logo_geo
კახა კალაძე: თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი!
- +

20 ოქტომბერი. 2017. 13:34



„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. კალაძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების" გამარჯვება სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობის საწინდარია.


„ხვალ საქართველოს მასშტაბით იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის უნდა ანდოს საკუთარი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მართვის მომავალი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საარსებო გარემოსა და ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისათვის.

 

მინდა ვთხოვო ყველა ჩემს მხარდამჭერს, ყველა ჩემს თანამებრძოლს: მეგობრებო, ჩვენი ერთად დგომა, არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ რეგიონებსა და საქართველოს, მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის გეგმაზომიერ განვითარებას, ჩვენი შვილების ჯანსაღ და განათლებულ მომავალს, ადამიანების თავისუფლებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მმართველობას. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ სიცოცხლით სავსე ქალაქისა და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას. 21 ოქტომბერს, ყოველი ჩვენგანი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას", თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

big_banner
არქივი