logo_geo
გუგული მაღრაძე: პრეზიდენტის ირიბი წესით 2018 წელსვე არჩევაზე არ გვიმსჯელია
- +

29 ნოემბერი. 2017. 13:32



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე „ქართულ ოცნებაში" მსჯელობა არ ყოფილა.


როგორც დეპუტატმა „აიპრესს" განუცხადა, საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა განაახლა. თუ მოხდება ამ იდეის გაჟღერება, მაშინ ამ საკითხის განხილვა გუნდში მოხდება და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივლენ.


მაღრაძე ემხრობა იდეას, რომ პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტის მიერ იყოს არჩეული.


თავდაპირველად ჩვენ გავუწიეთ ანგარიში იმ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი უფრო ფართო შემადგენლობით იყოს არჩეული, ვიდრე მხოლოდ პარლამენტია. სამოქალაქო სექტორში იყო მოსაზრებები, რომ მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა შესაძლოა პარლამენტის მიმართ მორჩილება გამოხატოს და ა.შ. ამიტომ პრეზიდენტის არჩევის გაფართოებულ შემადგენლობას, ანუ ხმოსნების მიერ არჩევას დავუჭირეთ მხარი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმავე სამოქალაქო საზოგადოებაში განსხვავებული აზრია. იურისტები ამბობენ, გაუგებარია, ვინ არიან ეს ხმოსნები, თვითმმართველობა და ა.შ. მათი განმარტებით, პარლამენტი არჩეულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ მეტი ნდობით სარგებლობს.

 

თავიდანვე სწორი აზრი იყო ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი პარლამენტს აერჩია. სამოქალაქო საზოგადოებისა და იურისტების ნაწილიც იზიარებს ამ აზრს. ასე რომ, ეს აზრები ტრიალებს უმრავლესობაში. ჩვენ უნდა შევჯერდეთ ერთ გარკვეულ აზრზე. ეს მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს. დემოკრატიული საფუძვლიდან გადახვევა არცერთი მექანიზმი არ არის. ვინაიდან ეს აზრი ტრიალებს საზოგადოებაში, ამიტომ ამას ჩვენც კიდევ ერთხელ გადავხედავთ", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.


კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ 2018 წლის არჩევნებზევე არაპირდაპირი წესით აირჩევენ პრეზიდენტს? - მაღრაძე პასუხობს, რომ არა.


„ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ამ არჩევნებზე პრეზიდენტი პირდაპირი წესით იქნება არჩეული. არა მგონია, რამე ცვლილება იყოს ამ მიმართულებით. ამით ანგარიში გავუწიეთ იმ ამომრჩეველს, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა. მოსახლეობას აქვს ასეთი დამოკიდებულება, ისევე როგორც მაჟორიტარებთან მიმართებაში უნდათ, რომ თვითონ იყოს ჩართული ამ პროცესში და მან აირჩიოს. როდესაც პოლიტიკური კულტურა აიწევა და დაინახავს მოსახლეობა, რა ფუნქციები აქვს პრეზიდენტს, მაშინ გადავალთ ამ მოდელზე. ჩვენ ამ გარემოებებსაც ვუწევთ ანგარიშს.

 

კულუარებში სხვადასხვა საკითხზე საუბარი ყოველთვის არის. მერე ხდება განხილვები, მერე შეჯერება. ის, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევამ 2018 წელსვე გადმოიწიოს, ამაზე საუბარი გუნდში ჯერჯერობით არ ყოფილა. ამჟამად სხვა პრობლემებზე გვაქვს საუბარი. ვნახოთ, საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. თუ იქ გაჟღერდა რამე აზრი, შემდეგ ის უმრავლესობაზეც გამოვა", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.


შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის დასახვეწია. თავაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. თავაძის აზრს იზარებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც, რომელიც „აიპრესთან" აცხადებს, რომ ამ თემაზე გუნდში კონსულტაციები იქნება, თუმცა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2024 წლიდან განხორციელდება. დღეს უკვე ეს პოზიცია გაიზიარა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი