logo_geo
რამაზ საყვარელიძე: შს მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნამ გაამართლა
- +

21 დეკემბერი. 2017. 12:18



„გიორგი გახარიას აქცენტები და საქმიანი ტონი მის მიერ დასახელებული რეფორმების შესრულებას რეალურს ხდის", - ამის შესახებ პარლამენტში შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა განუცხადა, ყველაზე მეტ ინტერესს სწორედ გახარიას ფიგურა იწვევდა, რადგან ეკონომისტმა ჩაიბარა სამართალდამცავი უწყების პორტფელი.


„ამიტომ ყველას აინტერესებდა, თუ როგორ წარადგენდა საკუთარ თავს. როგორც ჩანს, მართლაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მისი დანიშვნა მენეჯერული მიზეზებით ახსნეს მთავრობაში და მგონი გადაწყვეტილებამ გაამართლა. იგი გამორჩეული იყო თავისი საქმიანი სტილით. არ უთქვამს პოპულისტური ფრაზები. მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა საზღვრის დაცვაზე, კრიმინალურ პოლიციაზე, ადამიანის უფლებებზე. ამ აქცენტებით და საქმიანი ტონით რეალურია, რომ შესრულდეს ის რეფორმები, რომელზეც გუშინ ისაუბრა", - განაცხადა საყვარელიძემ.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებზე იმ ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც უწყებაში გეგმავს. მთავარ რეფორმებად გახარიამ საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და საზღვრის დაცვის რეფორმა დაასახელა. მათ შორის გახარიამ უწყებაში ადამიანის უფლებების კუთხით ახალი დეპარტამენტის შექმნა დაანონსა. ამასთან, გახარიას თქმით, სამინისტრო აღადგენს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას ყოველთვიურ რეჟიმში.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი