logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად
- +

11 იანვარი. 2018. 10:38


 

„მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - ეს არის ტერორიზმი -  გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.


პრემიერი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.


„რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო.

 

ჩვენმა  სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა - ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

 

მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს.

 

სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.

 

მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი  ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ  აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია.

 

ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი