logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი დემოკრატიად!
- +

21 დეკემბერი. 2017. 23:46


ბოლო ორი დღის განმავლობაში პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა.


„ბოლო ორი დღის განმავლობაში მოვისმინეთ განსხვავებული აზრები, არგუმენტები და ეს ყველაფერი დამახასიათებელია დემოკრატიისთვის. ჩვენი ხელისუფლება ვამაყობთ, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს პარლამენტში. თუმცა, ყველა განსხვავება ვერ ჩაითვლება დემოკრატიად. ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, მრავალფეროვანი ტყუილებიც და ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი დემოკრატიად", - განაცხადა სესიაშვილმა.


მისივე თქმით, 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობას" რომ გაემარჯვა, მმართველი გუნდის 20%, ალბათ, ციხეში იჯდებოდა.

 

„გიგა ბოკერიამ ერთხელ თქვა, რომ თქვენსა და ჩვენს შორის არის ფუნდამენტალური განსხვავება და მე მინდა აბსოლუტურად დავეთანხმო. მეტსაც გეტყვით, 2012 წელს, „ნაციონალურ მოძრაობას" რომ გაემარჯვა, აქ განსხვავებული აზრებით კი არ ვილაპარაკებდით, ამ ნაწილის ("ქართული ოცნება") 20% ციხეში იჯდებოდა. ვხედავ ჩემს კოლეგებს, რომლებიც 2012 წლის არჩევნების დღეს საკნებში ისხდნენ. ამ შემთხვევაში თქვენ ისეთივე ერთიანები იქნებოდით, როგორც 2012 წლამდე იყავით, ისეთივე შემართებით დაუკრავდით ტაშს ყველას, ვინც წამებაში, მიტინგების დარბევაში და სხვა უმსგავსობაში იყო ჩართული. ასეთივე შემართებით დააჯილდოვებდა თქვენი ყოფილი პრეზიდენტი იმ პირებს, ვინც ცნობილი მოძალადე იყო და პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ნადირობდა. 2012 წელს იყო ასეთი ღირსეული ოფიცერი მაკარაძე, რომელიც დაიჭირეს იმის გამო, რომ ჩემთან მეგობრობდა და „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერდა. მას კი არ ჩაუდეს, არამედ პირდაპირ ოქმი დაანახეს, რომ თქვენ „ლიმონკა" გქონდათო. თუ იტყოდა, რომ ირაკლი სესიაშვილმა მომცა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ასაფეთქებლადო, მალე გაგიშვებთო. რა თქმა უნდა, ამ კაცმა არ ითანამშრომლა და ის ციხეში აღმოჩნდა იმ პირობებში, რაც ვიდეოებში ვნახეთ. ამ ადამიანმა გუშინ სასამართლო მოიგო და ეს არის ის რეალობა და განსხვავება, რაც არის ჩვენს შორის", - განაცხადა სესიაშვილმა.


მანვე „ევროპული საქართველო" გააკრიტიკა და ყველაზე უნიათო მთავრობა უწოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში.


„ეს დანაშაულები რომ ხდებოდა, როგორც ექცეოდით მედიას, როგორც ატერორებდით ბიზნესს, ეს ყველაფერი იცოდით და ახლა გვეუბნებით არ ვიცოდითო, რადგან არც ერთხელ გიღიარებიათ, თუ არ იცოდით. თუ არ იცოდით ბატონო გიგა, ყველაზე უნიათო მთავრობა ყოფილხართ თქვენ. მთელ ქვეყანაში ხდებოდა ადამიანების წამება, მიტინგებს არბევდნენ, აბა რის მთავრობა იყავით? თუ უნიათობაზე საუბრობთ, პირადად თქვენგან დაიწყეთ, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანი იყავით", - აღნიშნა სესიაშვილმა.


 

big_banner
არქივი