმენტი არ არსებობს საქართველოში!

big_banner
არქივი