logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: პატრიარქის ეპისტოლეში გაკეთებული აქცენტები, ზოგიერთებმა ისე გაიგეს, როგორც უნდოდათ რომ გაეგოთ
- +

8 იანვარი. 2018. 19:00


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზეა საუბარი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.


როგორც ხუნდაძემ განაცხადა, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში საკმაოდ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა, თუმცა, ზოგიერთებმა ისე გაიგეს, როგორც მათ სურდათ.


„საქართველოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში საკმაოდ მნიშვნელოვანი და სწორი აქცენტები გააკეთა. თუმცა ეპისტოლეში გაკეთებული აქცენტები, ზოგიერთებმა ისე გაიგეს, როგორც უნდოდათ რომ გაეგოთ. ამ შემთხვევაში, ერთ ანდაზას გამოვიყენებდი „მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო"...

 

პატრიარქმა ბრძანა, რომ აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ასევე საუბრობს სარეაბილიტაციო ცენტრების საჭიროებაზე, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე, დემოგრაფიულ კატასტროფასა და სხვა ღონისძიებაზე და მოგვიწოდებს სწორი, კომპლექსური მიდგომისკენ, განსაკუთრებული სიფრთხილისა და წინდახედულებისკენ.

 

ეს არის სწორი ფორმულირება. პატრიარქი ბუნებრივია არ შევიდოდა კანონპროექტის განხილვაში, მაგრამ ასევე ცხადია, რომ უწმინდესი მხარს არ დაუჭერს იმგვარი რეგულაციების შემოღებას, რომლითაც ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არათუ შემცირდება, არამედ, პირიქით, გაიზარდება. ჩვენ ვეთანხმებით, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აშენდეს, დაზუსტდეს საჯარიმო სანქციები, რომ ის უნდა აღწევდეს კონკრეტულ მიზანს. სრულიად ვეთანხმები უწმინდესს და არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, თუმცა, არ უნდა შევუწყოთ ხელი მოხმარების გავრცელებას, რის საშუალებას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ნამდვილად იძლევა. რისკები საკმაოდ მაღალია.

 

პატრიარქი მხარს არასდროს დაუჭერს კანონპროექტში არსებულ რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ნარკოტიკის, თუნდაც მძიმე ნარკოტიკის მცირე დოზით შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნა-საზღვარზე უკანონო შემოტანა ექვემდებარებოდეს 100 ლარამდე ჯარიმას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი). თუნდაც იმას, რომ ადამიანებმა 1 აბი სუბოტექსით იარონ და არავითარი პასუხისმგებლობა დაეკისროთ, არადა, 1 აბი სუბოტექსის ინექციური მოხმარება 8-10 მომხმარებლის ნარკოტიკულ თრობას იწვევს. არასრულწლოვნებთან ერთად, მათი თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი კო მხოლოდ 200 ლარამდე ჯარიმას ექვემდებარებოდეს. ამდაგვარი კანონპროექტი აუცილებლად გამოიწვევს მოხმარების აფეთქებას.

 

მე პატრიარქის ეპისტოლე ზუსტად ისე გავიგე, როგორც ეს პატრიარქმა ბრძანა და ჩვენი ბრძენი უწმინდესი ერის განადგურებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა აფეთქების მხარდამჭერი ვერასდროს იქნება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

big_banner
არქივი